მანქანები ისეთი კაცებისთვის, რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავენ...
24.08.2015
მანქანის მართვა სიამოვნებაა. დიდი სიამოვნება. მაგრამ როცა ისეთ მანქანებს მართავ, როგორებიცაა Mazda MX-5, Alfa 4C Spider და Audi TT Roadster, თანაც, ისეთ ადგილებში, როგორსაც მთავარ ფოტოზე ხედავთ, ეს უკვე პოეზიაა. ავტოპოეზია.

თუ ნებას მომცემთ, ერთ კითხვას დავსვამ: როგორ შეიძლებოდა, რომ ეს მომხდარიყო? როგორ ესმის დღევანდელ თაობას ავტომობილის მართვის სიამოვნება - მეტადრე ზაფხულში? ავტომწარმოებლებს ამდენი კაბრიოლეტი ადრე არასდროს უწარმოებიათ და მიუხედავად ამისა, კაბრიოებისა და როდსტერების გაყიდვები წლიდან წლამდე იკლებს. ვიღას სჭირდება ეს უფორმო (უფორმო?) და უთავო რაშებიო. იქნებ ისიც თქვან, რომ ასეთი მანქანების ადგილი მხოლოდ ნაგავსაყრელზეა.

Auto Bild
ასეთი მომენტები კაცმა უნდა დააკონსერვოს და შეინახოს. ზაფხული რომ გადავა, გახსნი და ბედნიერების ელექსირი გექნება

ძვირფასო პლეისტეიშენის თაობავ, ჩვენი შესანიშნავი ავტოსამყარო ყოველთვის ასეთი ჩაძირული, არეულ-დარეული და მსუქანი არ ყოფილა. იყო დრო, როცა ჩვენ, ავტომოყვარულები და ავტომობილისტები როდსტერებზე ვაფრენდით. რატომ? იმიტომ, რომ როდსტერი მინიმალისტი იყო. პურისტიც. მსუბუქი, მარტივი, სპარტანული და იაფი უნდა ყოფილიყო. ყველაზე მთავარი კი, რა თქმა უნდა, ის გახლდათ, რომ მისი მართვით სიამოვნებას ვიღებდით.

ეს იყო მანქანები ისეთი კაცებისთვის, რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავდნენ. თავზეც გრძელი თმა, ან მინიმუმ ისეთი ქოჩორი უნდა გქონოდა, კაბრიოლეტით ქროლვისას ქარი რომ აგითამაშებდა და აგიჩეჩავდა. და წარმოიდგინეთ, როგორი განცდა იქნებოდა ჩვენთვის, ბიჭებისთვის, როცა ამ მაჩომობილებით დავქროდით და გოგონები თავებს ყოველთვის ჩვენსკენ ატრიალებდნენ, მხოლოდ ჩვენ გვიყურებდნენ. ხელებსაც გვიქნევდნენ, სხვათა შორის. გვიღიმოდნენ კიდეც და...

რა დარჩა დღეს ამ ყველაფრიდან? აი, ეს არის ჩემი მთავარი კითხვა და სწორედ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ავირჩიე წელიწადის ამ მშვენიერ დროს სამი ისეთი მანქანა, იმ დროს რომ მაგონებს და გავემგზავრე იქ, სადაც ყმაწვილკაცობაში სწორედ ასეთი მანქანებით ქროლვაზე მიოცნებია. Mazda MX-5, Alfa 4C Spider, Audi TT Roadster - სამი მადისაღმძვრელი კაბრიო. სრულყოფილი ტიპები და ბუნება, გადასარევი ბუნება საფრანგეთის სამხრეთში, ნიცასთან ახლოს - Col de Vence თავისი ასობით მოსახვევითა და არაჩვეულებრივი სერპანტინებით. და რაკი ამინდმაც გადასარევად შეგვიწყო ხელი, ჩვენ იქ ბედნიერების ძებნა დავიწყეთ.



