ძველი გერმანული ანდაზა გვეუბნება, სუპს, რომელსაც თავად მოხარშავ, უნდა შეხვრიპო კიდეცო. იცით, რატომ გამახსენდა ეს ანდაზა? რამდენიმე კვირის წინ ”პორშემ” გამოაცხადა, შარშან 189 849 სპორტქარი გავყიდეთო და მეც, AUTO BILD-ის ავტორმა, პირი დავაღე: სპორტქარი? 189 849 სპორტქარი?
ამ 189 849-დან თითქმის 135 000 Porsche Cayenne, Porsche Macan და Porsche Panamera იყო. ანუ, ორი SUV და ერთიც გრძელი სედანი. ამ სტატისტიკის გადამოწმების შემდეგ ”პორშეს” შესაბამისი წერილი გავუგზავნე. როგორც აღმოჩნდა, ცუფენგჰაუზენელებს ოდნავადაც არ ეხუმრებოდათ და სპორტქარების დიდ ტესტ-დრაივზე დამპატიჟეს, რომელიც ესპანეთის სამხრეთში, Ascari Race Resort-ში გავმართეთ. ეს კი ისეთი ადგილი და ისეთი ტრეკია, სადაც ტყუილ-მართალს გრძნობებითა და შთაბეჭდილებებით კი არ გაარჩევ, არამედ პირდაპირ წრიულ რბოლაში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს, ანუ, ციფრებს ალაპარაკებ. იმისათვის, რომ ამ ოთხ ”პორშეს” შორის შედარებადობა დაცული ყოფილიყო, ოთხივე უმძაფრესი, GTS-ვერსიების სახით წავიყვანეთ, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებიან საწყის და GT-მოდელებს. ”პორშეს” GTS-ვერსიები ავტოდრომზე, საუკეთესო შემთხვევაში სწორედ ასეთ ტრეკზე უნდა გატესტო.
ოჯახის გასეირნება ესპანეთის სამხრეთში: ოთხი GTS-მოდელი Ascari Race Resort-ში. აქვე ვთქვათ, რომ Macan GTS 2016 წლიდან გამოდის
მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და დავიწყოთ, რაღა თქმა უნდა, ”პორშეს” უპირველესი და უმთავრესი სპორტქარით, მანქანით, რომელიც თავისი კლასის აბსოლუტური მასშტაბია: ლეგენდარული 911. უფრო დეტალურად: 911 Carrera 4 GTS. ბოქსებში დგას ყველაზე დინამიკური და ყველაზე ნავარჯიშები ცხენი ”პორშეს” საჯინიბოდან. უკან ჩადგმული 6-ცილინდრიანი ბოქსერი თავის საქმეს შესაბამისად უდგება. სრული ამძრაობის დამსახურებით, ამ 911-ს ტრეკზე გაწევის მცირეოდენი პრობლემაც კი არ ექმნება, 430-ცხენისძალიანი ატმოსფერული ძრავა ამ ”პორშეს” 100 კმ/სთ-მდე 4 წამში აჩქარებს. თუმცა მისი მთავარი გამოწვევა მაინც მოსახვევებია, რომლებსაც დაუჯერებლად სრულყოფილად ყლაპავს. თუმცა ეს ყველაფერი ისედაც იცით და, რაც შეეხება წამმზომზე დაფიქსირებულ დროს: თითქმის ხუთნახევარი კილომეტრიან მონაკვეთზე 2:30,135 წუთი დავაფიქსირეთ. ეს ისეთი დროა, როგორსაც ვერცერთი სხვა, ყოველდღიურობისთვის იდენტურად მომზადებული სპორტქარი ვერ დააფიქსირებს.
