თითქმის ერთნაირები არიან და, ამავდროულად, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. ჰო, ძალიან პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ასეა! ორ ამერიკულ სუპერმანქანას ვგულისხმობთ - ერთი მხრივ ”დემონ” Dodge Charger Hellcat-ს და მეორე მხრივ, ”ანგელოზ” Tesla Model S P85D-ს. ორივე ავტომობილი ქალაქის 5-მეტრიანი სედანია, ორივე სადღაც 2-2 ტონას იწონი, ორივე ამერიკელია და ორივეს სიმძლავრე დაახლოებით 700 ცხენის ძალაა. დიახ, 700! მიუხედავად ამისა, ისინი ერთმანეთისგან იმდენად რადიკალურად განსხვავდებიან, რომ ეს შედარება დიახაც ძალიან საინტერესოა.
DODGE CHARGER HELLCAT: 4-კარიან Charger-ს Hellcat-ის სახით მართლაც 707 ცხენის ძალა აქვს. ჩვენ ამ ავტომობილს დემონი ვუწოდეთ და ალბათ ამაში 100 პროცენტით გვეთანხმებით. Dodge-ის მონსტრი ბევრი ავტომოყვარულისთვის საოცნებო მანქანაა. ავტომობილის სიგრძე 5,10 მეტრია, წონა კი - 2 ტონაზე ოდნავ მეტი
მოდით, ჯერ ვიზუალურად დავაკვირდეთ. ”დემონით” დავიწყოთ: Dodge-ს გმირი, რა თქმა უნდა, შავია. გაცილებით მკაცრი და აგრესიული დიზაინი აქვს, კაპიტზე კი მზაკვრული საჰაერო აზის. თუკი მართლაც შესაძლებელია, რომ რომელიმე ავტომობილს დემონი ეწოდოს, Dodge Charger Hellcat ერთ-ერთი უპირველესია. Tesla კი აბსოლუტურად სხვანაირი ტიპია: გარეგნულადაც და ინტერიერშიც, რადგან XXL-ფორმატის სენსორულ ეკრანს მომავალში მივყავართ, ყველა სხვა ავტომობილისგან განსხვავებული ცხვირი კი ელეგანტურიცაა და გამორჩეულიც. და თუკი Dodge-ს ”დემონი” ვუწოდეთ, მაშინ ამ Tesla-ს ანგელოზი უნდა შევარქვათ.
TESLA MODEL S P85D: Tesla-ს უკანა კარი საკმაოდ დიდია, პლუს წინაც საბარგულია. უკანა სავარძელზე Dodge-ზე ნაკლები სივრცეა. Tesla Model S დიდი ხანია, რეალობაა, მაგრამ მაინც მომავლის მანქანას უწოდებენ, რადგან მომავალი მისი და მისნაირებისაა. Model S-ის სიგრძე 4,97 მეტრია და ისიც ორ ტონაზე მეტს იწონის
თუმცაღა Model S ძალიან თანამედროვე ანგელოზია. სხვა არცერთი ავტომობილი არ გამოხატავს მობილურობის მომდევნო, მომავალ ეპოქას, როგორც ეს Tesla. ეს არის მომავალი, ციფრული High Society-ს ავტომობილი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ელექტრულად დადის, ნამდვილი ბიზნეს-მონსტრია, რადგან დაუჯერებლად მძლავრია. მიუხედავად ასეთი სიმძლავრისა, ამ მანქანას ვერცერთი თანამედროვე და პოლიტკორექტულობაზე გადარეული ადამიანი ვერ დაძრახავს, რადგან უხმაუროდ და გამონაბოლქვის გარეშე დადის. Model S იმდენად უხმაუროა, რომ ქვეითთათვის თითქმის საშიშიც კია!
