ვსაუბრობთ BMW-ს ახალ მოდელზე, რომელსაც მეორე სერიის Gran Tourer ეწოდება და მისი პრაქტიკული შესაძლებლობები მართლაც შესანიშნავია: სავარძლების მეორე რიგი სიგრძეში მოძრაობს - გააჩნია, რამდენი სივრცე გჭირდებათ მუხლების წინ და თანაც, საზურგე სამ ნაწილად იყოფა (40:20:40). ამ სავარძლის უკან, სურვილის შემთხვევაში კიდევ ორ დამატებით სავარძელს მიიღებთ, რაც დამატებითი ოფციაა და 790 ევრო ღირს. მესამე რიგის სავარძლები საბარგულის იატაკიდან ამოდის. ამასთან, მეორე და მესამე რიგში ჯამში ბავშვის ხუთი სავარძელი მოთავსდება და ამავდროულად, მძღოლის გვერდით სავარძელზეც შეიძლება ერთის დადგმა. ერთი სიტყვით, მთელ საბავშვო ბაღს წაიყვანთ...




ავტომობილის სიგრძე 4,56 მეტრია და მეორე რიგის სავარძლის საზურგის გადაწევის შემთხვევაში უდიდეს საბარგულს მიიღებთ - 1820-ლიტრიანი მოცულობით. თუ სავარძლების მესამე რიგი არ გაქვთ, საბარგულის მაქსიმალური მოცულობა სულაც 1905 ლიტრი იქნება.
BMW-ს ახალ საოჯახო ვენს სერიულად, უფასოდ მოყვება გასართობი სისტემა ბლუთუზით და 6,5-დუიმიანი ფერადი ეკრანით. ასევე წვიმის სენსორი და ავარიული დამუხრუჭების ასისტენტიც. ნებისმიერ კომპლექტაციაშია სტარტ-სტოპიც.
BMW 2er Gran Tourer ხელმისაწვდომია ბენზინისა და დიზელის ახალი, 3 და 4-ცილინდრიანი ძრავებით (116-დან 192 ცხენის ძალამდე). არჩევანი მშვენიერია გადაცემათა კოლოფებშიც: ხელმისაწვდომია როგორც 6-საფეხურიანი მექანიკა, ასევე ავტომატიკა 6 (3-ცილინდრიან ძრავაზე) ან 8-საფეხურით (4-ცილინდრიან ძრავაზე).


დიზელის ტოპ-ვერსია 2-ლიტრიანი ძრავაა, რომელიც 220d xDrive Gran Tourer-ის სახითაა ხელმისაწვდომი - ანუ, სრული ამძრაობით 4x4-ზე. დიზელის ეკონომიური ვერსია კი (216d) BMW-ს დაპირებით 100 კილომეტრზე საშუალოდ მხოლოდ 4,2 ლიტრ დიზელს მოიხმარს. მოგვიანებით ამ მოდელში ძრავებისა და ამძრაობის სხვა ვერსიებიც გახდება ხელმისაწვდომი.
ახალი BMW 2er Gran Tourer-ის პრემიერა ჟენევის ავტოშოუზე (5-დან 15 მარტამდე) შედგება. გაყიდვები კი ზაფხულში იწყება და სავარაუდო საწყისი ფასი (216i, 100 ცხენის ძალა) 26 000 ევროა. AUTO BILD-მა ეს ავტომობილი უკვე ექსკლუზიურად მოინახულა და მის დეტალურ წარდგენას ჟურნალის ქართული გამოცემის მარტის ნომერში იხილავთ.