აგერ უკვე 25 წელიწადზე მეტია, რაც Mazda MX-5 ასეთ მოსახვევებს ფაქტობრივად დაუღეჭავად ყლაპავს. ადრე უფრო მსუბუქი იყო - ესეც აღსანიშნავია. მერე კი ზედმეტად მძიმე და დანაყრებულ ტიპად გადაიქცა, მაგრამ, საბედნიეროდ, იაპონელები მალევე მიხვდნენ, რომ Reset-ღილაკზე თითის დაჭერის დრო მოვიდა და თავიანთი საკულტო კაბრიოლეტს ცხოვრება ფაქტობრივად თავიდან დააწყებინეს.

ერთია, ახალ ოპტიკას ჯერ უნდა შეეჩვიო - სხვა დანარჩენს კი მიჩვევა არ სჭირდება. ვისაც ერთხელ მაინც უქროლია პირველი MX-5-ით, ახალ მოდელსაც პირველივე გასეირნების შემდეგ მიაძახებს, ”კეთილი იყოს შენი დაბრუნებაო”. ჰო, რა თქმა უნდა, ცოტათი სერიოზულია. ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უფრო დაბრძენებული, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, იმ პირველი MX-5-ის დნმ აქვს. ”მაზდამ” მეოთხე თაობის MX-5, წინამორბედთან შედარებით, 10 სანტიმეტრით შეამოკლა და ავტომობილის საერთო წონა 1000 კილოგარმზე დაბლა ჩამოიყვანა. თქვენ კი, პლეისტეიშენის თაობას, ის მაინც გეცოდინებათ, რომ ნაკლები წონა ავტომატურად მეტ სიამოვნებას უდრის. და მინდა გითხრათ, რომ ეს ფორმულა მოდიდან არასდროს გადავა! და დღესაც, როცა MX-5-ში ზიხარ, გრძნობ, რომ ჯდომის პოზიცია სრულყოფილია. გრძნობ და მაშინვე კარგ ხასიათზე დგები. ეს არის მანქანა, რომელიც ზაფხულში ბედნიერებას დიდი კოვზებით გაჭმევს.

და ვის, მართლა და მართლა, ვის უშლის ხელს პლასტმასები? ვინ აკაკუნებს ყოველწამს კოკპიტზე და ვინ ამბობს: ”აჰააა, ეს... მაგარი პლასტმასია...” ბედნიერება აქ უბრალოებაში და სიმარტივეშია. Lotus Elan-ის დარ სიმარტივეში. სახურავი? მოკიდებ ხელს უკან და გადმოაგდებ წინ. მორჩა.


Mazda MX-5-ის შემთხვევაში პირდაპირი სვლა უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა, მისი სტიქია მოსახვევებია

რაც შეეხება გადართვებს: კლაკ, კლაკ, კლაკ. მოკლე გადაცემებია, მოხდენილი და მაგარი. მოხვევა? ახლა უკვე ელექტრონული და ზოგიერთისთვის იქნებ სულაც ზედმეტად მსუბუქი, მაგრამ როცა მკვეთრი მოსახვევები გეძგერებიან, იგრძნობ, რომ უკიდურესად მგრძნობიარეა - თითქოს თვითონ მანქანაც გრძნობს, როდის რამდენია საჭირო და მიექანება ზუსტად იქეთ, საითაც უბიძგებ. ისეთი განცდა მაქვს, რომც არ ვიცოდე, თვითონ მიბიძგებს ზუსტი ბიძგებისკენ.



