ინგლისის დასავლეთში, დიდი ხნის მიტოვებული მეტროს ერთ-ერთ შახტაში ათწლეულებია, ავტო-ანტიკვარებია ჩამარხული . ამ ყველასაგან დავიწყებულ კატაკომბებში ერთადერთი სულიერი დაიარება - ნაიჯელი, ჩვენი ახალი ნაცნობი, რომელმაც ეს განძი აღმოგვაჩენინა
რას ვხედავ? ლურჯ ფორმაში გამოწყობილი ნაიჯელი, ჩამოკიდებული ჯიბის ფანრით მოლანდებასავით დგას. სველი კედლები, ჭერიდან დამთრგუნველად წვეთავს. დატბორილი, გუბეებით მორთული მიწა. ნაგავი, ჯართი.
შუქის სხივი Humber Hawk-ის მინათმწმენდს ეცემა - მანქანას, რომელიც მოჩვენებასავით შემოგვცქერის. საშინელებათა ფილმში გადასაღები სავარძელი, შუშის ნამსხვრევები, ნაწლავებივით ამოყრილი და აბურდული ელექტროსადენები.
”ჰამბერ! - ყვირის ნაიჯელი, - ჰამბერ, აქ ხარ?” ისე მიმართავს, თითქოს ადამიანს ესაუბრებოდეს და მერე, დასტურად ამ შორისდებულს გამოსცემს: ” Yeah! აქ არის. სად წავიდოდა?”
ლივერპულის ანდერგრაუნდის გმირები: Morris Minor, რომელიც 1971 წლამდე იწარმოებოდა და რომელიც ბრიტანული კლასიკაა. მის უკან კი მეორე თაობის Honda Civic დგას
კატაკომბებში გზას ვაგრძელებთ და რამდენიმე ასეული მეტრის იქეთ, გვირაბის ბოლოს დღის სინათლესაც ვხედავთ. და ისევ მანქანა: ათლწეულების წინ, კაციშვილმა არ იცის, ვის მიერ დაყენებული, მაგრამ მართლა მანქანა - Fiat 130 Coupe. ნაიჯელი ჩემსკენ ტრიალდება, ჩაფხუტიდან თმა მოუჩანს, ძველი ”ფიატის” კაპოტზე აკაკუნებს და ამაყად მეუბნება: ”დიდი ხანია, ძალიან დიდი ხანია, აქ ჩემს გარდა არავინ ყოფილა.”
მნიშვნელობა არა აქვს, ზაფხული იქნება, თუ ზამთარი - გვირაბის შუაში ყოველთვის 12 გრადუსია. ამასაც ნაიჯელ ვილს-ბრაუნი მეუბნება. ახლობლები და მეგობრები მას Nigel the Mole-ს ეძახიან - ”ნაიჯელ თხუნელას”. იმიტომ, რომ ათწლეულების მანძილზე მიწისქვეშეთში მუშაობდა. სწორედ ამ გვირაბში, რომელიც თავის დროზე მეტროს შახტა იყო. 1896 წელს Liverpool Overhead Railway-სთვის 800-მეტრიანი გვირაბი ააშენეს, რომელიც უბან Dingle-დან River Mersey-სკენ გადიოდა.
ნაიჯელ ვილს-ბრაუნი
1956 წლის ბოლოს რკინიგზის ეს ხაზი ლივერპულში ზედმეტად ხარჯიანად მიიჩნიეს და გვირაბში ლიანდაგები აყარეს. ამის შემდეგ ეს ადგილი ცოტა ხნით ”რეპერბანად” გადაიქცა - სასმელი, ნარკოტიკები, სექსი. 1975 წელს ეს გვირაბი ავტომობილების შემკეთებელმა ფირმამ, Roscoe Engineering-მა შეიძინა და გვირაბში სერვის-ცენტრი მოაწყო. ფირმის მფლობელები ნაიჯელ ვილს-ბრაუნი და მისი ძმაკაცი ტერი რობინსონი იყვნენ. მათ აქ თავიანთი და კლიენტების ავტომობილები დააყენეს. ”გადიოდა წლები, - მეუბნება ნაიჯელი და მხარზე ხელს მირტყამს, - და ავტომობილების რაოდენობა უფრო და უფრო მატულობდა.
კიდევ ერთი ”ფიატი”: Fiat 124 Sport ნაწილობრივ გაუბედურებული და ნაწილობრივ კარგად შემონახული კოკპიტით
...და ერთ არცთუ მშვენიერ დღეს ფარდა დაეშვა...