CARRERA 4 GTS - 2:30,135
ძრავა: 6-ცილინდრიანი Boxer; მოცულობა: 3800 სმ3; სიმძლავრე: 316 კვტ (430 ცხ. ძ) 7500 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 440 ნმ/5750; მაქს. სიჩქარე: 302 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 4,0 წამში; წონა: 1565 კგ; საწვავის ხარჯი (EU, შერეული): 9,1 ლ. SP/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 212 გ/კმ; ფასი: 124 689 ევრო
საამისოდ კარგი კანდიდატი ისევ და ისევ ”პორშე” თუ იქნება - სახელდობრ, Cayman GTS. რატომ? იმიტომ, რომ 110 კილოგრამით მსუბუქია, რითაც 90 ცხენის ძალით ნაკლებ სიმძლავრეს აკომპენსირებს. და მართლაც: Cayman პირველივე მოსახვევში გვაგონებს 911-ს - ოღონდ, იმ 911-ს, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დაქროდა. ფაქტია, რომ მართვადობისა და დინამიკურობის თვალსაზრისით, 911-თან ყველაზე ახოს სწორედ ”კაიმანია” და რაც მას 911-თან შედარებით აკლია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გაწევა. მართალია, ცენტრალიზებული ძრავა მოსახვევებში თითქმის შემაშფოთებელ სისწრაფეს უზრუნველყოფს, მაგრამ Cayman მაინც არაა აქ ისეთი ნეიტრალური, როგორც 911. აი, ამიტომაც დაკარგა მან დაფიქსირებულ დროში მთელი ორი წამი 911-ის მიერ დაფიქსირებულ დროსთან შედარებით. თუმცა მისი შედეგი მაინც გადასარევია და ერთ რამეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს: სულაც არაა აუცილებელი, რომ როცა წმინდა წყლის ”პორშეს” მართვა გინდა, ყოველთვის მაინცდამაინც 911 უნდა აიღო. გახსოვდეთ, რომ არსებობს Cayman GTS.
CAYMAN GTS - 2:32,284
ძრავა: 6-ცილინდრიანი Boxer; მოცულობა: 3436 სმ3; სიმძლავრე: 250 კვტ (340 ცხ. ძ) 7400 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 380 ნმ/4750; მაქს. სიჩქარე: 283 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 4,6 წამში; წონა: 1450 კგ; საწვავის ხარჯი (EU, შერეული) 8,2 ლ. SP/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 190 გ/კმ; ფასი: 73 757 ევრო
ერთი სიტყვით, საშინაო დავალებები შესრულებულია, ახლა კი ვითარება უნდა დაიძაბოს. როგორი იქნება Panamera-ს შედეგი ამ ტრეკზე? რაც უნდა იყოს, ეს სედანი ხომ 2 ტონას იწონის?! ჯდომის პოზიცია ნაღდად ტიპურ პორშულია. მანქანაში ღრმად ინტეგრირებული, სპორტულ საჭეს მაგრად ვიჭერ. პირველივე მოსახვევში ვგრძნობ ”პანამერას” წონას. ეს განსაკუთრებით მოსახვევიდან გამოსვლისას იგრძნობა - 911-სა და Cayman-ზე საგრძნობლად ნელია. თუმცა ეს მხოლოდ მედლის პირველი მხარეა, რადგან რამდენიმე წრის შემდეგ ვრწმუნდები: ეს მანქანაც შეგიძლია მართო სპორტქარივით, აქსელერაციის სატერფულით, საჭის თითოეულ მცირე მოძრაობაზე უმძაფრესი რეფლექსებით რეაგირებს და თავის ველური 8-ცილინდრიანით ცხადად შთამბეჭდავი ტიპია. საბოლოო ჯამში, Panamera თითქმის წამნახევრით ნაკლებია Cayman-ზე და გაცილებით სწრაფია, ვიდრე ამ კლასის სხვა რომელიმე სედანი.
