როგორც დაგვპირდა, ყველასგან დავიწყებულმა გერმანულმა Borgward-მა ისევ დაიწყო ავტომობილების წარმოება - თუმცა ჯერ მხოლოდ SUV-კლასში. AUTO BILD ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ Borgward BX 7-ს
კვალს ბირმინგემში მივყავართ, რაც ერთი შეხედვით ალოგიკურია. უფრო ლოგიკური იქნებოდა, პეკინში რომ მივყავდეთ, სადაც ახალი ”ბორგვარდი” უნდა აწარმოონ. ანაც, შტუტგარტში, სადაც ”ბორგვარდის” ცენტრალური ოფისია. ან სულაც ბრემენში, სადაც ”ბორგვარდი” 1961 წლამდე ავტომობილებს აწარმოებდა.
დღეისათვის ინგლისი და, კერძოდ, ბირმინგემში მდებარე დარბაზია ის ადგილი, სადაც ”ბორგვარდის” ახალმა ავტომობილმა ბოლო შტრიხები მიიღო და სადაც ფრანკფურტის ავტოშოუსთვის მოამზადეს. ბირმინგემში, ცოტა არ იყოს, ნერვიულობენ, რადგან ავტომობილის ინტერიერზე მუშაობა ჯერ არ არის დასრულებული (სტატია ფრანკფურტის ავტოშოუს გახსნამდე მომზადდა - რედ.) და უკანალზე წარწერა BORGWARD-იც აკლია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე ვხედავთ, თუ საით უმიზნებს ეს გერმანულ-ჩინური მარკა: საით და, მოდური კომპაქტური SUV-კლასის ბიურგერულ საშუალო სეგმენტში. ბევრისთვის გასაკვირად, ”ბორგვარდი” რეტრო-მოდელით კი არ დაბრუნდა, არამედ მისაღები ფასის მქონე მოთხოვნადი SUV-ით, რომელიც ახლა ჩვენ და, შესაბამისად, თქვენ წინაშეა. ამ მანქანას არც ”იზაბელა” ჰქვია და არვ ”არაბელა”, როგორც ”ბორგვარდის” ავტომობილებს ადრე ერქვათ. მისი სახელია უბრალოდ BX 7.
ახლა მიხვდით, რატომაც ვახსენეთ ტექსტში ”პორშე კაიენი”?
რატომ მაინცდამაინც ეს არარომანტიკული BX 7? იმიტომ, რომ ამ სახელმა პირველ რიგში ჩინეთში უნდა იმუშავოს, იქ კი რომანტიკით თავს არ იკლავენ. უნდა იმუშავოს ასევე სამხრეთ ამერიკაში ან ინდოეთში, გერმანიაში და ევროპაში კი მხოლოდ 2017 წლიდან გამოჩნდება. ასეთია ბოსების გეგმა. ჰოდა, მოდით, ჩვენც უფრო კარგად დავაკვირდეთ.
BX 7 სიგრძეში 4,71 მეტრია - ანუ, Audi Q5-ზე 9 სანტიმეტრით გრძელი. თავდაჯერებულად დგას - განიერი მხრებით, დიდი ცხაურითა და 18-დუიმიანი დისკებით. ცნობისათვის, ამაზე პატარა დისკებით არც გამოვა. ვინც ამ ავტომობილს წინიდან კარგად დააკვირდება, პირველ რიგში ”შკოდა” გაახსენდება. ვინც ”ბორგვარდის” ისტორიას იცნობს, 1959 წლის P 100-საც გაიხსენებს, რადგან ცხაურის ფორმა იგივეა, უბრალოდ თავდაყირა დგას. უკანა ტანის დიზაინით კი BX 7 თვით ”პორშე კაიენსაც” მოგაგონებს და ”პორშე მაკანსაც”. თუმცა ”ბორგვარდის” შეფ-დიზაინერი ბენჯამინ ნავკა ამბობს, ამით Borgward Isabella-ციტირებას ვახდენთო.
პრინციპში, არც ესაა სიმართლისგან შორს - განსაკუთრებით, თუ ავტომობილის მხრების ხაზს დავაკვირდებით. ეს კაცი ადრე ”მერსედესში” მუშაობდა. როგორც ირკვევა, ინტენსიურად გამოიკვლია ”ბორგვარდის” ისტორია, ალპებში 50-იანი წლების ”ბორგვარდ იზაბელათიც” კი უმოგზაურია. ”ყველაზე მთავარი ის არის, რომ ”ბორგვარდს” არასდროს არ უნდა ჰქონდეს აგრესიული ვიზუალი. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ რეტრო-მანქანას არც ვგეგმავდით,” - ეს უკვე ნავკას კოლეგისა და თანაგუნდელის, აინარ ჰარაიდეს სიტყვებია.
თუმცა ამ ორ ადამიანს უნდა, თუ არ უნდა, პარალელების გავლებას მაინც ვერ გადაურჩებიან. ჯდომის ერთობ დაბალი პოზიციას და ფანჯრის მაღალ ხაზს 50-იანი წლების ”იზაბელას” მფლობელები იცნობენ. ჩვენ ექსკლუზიურად მოგვცეს იმის უფლება, რომ ავტომობილი ფრანკფურტის ავტოშოუმდე გამოგვეკვლია და ის სკეპტიკოსი უნდა გავაოცოთ, ვინც ჩინეთიდან მაინცდამაინც იაფფასიან უხარისხო მანქანას ელოდება. ეს ავტომობილი ნაღდად არ არის ასეთი - გამოყენებული მასალები ალბათ ყველა ჩინურისას ჯობია, დეტალების პოზიციონირება და განლაგება ჩინური ავტომობილის კვალობაზე ზედმეტად კარგია. დიდია სენსორული ეკრანიც - 12,3 დუიმი. ნავკა ამბობს, ამ კლასში ამხელა მონიტორი არცერთ სხვა ავტომობილს არ აქვსო.
