RULE, BRITANNIA! იბატონე, ბრიტანეთო! მარტივი და გასაგები ბრძანებაა, რომელსაც Range Rover Sport SVR ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს. უბრალოდ, ეს ავტომობილი მასებზე კი არ ბატონობს, როგორც ბრიტანელების არაოფიციალურ ჰიმნშია, არამედ გზებზე!
ამგვარი ბრძანების შესრულებაში კი მას გაუმჯობესებული 5-ლიტრიანი და კომპრესორიანი V8-ძრავა ეხმარება. ძალაუფლების დემონსტრირების უმთავრესი ინსტრუმენტები კი 550-ცხენისძალიანი სიმძლავრე, 680-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტი და ისეთი ჯოჯოხეთური ხმაა, როგორსაც მხოლოდ სარბოლო ტრეკზე თუ გაიგონებთ.
სამეფო კოკპიტზე უმაღლესი ხარისხის ტყავი ბატონობს
აღსანიშნავია სრული ამძრაობის ძალიან ჭკვიანური სისტემა და ოფციური, 22-დუიმიანი დისკებიც 295/40-იანი საბურავებით (3000 ევრო), რომელთა მეშვეობით, ზემოთ ხსენებული სიმძლავრე თითქმის უდანაკარგოდ გამოიყენება. 4,7 წამი და 2,4-ტონიანი ”რენჯის” სპიდომეტრი უკვე 100 კმ/სთს გვიჩვენებს. აი, 200 კმ/სთ-ის განვითარებას კი ეს სუპერ-”რენჯი” 16,3 წამს ანდომებს. ამასთან, ეს განსაკუთრებული ლორდი ბობოქრობას 200 კმ/სთ-ის შემდეგაც თამამად და ბეჯითად აგრძელებს - თუმცა, დიდხანს, რა თქმა უნდა, ვეღარ ქაჩავს და სადღაც 260 კმ/სთ-ზე ჰაერო აღარ ჰყოფნის. რაც შეეხება დამუხრუჭებას: 100 კმ/სთ-დან ეს ”რენჯი”, მაქსიმალური დამუხრუჭებისას, 35,9 მეტრსი დგას.
თუმცა, მოდით ვაღიაროთ, რომ ასეთი მონაცემები დიდად არ გვიკვირს. ყველაზე გასაოცარი ისაა, თუ როგორ ახერხებს ეს Range Rover Sport SVR მოახვევებში შესვლას და მოსახვევებიდან გამოსვლას. იმდენად კარგად უხვევს, რომ შეიძლება მსუბუქი სპორტქარი გეგონოს - დიახ, მისი სტიქია თამამად შეიძლება იყოს სარბოლო ტრეკი. ჩვენ მალევე დავრწმუნდით იმაში, რომ ამ ავტომობილით ტრეკზე ადრენალინი ყველასათვის გარანტირებულია.
საწვავის საშუალო ხარჯი ტესტის შემდეგ 14,5 ლიტრი იყო, რაც ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა. ფაქტია, რომ ეს ყველა დროის ყველაზე სწრაფი ”ლენდ როვერი” თამამად უნდა დავაყენოთ ისეთი კონკურენტების გვერდით, როგორებიცაა Mercedes ML 63 AMG, BMW X5 M და Porsche Cayenne Turbo S. უფრო სწორად, ამ სამეულს მის გვერდით ნამდვილად აქვთ ნერვიულობის საბაბი.
ინტერიერზე არაფერი გვითქვამს, თუმცა სალაპარაკო ბევრიც არაფერია - ისედაც მიხვდებოდით, რომ ამ უძვირფასეს Range Rover-ში საუკეთესო ტყავი და იდეალურად მდიდრული გარემო დაგხვდებათ. რა თქმა უნდა, აქვს პნევმატიკური დაკიდება და ასისტენტ-სისტემების მთელი კასკადიც. SVR-ში ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია. თანაც, სტანდარტულად! ჰოდა, ფასსაც მივადექით - 126 400 ევროდან. რას იზამ - თუ გინდა, რომ იბატონო, ჯიბეში ფულიც უნდა გედოს.
► Range Rover Sport Supercharged SVR
ძრავა: V8, Kompressor; მოცულობა: 5000 სმ3; სიმძლავრე: 405 კვტ (550 ცხ. ძ) 6000 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 680 ნმ/3500; მაქს. სიჩქარე: 260 კმ/სთ; ამძრაობა: სრული/8-საფეხურიანი ავტომატიკა; ავზი: 105 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4881/2019-2220*/1780 მმ; საბარგულის მოცულობა: 489-1761 ლ; წონა: 2387 კგ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 4,7 წმ; აჩქარება 0-200 კმ/სთ: 16,3 წმ; სამუხრუჭე მანძილი: 35,6 მ/36,2 მ; მობრუნების რადიუსი: 12,6 მ; საწვავის ხარჯი (გატესტილი): 14,5 ლ. Super plus/100 კმ-ზე; ფასი: 126 400 ევროდან
დასკვნა
ინგლისური ავტოინდუსტრია ცოცხალია! ვინც ქალაქის მდიდრულ SUV-ს ასე გაამძაფრებს და თანაც, ამ პროცესს კომფორტს არ შესწირავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან თავისი საქმე ძალიან კარგად იცის. ეს მანქანა ძალიან მაგრად დადის და ძალაუფლების დემონსტრირებაც გარდაუვალია. Great!
ჯერალდ ჩაიკა
ასევე იხილეთ:
Land Rover Defender-ის ზონდერმოდელები
