როცა ტონიმ ეს მანქანა შეიძინა, ”მუსტანგი” მძიმე მდგომარეობაში იყო. 6-თვიანი მუშაობის შემდეგ კი, აი, ასე შესანიშნავად გამოიყურება. ძრავა და გადაცემათა კოლოფი ორიგინალი ჰქონდა, სხვა დეტალების აბსოლუტური უმრავლესობა, ტონი ამერიკაში შეუკვეთა, დანარჩენი კი უკვე გიორგის საქმე იყო.
”ამ ”მუსტანგში” სული და გული, მთელი ჩემი ცხოვრება ჩავდე. წარმოიდგინეთ, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტომობილია და ნულიან ავაწყვე, ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე. არც კი მინდა იმის წარმოდგენა, რას ვიგრძნობ, როცა ეს მანქანა საქართველოს დატოვებს,” - ეს გიორგი კალაშიანის სიტყვებია.
ტონი გროს ”მუსტანგი” ამ მდგომარეობამდე გიორგი კალაშიანმა (ფოტოზე) მიიყვანა
არადა, ეს ”მუსტანგი” ამერიკაში რომ დაბრუნდება, ამას წყალი არ გაუვა. ტონი საქართველოში მუშაობას ამთავრებს, სამშობლოში ბრუნდება და, ცხადია, რომ ნამდვილ ამერიკულ ოცნებას, რომელიც საქართველოში აიხდინა, თან წაიყვანს.
”მთელი ბავშვობა ზუსტად ასეთ ”მუსტანგზე” ვოცნებობდი. მე და ჩემი მეგობრები მთელი დღეები ვუყურებდით სხვებს, როგორ დაქროდნენ ”მუსტანგებით” და ვოცნებობდით. გიორგიმ საოცრად იმუშავა და ვიცი, როგორ დაწყდება გული, როცა ჩემი ოცნების მანქანას სამშობლოში წავიყვან. ამიტომაც, სანამ ავტომობილი თბილისშია, ვეუბნები, რომ მაქსიმალურად ისიამოვნოს. მან ეს დაიმსახურა,” - გვითხრა ტონიმ.
საქართველოში მეორედ დაბადებული ”მუსტანგი” მშობლიურ მიწას კი უბრუნდება, მაგრამ ამ მანქანას აქვს ერთი მთავარი ნიშანი, რომლის წყალობითაც მის ნებისმიერ მნახველს ეცოდინება, რომ მეორედ სწორედ საქართველოში დაიბადა: კაპოტზე საქართველოს და ამერიკის დროშები გვერდიგვერდ, რაც ამ ”მუსტანგის” ისტორიასთან ერთად, ორი ქვეყნის მეგობრობის სიმბოლოცაა.
”ადრე ერაყში ვმსახურობდი და ბევრი ჩემი მეგობარი დღეს ქართველ სამხედროებთან ერთად ავღანეთში მსახურობს. მსმენია მათი სიმამაცის და საოცარი სიკეთის შესახებ. უდიდეს სიყვარულსა და პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ამიტომაც მინდა, რომ ჩემმა მანქანამ ამ ორი ქვეყნის დროშა ატაროს. მინდა, ამერიკაში ხშირად მკითხონ ამ დროშების და თქვენი ქვეყნის შესახებ. ყველას ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვუამბობ,” - ტონი გრო მშობლიურ ტექსასში ახდენილი ოცნებით ბრუნდება.