აი, პირდაპირი სვლა კი MX-5-ის შემთხვევაში დროის ტყუილად და უაზროდ კარგვაა. მისი სტიქია ცეკვაა, მაგრამ თუ ცეკვის გავკეთილების დროს გადააჭარბებ, სწრაფი ხელები უნდა გქონდეს. Col de Vence-ს მოსახვევებიან აღმართებში კიჩომ არაერთხელ მომისროლა - ESP ამას უშვებს. და ეს ძალიან კარგია. თუმცა არ ვიცი, შერჩება თუ არა ეს ამ მანქანას სექტემბრამდე, როცა ევროპაში მისი გაყიდვები დაიწყება. კლასიკური როდსტერისთვის დამახასიათებელ გართობაზე ახალთახალი 1,5-ლიტრიანი ძრავაც ზრუნავს. ატმოსფერულია, დიახ! მადლობა ”მაზდას”, დიდი მადლობა იმისათვის, რომ ეს ტურბო არაა. 131 ცხენის ძალა აქვს და მართალია, ასფალტს არ აფუჭებს, მაგრამ ამაზე მეტი კაციშვილს არ სჭირდება. 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი 4-ცილინდრიანს საუკეთესო ხასიათს 7500 ბრუნამდე უნარჩუნებს. ავდრის მომასწავებელ უკანასკნელ ღრუბლებს კი ამ მანქანის ფასი ფანტავს: 22 000 ევროდან. დიახ, დიახ, ბედნიერება შეიძლება იაფიც იყოს.



აი, Audi TT Roadster კი ამაზე ორჯერ ძვირი ღირს და ”მაზდადან” ამ ”აუდიში” გადაჯდომა, ცოტა არ იყოს, გაორებულ გრძნობებს იწვევს. ”აუდიში” ჰაერის ნაკადი უმაღლესი ხარისხის ტყავისა და ალუმინის დეტალების გავლით გირტყამს და ასე გგონია, რომ ეს ქარი სხვა გალაქტიკიდან უბერავს. ყველა დეტალში იგრძნობა გერმანული პერფექციონიზმი. სახეზეა 230 ცხენის ძალა, ელექტრონულ-აკუსტიკური სახურავი, უდიდესი ციფრული ეკრანი, პროგრესივ-მოხვევა და, რა თქმა უნდა, Quattro-ამძრავი, რომელიც უფრო ჭკვიანად მოგეჩვენებათ, ვიდრე უკანასკნელი რაკეტა, რომელიც მთვარეზე გაფრინდა.


ჰოდა, ამ ”აუდისთან” ერთად ერთობ ჭირს ორთქლის უზრუნველად გამოშვება. ყოველ შემთხვევაში, Mazda MX-5-ის შემდეგ ამ მანქანაში თითქოს ღილაკებიც კი მემუქრებიან, ზედმეტი არ მოგივიდესო, რაც, რა თქმა უნდა, სრული სისულელეა. იმიტომ, რომ თავღია TT-ც სოლიდური თავღია ხომალდია. მასაც შეუძლია იმ ყველაფრის დაუთოვება, რაც მოსახვევებში შეხვდება. ამ დროს, სიჩქარის შეცვლისას სქელი მაყუჩები ფორმულა 1-ის დარ ხმას გამოსცემენ და იწყება თეატრალური წარმოდგენა, რომელსაც ელექტრონული რეჟისორი ჰყავს. აქ ყველაფერი შესანიშნავადაა ინსცენირებული, ოღონდ დიახაც ინსცენირებული, რაც ზოგიერთ მომენტში შეიძლება მოსაწყენიც იყოს. ოღონდ მოსაწყენი მხოლოდ ძველი ყაიდის ავტომობილისტებისთვის. დღეისათვის და დღესდღეობით კი ამაზე უკეთესი ორადგილიანი კაბრიოლეტი შეიძლება არც არსებობდეს. უბრალოდ, მუცელში პეპლებს ვერ აგიფარფატებს, ხოლო ტვინი კი ბედნიერების ჰორმონებს მაინც არცისე დიდი სიამოვნებით აწარმოებს.



ემოცია თუ გინდა, მაშინ პატარა ტექნოკრატში, Alfa Romeo 4C Spider-ში უნდა გადაჯდე. ოთხ მეტრზე ასეთი სპექტაკლი იშვიათია. Spider ნაღდი ავტოეროტიკაა, კარბონის კაბის მიღმა აბსოლუტურად ავთენტური სარბოლო ტექნიკით. ეს არის რადიკალისტი ისეთი გულით, რომ აუცილებლად უნდა გიყვარდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში გაგაგიჟებს! Sympathy for the Devil.

