ნება მოგვეცით, წარმოგიდგინოთ: ოჯახი, სახელწოდებით Discovery! ”ლენდ როვერი” მხოლოდ დიდ ყველგანმავლებს როდი აწარმოებს - ამის უახლესი მაგალითი Discovery Sport-ია, რომელმაც Land Rover Freelander ჩაანაცვლა.

ოჯახის ამგვარი დაგეგმარება არახალია. მაგალითად, Range Rover-ის შემთხვევაში ბრიტანელებმა დიდ ”რენჯს” გვერდით მოხდენილი Range Rover Sport და კომპაქტური გასართობი Evoque ამოუყენეს, რომელიც ასევე ძალიან წარმატებული მოდელი გამოვიდა.
ამიტომაცაა, რომ სწორედ Evoque გახლავთ ახალი Discovery Sport-ის ნათლია და, თანაც, არა მარტო დიზაინის კუთხით, არამედ ტექნიკის დიდი ნაწილის თვალსაზრისითაც. ”ლენდ როვერის” ინჟინრები Disco Sport-ში განსაკუთრებით უკანა ხიდით ამაყობენ, რომელიც შესანიშნავი კომფორტის გარანტიაცაა, ავტომობილი მოსალოდნელზე მეტად მანევრულიც გახადა და ბევრ ადგილსაც არ იკავებს.

ინტერიერი ძალიან ტევადია, მაგრამ ცენტრალური კონსოლი სქელია
თითქმის VW Golf Variant-ის სიგრძის მქონე ”ლენდი” სავარძლების სამ რიგს გვთავაზობს. თავად ბრიტანელები 5+2 სავარძლებზე საუბრობენ, რაც დიახაც სწორი დეფინიციაა: სახელდახელო სავარძლებზე მხოლოდ 1,80 მეტრამდე სიმაღლის მქონე მგზავრები მოთავსდებიან და ისიც მოხრილი ფეხებით. ჩვეულებრივი უკანა სავარძელი კი გაწევ-გამოწევადია, საზურგეები მაქსიმალურად მოძრაობს და, ერთი სიტყვით, კომფორტულია.
პირველი გასვლის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ Discovery Sport სასიამოვნო ავტომობილია. დიზელის ძრავა მანქანას მძლავრად მიაქროლებს და ZF-ის შესანიშნავ, 9-საფეხურიან ავტომატიკასთან სრულ ჰარმონიაშია. მოხვევა მსუბუქი, მაგრამ ზუსტია; საერთო ჯამში კი მანქანა რესპექტაბელურ კომფორტსა და, თანამედროვე Haldex-4x4-ამძრაობის მეშვეობით, სრულყოფილ გაწევას გვთავაზობს.

SUV-კლასის ავტომობილების პოპულარობა ხომ უსაზღვროა - დღეს თითქმის ყველა მწარმოებელს ჰყავს SUV, ან აპირებს ასეთი მანქანის გამოშვებას. ახალი Discovery Sport კი ისეთი ტიპების კონკურენტი იქნება, როგორებიც არიან მაგალითად BMW X3 ან Audi Q5.
ჩვენ ეს ავტომობილი თოვლშიც გავტესტეთ. შედეგი: Land Rover Discovery Sport ოჯახის რბილი SUV კი არ არის, არამედ ფაქტობრივად ხეირიანი ოფროუდერია. გამავლობის თვალსაზრისით ჯადოსნური სიტყვა „Terrain Response“ გახლავთ. სვლის ხუთი რეჟიმი (”ნორმალით” დაწყებული, ასევე ”ქვიშა”, ”თოვლი” და ა.შ.) და სრული ტექნიკა ამ ლენდის გამავლობის ნიჭს ანიჭებენ. 21-სანტიმეტრიანი ქვები, 40-გრადუსიანი ფერდობი, 60-სანტიმეტრიანი სიღრმის მქონე წყალი - ეს ყველაფერი ამ ”ლენდისთვის” პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა შედარებით მსუბუქი Evoque-დან აღებული ძრავა ცოტა არ იყოს წვალდება, რადგან მიუხედავად ალუმინის დეტალებისა, მანქანა მაინც 1,8 ტონას იწონის. სამაგიეროდ, ყველა ძრავა (დიზელები 150-დან 190 ცხენის ძალამდე და ბენზინის აგრეგატი 240 ცხენის ძალით) ზედმეტი ხმაურის გარეშე მუშაობს.

დასკვნა
მოხდენილი ვიზუალი და სავარძლების სამი რიგი სიგრძეში 4,60-მეტრიან ავტმობილში - ვერაფერს იტყვი, მშვენიერია. ამას ემატება კომფორტული და მანევრული სვლა, დიზელის მძლავრი ძრავა და ვხვდებით, რატომაც ანერვიულდნენ Land Rover Discovery Sport-ის კონკურენტები.
თომას რიონბერგი
►Land Rover Discovery Sport SD 4
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 2179 სმ3; სიმძლავრე: 140 კვტ (190 ცხ. ძ)/ 3500; ბრუნის მომენტი: 420 ნმ/1750; მაქს. სიჩქარე: 188 კმ/სთ; 0-100 კმ/სთ: 8,9 წამში; ამძრაობა: სრული/9-საფ. ავტომატიკა; ავზი: 65 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4589/1894/1724 მმ; საბარგული: 541-1698 ლ; წონა: 1863 კგ; საწვავის ხარჯი (EU): 6,3 ლ. D/100 კმ; გამონაბოლქვი: 166 გ/კმ; ფასი (EU): 43 350 ევროდან