ახლა კი რას ვხედავ?
ნაიჯელის ჩრდილი ყვითელ Mini GT-ზე. ჩემი მეგზური შემოტრიალდა და მეუბნება: ”ეს მანქანა ერთ მღვდელს ეკუთვნოდა. ჩვენს კატაკომბებში 1978 წელს ჩამოიყვანა, დატოვა და მას მერე აღარ მოუკითხავს.” ვხედავ, როგორ აგრძელებს ნაიჯელი გზას და იგნორირებას უკეთებს ჩემს კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლებოდა მღვდელი ასე მოქცეულიყო. რაღაც ხმა მესმის - ვირთხაა?
ნაიჯელი სადღაც მიიმალა, სიბნელეში შევარდა და იქიდან მიყვირის: ”მოდი, ერთი ამას შეხედე! Morris Minor!” მართლაც! ოდნავ გახსნილი კაპოტით და კარგა გვარიანად გაღებული კარით. ”გუშინდელივით მახსოვს, როგორ შემოგორდა აქ ეს მანქანა. დიახ, თავისი ხიდებით მოვიდა! მფლობელმა გვითხრა, ცოტა ხნით დამაყენებინეთ და ვალში არ დაგრჩებითო. აზრზე არ ვარ, რა მოუვიდა იმ კაცს, ფაქტი ის არის, რომ მას მერე აღარ მინახავს.”
ეს ყვითელი Mini GT უკვე ათწლეულებია, ამაოდ ელოდება თავის პატრონს - მღვდელს, რომელმაც ეს მანქანა გვირაბში 1978 წლის ერთ მშვენიერ დღეს ჩამოიყვანა და მას მერე აღარ გამოჩენილა
თვალები ღია დარჩა: Lotus Elite-ს ნაჭერი აქვს გადაფარებული და ამიტომაცაა სხვებთან შედარებით უკეთესად შემონახული
რამდენიმე ნაბიჯში Rover P5 დგას, რომელიც, ნაიჯელის თქმით, თურმე ვიღაც ახალი ზელანდიელის იყო. გვირაბის მეორე კედელთან კი AMC Pacer აყენია, რომელიც მფლობელს თავის დროზე ბეჯითად ემსახურებოდა. ნაიჯელი ჩემს მზერას Lotus Elite-სკენ ექაჩება, ამოსაწევი ფარები გახსნილია, ყავისფერ საღებავზე კი ლურჯი ფერის ნაჭერი აქვს გადაფარებული.
ვხედავ, როგორ ეცემა ჭერიდან წამოსული წვეთები ნაიჯელის ჩაფხუტს, ის კი მეუბნება: ”სუფთა წყაროს წყალია, შეგიძლია დალიო.”
რკინიგზის სადგურის შესასვლელი: ზემოთ წერია ”LORY”, ქვემოთ - ”1896”
დრომ მას თავისი ხელი დაატყო: Humber Hawk, რომელიც 1967 წლამდე იწარმოებოდა და ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი იყო ზედა საშუალო კლასში
გვირაბის დასავლეთი მხარის გასასვლელში გალავანია აშენებული, რაც გამორიცხავს იმას, რომ ვინმეს თავში ბოროტი აზრები არ მოუვიდეს და აქ შემოჭრა არც კი სცადოს. აღმოსავლეთ შესასვლელში კი, სადაც ადრე Dingle-ის რკინიგზის სადგური იყო, შესასვლელი ორი კარითაა დაცული. წინა კარს შავი საპოხი უსვია - იმისათვის, რომ ცნობისმოყვარე ცელქი ბავშვები არ გადმოძვრნენ. საქმე ისაა, რომ გვირაბში ჩასასვლელი არცთუ უხიფათოა.
2012 წლის 24 ივლისს, 11 საათსა და 30 წუთზე გვირაბში სახურავის ერთი ნაწილი ჩამოინგრა. უბრალოდ ჩამოვარდა. თავისი დრო მოჭამა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. თუმცა, მეტროს გვირაბის თავზე რამდენიმე მაცხოვრებელის ევაკუირება მაინც გახდა საჭირო. ამის შემდეგ Roscoe Engineering-ის კარი დაიკეტა და მუშაობა შეწყდა. ამ დროისთვის სახურავი უკვე გამაგრებულია და ადამიანები, რომლებიც ზემოთ ცხოვრობდნენ, თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, არაფერი იციან იმის შესახებ, რომ პირდაპირ ლივერპულის საიდუმლო ავტო-განძეულის თავზე ცხოვრობენ.
