”იაგუარს” დიდი გეგმები აქვს. ზაფხულიდან გამოდის სრულიად ახალი მოდელი XE, რომლითაც ბრიტანელები უკვე მეორედ მიიტანენ იერიშს საშუალო კლასის გერმანულ სედანებზე და საიმისოდ, რომ გერმანულ პრემიუმ-ტრიოზე შეტევა ამჯერად წარმატებით განხორციელდეს, ”იაგუარის” შეფ-დიზაინერმა იან კალუმმა ახალ სედანს მართლაც შესანიშნავად ”ჩააცვა”. მაშინვე შეატყობთ, რომ XE გვერდიდან ძალიან ჰგავს BMW-ს მესამე სერიას, უფრო დაკვირვებული ავტომოყვარულები კი, კონკრეტულად C-საყრდენის მსგავსებას მიაქცევენ ყურადღებას. ერთი სიტყვით, მსგავსება აშკარა და თვალსაჩინოა, თუმცა ამაზე უკვე არაერთხელ დავწერეთ, ახლა კი სხვა დეტალებს მივაქციოთ ყურადღება.

ტყავი და მასალები ხარისხიანია და კარგადაა დამუშავებული. სერიულ ვერსიაში წითელი გადამრთველი არ იქნება

სავარძლები კომფორტულია, მაგრამ 1,80 მეტრზე მაღალი მგზავრები უკან კომფორტულად ვერ მოთავსდებიან
საერთო ჯამში, Jaguar XE თავისი ზომებით ამ სეგმენტს იდეალურად ერგება. 4,67-მეტრიანი სიგრძითა და 2,84-მეტრიანი ბაზით ეს ავტომობილი BMW-ს მესამე სერიაზე თითქმის 5 სანტიმეტრით გრძელია, Mercedes C-კლასზე კი - 14 მილიმეტრით მოკლე. ავტომობილის მთლიანი სილუეტი ნახტომისთვის მოზადებულ კატას ჰგავს. მართლაც: სახურავის ხაზი უკან უფრო მძლავრად ვარდება, ვიდრე იდენტური კლასის გერმანულ ავტომობილებში. შედეგი: წინ ღრმად და მართლა კარგად ზიხარ, უკან კი - 1,80 მეტრზე მაღალ მგზავრებს კომფორტულად მოთავსება გაუჭირდებათ. დისკომფორტი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თავს ზემოთ სივრცეს ეხება.
სამაგიეროდ, ”იაგუარის” ამ ძარას სხვა სიკეთეები აქვს. რაკი ძარის 75 პროცენტი ალუმინისაა, მარტო ძარა მხოლოდ და მხოლოდ 342 კილოგრამს იწონის და აქვე ვთქვათ, რომ ამდენ მსუბუქ მეტალს ამ კლასში სხვა ვერცერთი ავტომწარმოებლის ქმნილებაში ვერ შეხვდებით. ასე და ამგვარად, Jaguar XE-ს საბაზო მოდელი (დიზელის 2-ლიტრიანი ძრავით, 163 ცხენის ძალით) საერთო ჯამში 1400 კილოგრამია. შედარებისთვის: Mercedes C 220 BlueTec ჯამში 1475 კილოგრამს იწონის.

მცირე წონა ავტომობილს ეკონომიურობაში ეხმარება. ოფიციალურ მონაცემებში ვკითხულობთ, რომ ამგვარად მოტორიზებული XE-ს საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე ოდენ 3,8 ლიტრი დიზელია, გამონაბოლქვი კი - 99 გრამი CO2 კილომეტრზე. ოღონდ, ეს მონაცემები 6-საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს ეხება. აქვე ვთქვათ, რომ ZF-ის შესანიშნავი, 8-საფეხურიანი ავტომატიკა ფასიანი ოფციაა, დიზელის ძრავასთან კომბინაციაში 2500 ევრო ღირს და მისი საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 4,1 ლიტრია. საინტერესო სიახლეა ე.წ. ASPC-სისტემა, რომელიც გზის ნებისმიერ ზედაპირზე უკანა ბორბლების ოპტიმალურ გაწევას უზრუნველყოფს.
რა გასაკვირია, რომ ნაკლები წონა სვლის დინამიკის თვალსაზრისითაც მისწრებაა. ასეა: ვისაც პრემიუმ-ლიგაში თამაში და წარმატების მიღწევა უნდა, გერმანული კონკურენტების დამარცხებას მათივე იარაღით უნდა ეცადოს. მაგალითად, BMW-ს მესამე სერიას კონკურენცია სვლის დინამიკური მანერით და ზოგადად კარგი მანევრულობით უნდა გაუწიოს. პირველი შთაბეჭდილება: ბრიტანელებმა ყველაფერი სწორად გააკეთეს. ყოველ შემთხვევაში, ასე გვიჩვენებს 180 ცხენის ძალის მქონე ტურბოდიზელ-ვერსია, რომელიც ჩვენ გავტესტეთ. ”იაგუარში” განთავსებული პირველი ელექტრომექანიკური მოხვევის სისტემა მშვენივრად პირდაპირი და საკმარისად ინფორმატიულია.

უკანა ამძრაობის მქონე XE მსუბუქი ძარითა და სავალი ნაწილით სოლიდურად დადის
”იაგუარის” ნომერ პირველი მოტივაცია ის არის, რომ გერმანელ კონკურენტებს კლიენტები გერმანიაშივე წაართვას და საამისოდ ბრიტანელები არაფერს იშურებენ: მაგალითად, გერმანელ კლიენტებს სთავაზობენ 3-წლიან გარანტიას შეუზღუდავი გარბენით და თანაც, 60 000 კილომეტრის გავლამდე ყველა გეგმიური სერვისის ღირებულება ავტომობილის ფასში შედის. ფასში, რომელიც 36 450 ევროდან იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ”იაგუარი” ამ მოდელით პირდაპირ BMW-ს უმიზნებს. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან.
დასკვნა
დინამიკური, როგორც BMW-ს მესამე სერია; კომფორტული, როგორც Mercedes C-კლასი; ხარისხიანი, როგორც Audi A4? ფაქტი ის არის, რომ Jaguar XE გერმანულ პრემიუმ-ტრიოსთან ძალიან ახლოსაა. მთავარია, გერმანელები ავტომატიკის მრგვალ ღილაკს შეეგუონ...
მიხაელ იგენა

საბაზო დიზელის საწავავის საშუალო ხარჯი ოფიციალური დაპირებით 100 კილომეტრზე 3,8 ლიტრია.
ასევე დაგაინტერესებთ:
იაგუარი ელექტრო-SUV-საც გამოუშვებს?