გაზი, გაზი, გაზი! - სულ ესაა ამ მანქანის დევიზი. და როცა გაზს მისცემ, ჯერ მოსახვევებს შეჭამს, მერე შენც ზედ მიგაყოლებს. კანიანად და თმიანად შეგახრამუნებს. 240-ცხენისძალიანი ძრავა შენს ზურგს უკან ღმუილით და ხრიალით ითხოვს უფრო მეტს და კიდევ უფრო მეტს და კიდევ უფრო მეტს. მუდამ დამშეულია, არასდროს ნაყრდება და აქსელერაციის სატერფულიდან ფეხს მხოლოდ გონება თუ აგაღებინებს.



ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ”ალფას” ტიფოზები უარს ამბობენ ისეთ რამეებზე, როგორიცაა მაგალითად ჰიდრავლიკა ან სულაც ელექტრონული მოხვევა. 4C Spider მშიშრებისთვის არაა, მეგობრებო. ვინც ამ მანქანაში ”დაჩექინდება”, უნდა იცოდეს, ვისთან და რასთან აქვს საქმე. მოხვევის სისტემა აქ ისეა მორგებული, თითქოს სამუდამოდ იყოს დაკავშირებული მძღოლის ნერვული სისტემის დაბოლოებებთან. საქმე ისაა, რომ როგორც კი მძღოლი მოსახვევს გაიფიქრებს, საბურავებს მოხვევა უკვე დაწყებული აქვთ. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ისე ფხიზლად იქნები, თითქოს ზედიზედ ათი ”რედ ბული” გქონდეს დალეული, მაგრამ დაძაბულიც იქნები. სასტიკად დაძაბული!

ჰოდა, ჩემო მეგობრებო და პლეისტეიშენის თაობავ, რა გასაკვირია, რომ ბევრი აღარაა ისეთი ადამიანი, ვინც ასეთ თავგადასავალს 18 თვე მოუცდის. Alfa Romeo 4C Spider-ის შეკვეთიდან მის მიღებას სწორედ ამდენი დრო სჭირდება. თანაც, მინიმუმ 72 000 ევროდ ღირებულ ექსტრემისტს მყიდველების უმრავლესობა, მოგვიანებით, ალბათ რომელიმე კოლექციონერის გარაჟში დააყენებს.

ჩვენ ჩვენთვის გავერთეთ და ყველას გისურვებთ ამ სიამოვნებას. ასეთი დღეები კაცმა უნდა დააკონსერვოს და შეინახოს. ზაფხული რომ გადავა, გახსნი და ბედნიერების ელექსირი გექნება.

დასკვნა
ძალიან გამიმართლა: მთელი 2 დღე ჩემს განკარგულებაში იყო სამი საოცარი, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული კაბრიოლეტი. Mazda MX-5 ამტკიცებს, რომ კაბრიოს მართვის სიამოვნება მხოლოდ ძალიან მდიდრების პრივილეგია არ არის; ”აუდის” TT Roadster სრულყოფილია - იქნებ ზედმეტად სრულყოფილიც კი; Alfa Romeo 4C Spider კი თვით ყველაზე მაგარ ბიჭებსაც კი აატირებს. იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი და რადიკალურად სხვანაირია.
თომას ჰირშბერგერი


”არანაირი კომპრომისი, უმაგრესი დიზაინი და დაუსრულებელი სიმძლავრე. ეს ”ალფა” გადასარევი ტიპია!”
ფოტოგრაფი კრისტიან ბიტმანი



”მას ყველაფერი შეუძლია. ქროლვაც და სეირნობაც, მოსახვევებიც და კომფორტიც. შეუძლებელია, რომ კაბრიოლეტი ამაზე კომპეტენტური იყოს.”
ტესტ-მძღოლი ტიმ დალგარდი "აუდის" შესახებ