Rover P5, იწარმოებოდა 1958-დან 1973 წლამდე: ნაიჯელმაც კი არ იცის, ვინ დააწერა ამ მანქანას კაპოტზე სიტყვები ”Die 1:03 pm” (გარდაიცვალა 12:03 საათზე)
ძველი, კარგი დროიდან შემორჩენილი წარწერა: ”Roscoe Engineering გთხოვთ, ფრთხილად და უხმაუროდ იმოძრაოთ გვირაბში”
მათ ქვემოთ, 20 მეტრის სიღრმეში, ახლა 69 წლის ნაიჯელ ვილს-ბრაუნი დააბოტებს და თბილად ესალმება თეთრ Fiat 124 Sport-ს, რომელიც აქ 1992 წლიდან ჟანგდება. მის უკან ერთი Honda Civic და ერთიც Hillman Avenger დგას. ასევე Triumph Vitesse და ის, რაც Lotus Elan-ისგან დარჩა. ეს-ესაა, მე და ნაიჯელმა Roscoe Engineering-ის ოფისის განყოფილებას მივაკვლიეთ - თითოეული კაბინეტი თავის ისტორიას ინახავს. ამ დროს ნაიჯელი მეუბნება, რომ ადრე რალის მსოფლიოს ჩემპიონატის მექანიკოსი იყო. ჯერ ”ფორდში” მუშაობდა, მერე ”მიცუბიშიში” - კარგი დრო იყოო, ეღიმება ნაიჯელს. სწორედ მაშინ მოიარა მთელი მსოფლიო და რა გასაკვირია, რომ იმ დროის თავისი ცხოვრების საუკეთესო პერიოდად მიიჩნევს. მერე კი, რატომღაც თავისი ნება-სურვილით გადაინაცვლა ანდერგრაუნდში.
ახლა კი ამ განძეულის ერთადერთი მეთვალყურეა. პატრონობს და ელაპარაკება ათწლეულების წინ მიტოვებულ მანქანებს, რომლებიც აქ, ლივერპულის მიწისქვეშეთში ჟანგდებიან. აქაურობა იმ მუზეუმს ჰგავს, ედგარ უოლასის ფილმიდან რომ ვიცნობთ: ”ლივერპულის მკვდარი ავტომობილები.”
Hillman Avenger Estate და მის უკან 124 Sport
მაინც რა ელის მომავალში ამ გვირაბს და ამ ანტიკვარებს? ”უნდა გაიყიდოს,” - ამბობს ნაიჯელი. დაზღვევა უკვე შეუძლებელია, ასე რომ, უნდა გაიყიდოს. მას და მის პარტტნიორს სულ 200 000 ფუნტის აღება უნდათ. ”კი, მაგრამ ამდენ ფულს ვინ გადაიხდის?” - ვეკითხები გულმოსული. ”ვინც გადაიხდის, Pacer-ს ვაჩუქებთ!” - მპასუხობს ნაიჯელი და ისე გულიანად იცინის, რომ ხველება-ცემინებაში გადასდის. წამით ეჭვი მიჩნდება, რომ აქ რამდენიმე მანქანა შეიძლება მოპარულიც კი იყოს. ნაიჯელმა ხმაურიანად ამოახველა, ჯიბის ფანარი იარაღივით დამიმიზნა და გაბრაზებული ტონით მეუბნება: ”No way!”
ვუყურებ თხუნელა ნაიჯელს, რომელიც ჩემთან ერთად მიაბოტებს გასასვლელისკენ. დღის სინათლეს ვუახლოვდებით - ზემოთ ლივერპულია, კედლსტოუნ სთრითი. უკანა გზა უსიტყვოდ გამოვიარეთ, დამშვიდობებისას კი ხელი გამომიწოდა და მეუბნება: ”ყველაზე მაგარი მაინც ის Fiat 130 Coupe-ა. ვიღაც უნდა ვიპოვოთ - განა კარგი არ იქნებოდა, რომ ეს მანქანა ისეთი კაცის ხელში მოხვდეს, ვინც მასზე მზრუნველობის უფლების მოპოვებას იმსახურებს?”
ჰაუკე შრიბერი
შესვლა აკრძალულია: AUTO BILD-ის რეპორტიორი ჰაუკე შრიბერი კარის წინ ორი დღე ამაოდ იცდიდა, მერე კი ”თხუნელა” ნაიჯელ ვილს-ბრაუნი მოვიდა და ჩაფხუტი და ჯიბის ფანარი მოიტანა