გიორგი ჯანელიძე - მშვიდი მძღოლი განსხვავებული ოცნებით
05.11.2015
ჩვენი სტუმარია იუმორისტი გიორგი ჯანელიძე, რომლისთვისაც ავტომობილი უბრალოდ გადაადგილების კომფორტული საშუალებაა და არა განსაკუთრებული სიყვარულის ობიექტი, თუმცა ამ თემაზეც ისევე საინტერესოდ და იუმორით საუბრობს, როგორც სხვა ნებისმიერ საკითხზე.

ამჟამად, 2007 წელს გამოშვებული ”ტოიოტა კოროლა” ჰყავს და ბედს არ უჩივის. უკვე მეექვსე წელია, რაც ამ მანქანას მართავს და ამ ხნის განმავლობაში ავტომობილი ერთხელაც არ გაფუჭებულა. ბუნებრივია, ზეთის, ხუნდების და ფილტრების შეცვლას არ ვგულისხმობთ. სამაგიეროდ, პირველმა ავტომობილმა ”გოლფ 3-მა” გააწამა, რომლის წყალობითაც, მანქანის თითქმის ყველა დეტალს გაეცნო და თითქმის ყველაფრის შეკეთება მოუწია. ბოლოს, მანქანას მოძრაობის დროს ძრავა “გაძვრა” და როდესაც გაიგო, რომ მისი შეკეთება ახალი ძრავის ყიდვაზე სამჯერ ძვირი ჯდებოდა, მყარად გადაწყვიტა, რომ ავტომობილი შეეცვალა.



”ტოიოტა კოროლა” მაშინ შეიძინა, როდესაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა და იაფად გამოვიდა. უკვე ვთქვით, რომ მისთვის მანქანა უბრალოდ გადაადგილების საშუალებაა და როგორც თავად ამბობს, ბევრად უფრო კომფორტული, ვიდრე, მაგალითად, ვირი...

გიორგისთვის მთავარია, რომ მანქანა ეკონომიური იყოს, უხმაუროდ იაროს და არ შეაწუხოს - სისწრაფე და ექსტრემალური მართვა კი არასდროს იზიდავდა. მისი საოცნებო მანქანა ელექტრომობილია. ოცნებობს ისეთ ქალაქში ცხოვრებაზე, სადაც მხოლოდ ელექტრომობილები ივლიან და ყველა ბოძზე დენის წყარო იქნება მიმაგრებული. გიორგის ვარაუდით, ეს დრო აუცილებლად დადგება და იმაზე უფრო მალე, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია.



ქართველ და ევროპელ მძღოლებს ხშირად ადარებენ ერთმანეთს, მაგრამ გიორგის აზრით, ბებერი კონტინენტი ზედმეტად ჭრელია, ასეთი შედარებები კი - ნაკლებად ობიექტური. მაგალითად, ნეაპოლში დაახლოებით ისე მართავენ ავტომობილებს, როგორც საქართველოში და ზოგადად, სამხრეთულ ქვეყნებს მეტნაკლებად მსგავსი პრობლემები აქვთ. აღარაფერს ვამბობთ არაევროპულ ქვეყნებზე - მაგალითად, ეგვიპტესა და ინდოეთზე, სადაც კიდევ უფრო რთულადაა საქმე. გიორგი თავისი მანქანით იყო გადასული თურქეთში და არც იქ დახვდა სახარბიელო ვითარება - თუ თბილისში, შუქნიშანზე გამწვანებისთანავე გისიგნალებენ, ტრაბზონში სიგნალები ჯერ კიდევ წითელ ფერზე იწყება, როდესაც გამწვანებამდე 10 წამზე ნაკლებია დარჩენილი. ასე რომ, ამ მხრივ დიდად ”საამაყოდ” არ გვაქვს საქმე და ჩვენზე უარესი ვითარება არაერთ ქვეყანაშია - აი ჩრდილოევროპელები კი თამამად შეგვიძლია ”გავაკვირვოთ”...