PANAMERA GTS - 2:33,677
ძრავა: V8; მოცულობა: 4806 სმ3; სიმძლავრე: 324 კვტ (440 ცხ. ძ) 6700 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 520 ნმ/3500; მაქს. სიჩქარე: 288 კმ/სთ; აჩქარება: 0-100 კმ/სთ: 4,4 წამშო; წონა: 2000 კგ; საწვავის ხარჯი (EU, შერეული): 10,7 ლ. SP/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 249 გ/კმ; ფასი: 124 689 ევრო
”კაიენიღა” დაგვრჩა. ”პორშეს” ყველაზე გაყიდვადი მოდელი. და ისიც ვთქვათ, რომ Cayenne-ის მფლობელთა აბსოლუტური უმრავლესიბა ავტოდრომზე და ტრეკზე არ დადის. რა გასაკვირია, რომ ეს დიდი SUV უფრო ტლანქი და მოუქნელია, ვიდრე ”პანამერა”. მიუხედავად ამისა, ”კაიენით” ტრეკზე ჯირითი მაინც თავისებური სიამოვნებაა. ამხელა SUV-ის კვალობაზე Porsche Cayenne გასაოცრად სპორტულად დადის, რაშიც მის მიერ დაფიქსირებული დროც დაგარწმუნებთ: 2:37,156 წუთი.
CAYENNE GTS 2:37,156
ძრავა: V6-Biturbo; მოცულობა: 3604 სმ3; სიმძლავრე: 324 კვტ (440 ცხ. ძ) 6000 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 600 ნმ/1600; მაქს. სიჩქარე: 262 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 5,1 წამში; წონა: 2185 კგ; საწვავის ხარჯი (EU, შერეული): 9,8 ლ. SP/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 228 გ/კმ; ფასი: 98 152 ევრო
ჩვენი საბოლოო შთაბეჭდილება კი ასეთია: ”კაიენი” და ”პანამერა” ნამდვილი სპორტქარები არ არიან, მაგრამ თავისნაირების გვერდით ისინიც სპორტულობის მასშტაბებს ამკვიდრებენ და თანაც, ერთობ პორშულად დადიან.
ან, სხვანაირად რომ ვთქვათ: ცუფენჰაუზენელებმა სუპი მოხარშეს და ჭამენ კიდეც. თანაც, გემრიელად.
დასკვნა
”პორშე” ”კაიენსა” და ”პანამერასაც” სპორტქარებს უწოდებს. ტრეკზე ნაჩვენებმა დროებმა კი გვიჩვენა, რომ ისინი სპორტქარები არ არიან - დაახლოებით მსგავსი სიმძლავრის მქონე 911-თან 3,5-წამიანი და 7-წამიანი განსხვავება ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. თუმცა ”პანამერაც” და ”კაიენიც” თავიანთ ნებისმიერ კონკურენტზე გაცილებით მეტად არიან სპორქარობასთან ახლოს.
შტეფან ფოსვინკელი
”სპორტქარს ჩემთვის 2 კარი აქვს, კომპაქტურია და მსუბუქი!” – AUTO BILD-ის ტესტ-რედაქტორი შტეფან ფოსვინკელი
პატარა ნიურბურგრინგი
Ascari Race Resort შესანიშნავი სპორტული ტრეკია, რომელიც 2003 წელს გაიხსნა და ესპანეთში, მალაგასა და რონდას შორის მდებარეობს, სახელი კი იტალიელი ავტომრბოლის, ალბერტო ასკარის პატივსაცემად დაარქვეს. ეს არის მართლაც ძალიან გამომწვევი ტრასა 26 მოსახვევით (13 მარჯვნივ, 13 მარცხნივ), სადაც ზუსტად გაიგებ, რას წარმოადგენს ავტომობილის სავალი ნაწილი და მოხვევის სისტემა. თამამად ვიტყვით, რომ ეს ტრეკი ნიურბურგრინგის ”ნორდშლაიფეს” გვაგონებს - უბრალოდ, პატარაა.ტრეკის სიგრძე: 5425 მ. მოსახვევების რაოდენობა: 26;
იხილეთ გალერეა:
სპორტქარები 1000-ზე მეტი ცხენის ძალით