კარგი, უკეთესი, საუკეთესო - ასეთია ავტომწარმოებელთა მიდგომა. გამოდის თუ არა ახალი მოდელი, მაშინვე ტოპ-მოდელსაც მოაყოლებენ ხოლმე. ”აუდის” შემთხვევაში ვიცით A4 – S4 – RS 4; ”მერსედესი” ტოპ-ლიგაში AMG-ს სახელით თამაშობს, BMW კი, მოგეხსენებათ, M-სერიებით გვართობს. პრინციპში, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ BMW X4-ის შემდეგ ჯერ M40i გამოდის, მერე კი, დიდი ალბათობით, X4 M-საც ვიხილავთ.
მაინც რამდენად სრულყოფილად გადაუნერგა BMW M GmbH-მ ე.წ. SAC-ს (Sports Activity Coupé) თავისი გენები საიმისოდ, რომ ჩვეულებრივ X4-ზე გაცილებით უკეთესი მანქანა შემოეთავაზებინა? AUTO BILD-მა ახალი BMW X4 M40i უკვე მოინახულა.
ისევე, როგორც M235i-ს შემთხვევაში, BMW X4 M40i-ც რუხი გარეთა სარკეებითაა წარმოდგენილი და საერთოდ, ეს მოდელი ჩვეულებრივისგან სწორედ რუხი დეტალებით გამოირჩევა. უკანა მხარეს შეამჩნევთ განახლებულ დიფუზორსა და ორ მაყუჩს ქრომირებული შავი ფერით. გარდა ამისა, მოდელის განსაკუთრებულობაზე წარწერებიც (X4 M40i) მიგვანიშნებს. კიდევ ერთი ნიშანი მაჩვენებელთა დაფაზე განთავსებული ციფრული ლოგოა.
სერიულია პატარა, სპორტული ტყავის საჭე და კარგი ტყავის სავარძლები, ისევე, როგორც 8-საფეხურიანი სპორტული გადაცემათა კოლოფი, ადაპტირებადი ამორტიზატორები, Performance კონტროლი, Park Distance კონტროლი და ა.შ.
ციფრული ლოგო (X4 M40i) მაჩვენებელთა დაფაზე
ერთი სიტყვით, ავტომობილისტები სწრაფად მიხვდებიან, რომელი დეტალებით განსხვავდება M40i დანარჩენებისგან. ავტომობილის დაძვრის შემდეგ კი ძრავის ხმაზეც შეატყობენ, რომ ამ X4-ში ცოტაოდენი ავტოსპორტიც ფიგურირებს. საქმე ისაა, რომ 35i-დან ნაცნობი 3-ლიტრიანი და 6-ცილინდრიანი Biturbo რამდენიმე ინგრედიენტის (M3/M4-დან) დამატებით გააუმჯობესეს. 5800-დან 6000 ბრუნამდე სიმძლავრე ახლა 360 ცხენის ძალაა - 54-ით მეტი, ვიდრე 35i-ში. ბრუნის მაქსიმალური მომენტი 400 ნიუტონმეტრიდან 465 ნმ-მდე გაიზარდა (1350-5250 ბრ).
ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 5,5 წამის ნაცვლად, 4,9 წამში უნდა აჩქარდეს და მიუხედავად გაუმჯობესებებისა, BMW გვპირდება, რომ საწვავის საშუალო ხარჯი 8,6 ლიტრი იქნება, რაც 35i-ს საშუალო მაჩვენებელზე მხოლოდ 0,3 ლიტრით მეტია.
იმისათვის, რომ ავტომობილი მნიშვნელოვნად დინამიკური გამხდარიყო, სავალი ნაწილი დაიჭიმა, გაძლიერდა და სრული ამძრაობა ახლა უფრო მეტადაა აქცენტირებული უკანა ამძრაობაზე. AUTO BILD-მა BMW X4 M40i ჯერ მხოლოდ ვიზუალურად გაიცნო და დაპირებებს გაეცნო. თუ როგორ დადის ეს მანქანა, ამის შესახებ იანვარში დავწერთ, რადგან მხოლოდ მაშინ მოგვეცემა მანქანის გატესტვის საშუალება. გაყიდვებიც სწორედ ახალი წლიდან იწყება.
დასკვნა
BMW X4 M40i-ს ფასი 65 000 ევროა, რაც იმას ნიშნავს, რომ იაფი ნამდვილად არ არის, თუმცა თუ M-პაკეტის არაერთ დეტალს გავითვალისწინებთ, 35i-სთან შედარებით (58 800 ევრო) ფასში განსხვავება არაა იმდენად დიდი, რამდენსაც ველოდით. ანუ, ეს M40i მართლაც ტოპ-მოდელია.
რობინ ჰორნიგი
იხილეთ გალერეა:
BMW-ს ახალი და მომავალი მოდელები

ასევე დაგაინტერესებთ:
ყველაზე მძაფრი BMW M6

BMW-ს შეფი სცენაზე ცუდად გახდა და წაიქცა! (+ VIDEO)