მოძრაობის წესებს ხშირად ქვეითად მოსიარულეებიც არღვევენ, მაგრამ ჯანელიძის აზრით, ეს არა იმდენად ხალხის, არამედ ქალაქის არასწორი განვითარების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის ბრალია. თუ იქნება საკმარისი რაოდენობის და სწორად დაგეგმილი უსაფრთხოების კუნძულები, ბარიერები და საგზაო ნიშნები, პრობლემაც აღმოიფხვრება. თუმცა იმას რა უნდა ვუშველოთ, როდესაც გზაზე გადასავლელი ხიდი დგას და ხალხი მაინც ქუჩაზე გადარბის - ამაზე პასუხი არ აქვს.



გიორგის რომ სპორტი უყვარს, ცნობილი ამბავია, მაგრამ ავტოსპორტი დიდად არ იტაცებს – მონცაში ყოფნისას, შეეძლო ”ფერარის” მუზეუმი ენახა, მაგრამ იმ საღამოს ჩემპიონთა ლიგის მატჩი იყო და ფეხბურთი ამჯობინა. თუმცა, ქართველ მრბოლელებს დიდ წარმატებას უსურვებს - რამდენიმე მათგანის გვარიც იცის, პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, მევლუდ მელაძე ახსენდება.

გიორგი ჯანელიძე მკაცრი სანქციების მომხრეა იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავენ, კიდევ უფრო მეტად კი დრიფტის მოყვარულებს არ წყალობს. ერთი პერიოდი, ნუცუბიძეზე ცხოვრობდა, სადაც ყოველ ღამე დრიფტი ეწყობოდა და მრბოლელებს არც მოხუცების შეწუხება ანაღვლებდათ და არც ბავშვების გაღვიძება. ამის ნიადაგზე, მათთან კონფლიქტიც კი მოუვიდა. გიორგიმ დასძინა, შუა ქალაქში, უდროო დროს და უადგილო ადგილზე დრიფტი იმ ხელის მოტეხვით უნდა ისჯებოდეს, რომლითაც მრბოლები გადაცემათა კოლოფს მართავენ და სხვების შეწუხების ხარჯზე, თავის ”მუღამს ისწორებენო”.



Golf 3-ის გადამკიდე, ქართველი ხელოსნების ფსიქოლოგია შესწავლილი აქვს და ისიც კარგად იცის, რომ ხშირად, ბუზს სპილოდ გადააქცევენ ხოლმე. ავტომობილი ახალი ნაყიდი ჰყავდა, როდესაც რაღაც გაუფუჭდა და ხელოსანს მიაკითხა – დიაგნოზი ასეთი იყო: ბენზონასოსია გამოსაცვლელი და 240 ლარი დაგიჯდებაო.

”მაშინ, 240 ლარი კარგი ფული იყო. გამიკვირდა და ვკითხე, რა არის ეს ბენზონასოსი, ასეთი ძვირი რომ ღირს-მეთქი. მიპასუხა, რას ამბობ, ბენზონასოსი ნახევარი მანქანაოო. ჩემ წარმოადგენაში, თუ ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ნახევარ მანქანას უდრის, მინიმუმ უნდა ჩანდეს,” - ამბობს გიორგი.



კიდევ არაერთი ინციდენტი მოსვლია: ერთხელ, აღმართზე ადიოდა და უკან ისეთ მანქანას მიყვებოდა, თბილისში რომ ძალიან ბევრია – ანუ, ნელა რომ მიდიან და ძრავა არაადეკვატურად დიდ ხმას გამოსცემს. უცებ, ეს არაადეკვატური მანქანა დაგორდა და გიორგის ავტომობილს დაეჯახა. სანამ სადაზღვეო კომპანია და პატრული მოვიდა, დამნაშავემ გაქცევა სცადა, კიდევ ერთხელ გადაქოქა მანქანა, დაძრა, რამდენიმე მეტრით აუყვა აღმართს, ისევ დაგორდა და კიდევ ერთხელ დაეჯახა გიორგის ნატანჯ ”გოლფს”...

