”ჩვენი მსოფლიო ავტომობილი” - აი, ამ სლოგანით გამოუშვა ”შევროლემ” 2011 წელს Malibu და ამ მოდელით მსოფლიოს დაპყრობა სურდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ”შევი” საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და მისაღები ფასიც ჰქონდა, თავის კლასში მსოფლიო ბესტსელერი მაინც არ გახდა. 2014 წელს აშშ-ში სულ 188 500 ”მალიბუ” გაიყიდა და ეს მოდელი თავისი სეგმენტის გაყიდვებში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.
ახლა კი, ”შევროლემ” ნიუ იორკის ავტოშოუზე წარმოადგინა განახლებული ”მალიბუ”, რომელიც იმ პლატფორმაზეა აწყობილი, ”ოპელი” მომდევნო Insignia-სთვის რომ გამოიყენებს. ახალ ”მალიბუში” ”შევი” აქცენტს ავტომობილის სრულიად ახალ არქიტექტურაზე აკეთებს, რაც ათი სანტიმეტრით გრძელ ბაზას და, შესაბამისად, ინტერიერში გაცილებით მეტ სივრცეს გულისხმობს.
”მალიბუ” ახლა 1,4 ტონას იწონის და წინამორბედზე 136 კილოგრამით მსუბუქია. ახალი ”შევი მალიბუს” გაყიდვები წლის ბოლოს იწყება. ხელმისაწვდომი იქნება ჰიბრიდიც.