ხარზე ჯირითი ტექსასში ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც კოვბოი და რევოლვერი. შესაბამისად, არ გვიკვირს, BMW-მ ახალი X6 M-ის პრეზენტაცია ტექსასის დედაქალაქ ოსტინში რომ მოაწყო. ბავარიელებმა თავიანთი ახალი 2,3-ტონიანი «ხარის» ტესტ-დრაივი ლეგენდარულ ტრასაზე, Circuit of the Americas-ზე მოგვიწყვეს. პირველი შთაბეჭდილება ასეთია: ვინც ამ ე.წ. Sports Activity Coupe-ზე (SAC) «ჯირითს» დაიწყებს, ავტომობილის წონა მაშინვე დაავიწყდება.

პარადოქსულად კი ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ X6 M თითქმის ისე მარჯვედ და ცქვიტად დადის, როგორც BMW-ს მეხუთე სერია! იმისათვის, რომ ავტომობილი შეძლებისდაგვარად მარდი ყოფილიყო, BMW M GmbH-ს ბიჭებმა ბევრი იფიქრეს, უფრო მეტი იმუშავეს და წინა ხიდზე საკიდარის ორმაგი ბერკეტი განაახლეს. ამასთან, ელექტრონული სტაბილიზირებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. შედეგად მივიღეთ ის, რომ X6 M მოსახვევებში თავისი ზომის, წონისა და კლასის გათვალისწინებით, აბსოლუტურად სრულყოფილად, იდეალურად შედის. ოფციური 21-დუიმიანი დისკებითა და სრული ამძრაობის წყალობით, BMW-ს «ხარი» ინერციას უბრალოდ შანსს არ უტოვებს და 4,4-ლიტრიანი V8-ძრავით აღჭურვილი მანქანა, რომლის სიმძლავრე 575 ცხენის ძალაა, ბრუნის მომენტი კი 750 ნმ, მოსახვევიდან გაწევის სიმძლავრის დაკარვის გარეშე გამოდის.

Launchcontrol-ით 100 კმ/სთ-ს მხოლოდ და მხოლოდ 4,2 წამში ავითარებს, რაც ამხელა მანქანისთვის ნამდვილი სასწაულია. როგორც კი სპიდომეტრის ისარი 250 კმ/სთ-ს მიაღწევს, ელექტროობა X6 M-ს სისწრაფეს უზღუდავს - მეტი, უბრალოდ, არ შეიძლება. BMW-ს «ხარი» თვით შესაძლებლობების ზღვარზეც კი კარგად მართვადი რჩება - სადავეები ხელიდან არ გაგექცევათ, მაგრამ თუ მაინც ვერ განსაზღვრეთ, ადრე თუ გვიან, საქმეში ESP ჩაერთვება და პანიკას აღკვეთავს. სავალი ნაწილის სამი ელექტრონული რეჟიმი (Comfort, Sport und Sport+) რამდენადაც გნებავთ, იმდენად ინფორმატიული იქნება.

თუ BMW-ს ახალი X6 M-ით გადარეულივით არ ირბენთ, 100 კილომეტრზე საშუალოდ 11,1 ლიტრი საწვავით დაკმაყოფილდებაო, - გვეუბნებიან ბავარიელები. ეს, რა თქმა უნდა, ზღაპარია, რომელსაც ბავშვიც კი არ დაიჯერებს. რაც შეეხება ავტომობილის ფასს: იმისათვის, რომ ეს მანქანა იყო, აუცილებელი არაა, ტექსასელი ნავთობ-მაგნატი იყო, მაგრამ ფული კი უნდა გქონდეს. თანაც, ბლომად! ეს გამორჩეული SUV 2015 წლის აპრილიდან გაიყიდება და ევროპაში მინიმუმ 117 700 ევრო ეღირება. მისი შეკვეთა, რა თქმა უნდა, BMW-ს თბილისის ცენტრშიც (ომეგა მოტორსი) შეგიძლიათ.

► ტექნიკური მონაცემები: BMW X6 M
ძრავა: 4,4-ლიტრიანი V8; სიმძლავრე: 423 კვტ (575 ცხ. ძ.) 6500 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 750 ნმ/2200-5000; საწვავის საშუალო ხარჯი (EU): 11,1 ლიტრი 100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 258 გ/კმ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 4,2 წამში; მაქსიმალური სიჩქარე: 250 კმ/სთ

დასკვნა

იდეაში, ასეთი დიდი და გაბერილი SUV არავის სჭირდება და, სავარაუდოდ, სწორედ ამით იზიდავს და აგიჟებს ხალხს ეს მანქანა. ნამდვილად შთამბეჭდავია ის ყველაფერი, რაც BMW M-ის გუნდმა ამ უმძიმეს მანქანას გაუკეთა იმისათვის, რომ X6 სარბოლო სპილოდ გადაექცია. თუკი ბოლოს ნიურბურგრინგის ნორდშლაიფეზე მაგიურ რვაწამიან ზღვარს Porsche Cayenne Turbo S ჩამოცდა, პირველი ტესტ-დრაივის შემდეგ ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ, ბავარიელ ხარსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ ამ ტრასაზე დაფიქსირებული დრო BMW X6 M-ისთვისაც 8 წამზე ნაკლები იყოს. უკვე მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ნიურბურგრინგზე ერთმანეთს ამ სამ მეგა-SUV-ს შევადარებთ - BMW X6 M-ს, Porsche Cayenne Turbo S-სა და Mercedes-AMG GLE 63 S Coupe-ს.
რობინ ჰორნიგი

ასევე დაგაინტერესებთ:
BMW-ს ელექტრომობილით კახეთში