ცუდად ახსენდება ავტომობილის პირველი დაზღვევაც - გამომდინარე იქიდან, რომ მშვიდი მძღოლია, ექსტრემალური მართვა არ იტაცებს და ავარიის საფრთხეს ნაკლებად გრძნობს, სადაზღვეო კომპანიის მენეჯერს ერთადერთი კითხვა დაუსვა: ითვალისწინებდა თუ არა დაზღვევა სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილის შეკეთებას, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. შეთანხმება შედგა, იქედან ორ კვირაში კი გიორგის მანქანა დაესეტყვა. როდესაც სადაზღვეო კომპანიას მიმართა, უთხრეს, რომ სეტყვა კიდევ სხვა რამე იყო და სტიქიურ შემთხვევებში არ შედიოდა. ასე დარჩა ჩვენი დღევანდელის სტუმრის ავტომობილი დასეტყვილი.



გიორგი გამოგვიტყდა, რომ იმ ხალხის დიდად არ ესმის, რომლებსაც ავტომობილები ფანატიკურად უყვართ და ერთი საინტერესო შემთხვევაც გაიხსენა: რადიოს უსმენდა, სადაც ინტერაქტიული გამოკითხვა ტარდებოდა მეტად პროვოკაციული კითხვით: BMW თუ “მერსედესი”. დიდხანს უსმინა, მაგრამ ერთი არგუმენტირებული პასუხიც ვერ მოისმინა, თუ რატომ ანიჭებდნენ უპირატესობას ამა თუ იმ ბრენდს. ერთ ხანშიშესულ ადამიანს დაურეკავს და უთქვამს, “მერსედესი” ათი თავით სჯობს, რადგან მართვისას, გზაში თითქოს გელაპარაკებაო...

ისე, ჩვენს ქალაქში ბევრი ძველი “მერსედესი” დადის, რომლებიც საოცარ ხმებს გამოსცემენ და თითქოს მართლა ლაპარაკობენო - ეს უკვე გიორგიმ დასძინა.
ლაშა წიკლაური

ასევე დაგაინტერესებთ:
ვასიკო ოდიშვილის ავტოფილოსოფია
Auto Bild

გიორგი ქინქლაძე და მისი ბენტლი
Auto Bild

დათო ტურაშვილი: კარგი მძღოლი არის ის, ვინც...
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
Toyota, ინტერვიუ, ტოიოტა, ცნობილი ადამიანი,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
Cat Image
ახალი Mercedes C-კაბრიო: ღიაა ყველაფრისთვის, მაგრამ არა ყველასათვის...
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: დასვენება, ოლიმპიადა, Tbilisi Open Air...
"ზაგრების" სპორტული დირექტორი: თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ
სხვა სიახლეები
Toyota Land Cruiser Prado სპეციალურ ფასად და განსაკუთრებული საჩუქრებით
29.07.2016
მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან, “ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან “ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”
სრულად
კვირას, კახეთი დიდ რბოლას მასპინძლობს!
29.07.2016
კვირას, 31 ივლისს, 12:00 საათზე, კახეთის მზიან და მწვანე მიდამოებს მყუდროებას სპორტული ავტომობილების ძრავების ხმაური დაურღვევს.
სრულად
შემოდგომიდან ის მძღოლებიც დაჯარიმდებიან, რომლებიც სიჩქარეს მხოლოდ ვიდეოკამერასთან ანელებენ
26.07.2016
შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საქართველოში დამონტაჟებული კამერების უმეტესობა გამორთული არ არის, თუმცა
სრულად
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები?
Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა
რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz C 180 2500 $
Opel Vectra 450 $
Mitsubishi Pajero IO 3050 $
იყიდება აალების სანთელი სვეჩი /