”ბორგვარდი” ინტერნეტკავშირის კუთხითაც სასიამოვნო სიურპრიზების გვპირდება. დაპირებათა ჩამონათვალშია WLAN-ჰოთსფოთი, კონსიერჟ-სერვისი და აპლიკაციები, რომელთა მეშვეობითაც საბურავებში წნევას და ზეთის მდგომარეობას ”მისაღები ოთახიდან” გააკონტროლებთ.
იმაზე, რომ ევროპაში ეს ავტომობილი 2017 წელზე ადრე არ გაიყიდება, თუნდაც ის ფაქტი მიუთითებს, რომ Borgward BX 7 თავდაპირველად მხოლოდ ბენზინის და ისიც ერთადერთი ძრავით გამოდის. ეს გახლავთ ტურბირებული აგრეგატი პირდაპირი შეფრქვევითა და 224-ცხენისძალიანი სიმძლავრით. ჰო, იქნება ასევე Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაც 401-ცხენისძალიანი სისტემური სიმძლავრით, რომელსაც მხოლოდ ელექტროსვლით 55 კილომეტრის გავლა შეეძლება და მისი ელემენტები 30 წამში დაიტენება.
”ბორგვარდის” შეფ-დიზაინერი ბენჯამინ ნავკა AUTO BILD-ის ავტორ კრისტიან შტაიგერს ავტომობილის დიზაინს უხსნის
არც რეტრო-მანქანაა და არც რეტრო-სახელი აქვს: B ამ შემთხვევაში Borgward-ის გამო, X კი - სრულ ამძრაობას გამოხატავს
საბაზო მოდელები წინა ამძრაობით გამოვა, სრული ამძრაობა კი დამატებითი ოფცია იქნება. ხელმისაწვდომი იქნება სამი კომპლექტაციით და, როგორც ადრე, სპორტული TS-ვერსიის სახითაც. აღსანიშნავია, რომ ეს ვერსია ”ბორგვარდმა” თავის დროზე, ზუსტად 60 წლის წინათ, ასევე ფრანკფურტის ავტოშოუზე წარმოადგინა. როგორც ხედავთ, ერთ კვალს მაინც მივყავართ ბრემენში.
დასკვნა
BX 7 გვიჩვენებს, რომელ კატეგორიაში მიაჩნიათ საკუთარი თავი ”ბორგვარდელებს”: ეს არ არის უხარისხო იაფფასიანი SUV. ეს არის ემოციური მარკის საკმაოდ თავდაჯერებული ავტომობილი, რომელიც თავის კლიენტურას ევროპაში ჯერ არ ეძებს. ვნახოთ, რა იქნება ორიოდე წლის შემდეგ.
კრისტიან შტაიგერი
BX 7 სიგრძეში 4,71 მეტრია. ამაზე მოკლე არ შეიძლებოდაო - ჩინეთის ბაზრისთვის 7 ადგილი აუცილებელია
Borgward BX 7
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 1981 სმ3; სიმძლავრე: 165 კვტ (224 ცხ. ძ.) 5500 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 300 ნმ/1500; ამძრაობა: წინა ან სრული; გად. კოლოფი: 6-საფ. ავტომატიკა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4713/1911/1694 მმ; საბარგულის მოცულობა (მინ./მაქს.): 545/1377 ლ.; წონა: 1645 კგ; ფასი: დაახ. 25 000 ევროდან
კარლ ფ. ვ. ბორგვარდი - ინჟინერი და დიზაინერი
”ბორგვარდის” ახალი ავტომობილი ზუსტად თვითშექმნილი-ავტოპიონერის 125 წლისთავზე გამოდის. ბორგვარდი 1890 წლის 10 ნოემბერს, ჰამბურგში დაიბადა. მისმა კომპანიამ დაახლოებით ერთი მილიონი ავტომობილი გამოუშვა. არჩევანი საკმაოდ დიდი იყო: მცირე ზომის მანქანებით დაწყებული, ვიდრე მდიდრულ ლიმუზინებამდე. კონცერნმა წარმოება 1961 წელს შეაჩერა. თავად კარლ ბორგვარდი კი 1963 წელს გარდაიცვალა.
ფრანკფურტის ავტოშოუ 2015: AUTO BILD-ის ავტორი კრისტიან შტაიგერი და ახალი ”ბორგვარდი”. კაპოტის ქვეშ 224-ცხენისძალიანი Turbo-ძრავა დგას
ფრანკფურტის ავტოშოუ 1959: ზუსტად 56 წლის წინათ ”ბორგვარდმა” ფრანკფურტში წარმოადგინა P 100 6-ცილინდრიანი ძრავითა და პნევმო-დაკიდებით, რაც პირველი შემთხვევა იყო გერმანულ ავტოწარმოებაში
იხილეთ ფოტოგალერეა:
ასეთ ავტომობილებს აწარმოებდა "ბორგვარდი" 1939-დან 1963 წლამდე