“MX-5 ისე გერგება, როგორც კარგი ხელთათმანი. ამ ფასად ამაზე მეტი სიამოვნება არ არსებობს.”
AUTO BILD-ის ავტორი თომას ჰირშბერგერი

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
კიამ ახალი პიკანტო გაგვაცნო
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სრულად
Cat Image
ჰეჩბექის უკანალი, დახრილი სახურავი, რა არის ამაში კარგი?
2016-12-20 08:01:49
მათ ზოგი სისულელეს უწოდებს, ზოგი კი - ძალიან მაგარ საავტომობილო მოდას. SUV-კუპეებმა ავტომოყვარულები ორ ბანაკად გაყო.
სრულად
Cat Image
მერსედესის ახალი E-ლეგანტური კუპე
2016-12-15 07:56:40
„მერსედეს-ბენცი“ დეტროიტის ავტოშოუზე ახალი „E-კლას კუპეს“ წარადგენს. მანამდე კი, ერთი თვით ადრე, თავისი ახალი ავტომობილი ინტერნეტით გაგვაცნო.
სრულად
სტუმრად ჯუმბერ პატიაშვილის ეზო-კარში
რა­ტომ გაც­ვა­ლა ანა კო­შა­ძემ პრეს­ტი­ჟუ­ლი უბა­ნი ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რენ­ზე?
როგორ მოვაშოროთ ლამინატს ნაკაწრები - მარტივი და ეფექტური საშუალებები
იყიდება 2-ოთახიანი საბურთალოზე
იყიდება 3-ოთახიანი საბურთალოზე
იყიდება 3-ოთახიანი ვაკეში
იყიდება 2-ოთახიანი ბაკურიანში
მატჩის საუკეთესო მომენტი - დურანტის ჩაჭრა, ფაჩულიას პასი და კარის ჩაგდება [VIDEO]
ლა ლიგა. XVII ტური: "სევილია" უკვე მეორეა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას 10 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება "დაბოღმილ" "საკრამენტოსთან" [VIDEO]
სხვა სიახლეები
ექსკლუზივი არ გინდათ? BMW E30 ლამბოს სტილში!
09.01.2017
„კრეიგსლისტის“ სავაჭრო პლატფორმაზე გასაყიდად გამოიტანეს 1989 წელს გამოშვებული მე-3 სერიის BMW-ს (Е30) კაბრიოლეტის ტუნინგ-ვერსია, რომელსაც „ლამბორგინის“
სრულად
ყველაზე ძვირი ავტონაწილები
09.01.2017
საავტომობილო ინდუსტრია და მისი ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ყველა სიახლის შემუშავება უზარმაზარ დროს და თანხებს მოითხოვს.
სრულად
იცოდით? სუბარუს 12-ცილინდრიანი ოპოზიტი კიონიგსეგისთვის
09.01.2017
ეს ისტორია ძველია - ისეთი ძველი, რომ ალბათ ბევრმა არც იცის! ის „სუბარუს“ და „კიონიგსეგის“ თანამშრომლობას ეხება.
სრულად
ყველაზე კითხვადი
საბჭოთა მანქანები და ქუთაისური კოლხიდა სულ სხვა სტილში
საბჭოთა მანქანები და ქუთაისური კოლხიდა სულ სხვა სტილში
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
გააძვირებს თუ არა სავალდებულო ეტიკეტირება საქონლის ხორცს
"ერთ-ერთ ბანკს დიდი პრობლემა აქვს"(?!)
Citigroup-ის სავალუტო სტრატეგი დოლარის მკვეთრად გამყარებას პროგნოზირებს
N85 იანვარი 2017
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
ყველაზე ეკონომიური ავტომობილები - AUTO BILD-ის TOP 10
სამაგალითო ხალხი: როგორ გადაადგილდება სამთავრობო კორტეჟი იაპონიაში
ჰეჩბექის უკანალი, დახრილი სახურავი, რა არის ამაში კარგი?
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz E 320 5700 $
ქირავდება თეთრი ფერის მიკრო
იყიდება ბეტონმრევი MAN მიწოდებით (ტრანსპორტიორით)