ვინც Tesla-ს ტოპ-მოდელ P85D-ს შეუკვეთავს, თამამად შეუძლია თქვას, რომ ალალ-მართალი ავტომოყვარულია. ამ ელექტრო-სედანში შვიდი მგზავრიც კი ეტევა (მესამე რიგში ორი საბავშვო სავარძელი 3300 ევრო ღირს). ლითიუმ-იონურ ელემენტებზე ჯდომა უცნაური განცდაა, მაგრამ უსაფრთხოა. იატაკში აკუმულატორების პაკეტი ჯამში 700 კილოგრამს იწონის და 85-კვ/სთ-იანი ტევადობა აქვს. შედარებისთვის, ეს ერთად აღებული ზუსტად 12 294 iPhone 6-ის ტოლფასია. თუმცა Tesla და მისი შეფი ელონ მასი ”აიფონებს” არ იყენებენ - Tesla საკუთარ ბატარეებს აწარმოებს, რაც ორი ელექტროძრავისთვის საკმარისია.
რომ არა წითელი შკალები ინსტრუმენტებზე, Hellcat-ის კოკპიტი მთლიანად მუქი იქნებოდა
დამატებითი ინსტრუმენტები სხვადასხვა ცნობებს გვაწვდიან - ანალოგური არაა, ციფრულია
ვისაც უნდა, შეუძლია ეკრანზე ეს ცნობებიც გამოსახოს
Model S-ში ერთი ”პატარა” ელექტრომოტორი 224 ცხენის ძალით წინა ბორბლებს ემსახურება, უკან კი 476-ცხენისძალიანი ელექტრომონსტრი ზის. და ვინც ამ 700-ცხენისძალიან ელექტროსიმძლავრეს გამოცდის და აქსელერატორის სატერფულს ფეხს ბოლომდე მიადგამს, ჯერ თავი უკან უნდა გადასწიოს და საჭეს მყარად მოეჭიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თავბრუსხვევა არ ასცდება! Tesla აჩქარებს ზედმეტი პაუზისა და ჩაფიქრების გარეშე, წამიერად იწყებს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ პირველივე ბრუნებიდან ბრუნის მომენტი 967 ნიუტონმეტრს აღწევს. მართალია, ვინც მაქსიმალურ აჩქარებას ბევრჯერ ეცდება, Tesla ენერგიის სწრაფი ხარჯვითაც დასჯის, მაგრამ აბა როგორ გვინდა? 700-ცხენისძალიან ელექტრომობილს ვინმე ეხუმრება?
ინტერიერის ელეგანტური შესრულება და ძალიან დიდი ზომის ცენტრალური ეკრანი
Tesla თვითონ გიჩვენებთ, სად შეიძლება Supercharger-ებზე მისი უფასოდ დამუხტვა
Dodge-ში ყველაფერი სხვანაირადაა. უფრო რთულად. თუმცა Dodge-ის სტილიც განსაცვიფრებელი და გადასარევია - ოღონდ, უფრო ხანგრძლივად. 6,2-ლიტრიანი ძრავის რვავე ცილინდრი თანმიმდევრულად გუგუნებს. მართალია, სანამ ჰაერის, ბენზინისა და აფეთქების მთელი ქორეოგრაფია შედგება, თვალის დახამხამებასაც მოასწრებთ, მაგრამ როგორც კი შედგება, მერე კომპრესორიანი V8 სუნთქვისშემკვრელ ხმებს გამოსცებს და ავტოწარმოების კლასიკურ არიებს გვთავაზობს. 8-ცილინდრიანი აგრეგატი ისე ბრაზობს, იღრინება, ხვრეპს, გრგვინავს, გრუხუნებს და ისე ქუხს, რომ ყალყზე დამდგარი თმები დიდხანს ვერ დამშვიდდებიან.
არც უნდა დამშვიდნენ, რადგან Charger ისეთი მანქანაა, სიმშვიდე და სიწყნარე ურჩევნია, სხვა ავტომობილებს გადაულოცოს. როცა ეს მანქანა თავისი 707 ცხენით უკანა ბორბლებს ატრიალებს, 275-იანი რეზინები მძღოლის ზურგს უკან საოცარ ხმებს გამოსცემენ, ბოლს აყენებენ და მანქანა მართლა ჯოჯოხეთიდან გამოქცეულ კატას ემსგავსება. კუდის თამაში, რა თქმა უნდა, მთელი ამ შოუს ნაწილია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს - ESP უკანალს ნებისმიერ წამს აკონტროლებს. უბრალოდ, მანქანას იმის ჩვენება უნდა, რაც შეუძლია - თუკი გარისკავ და მიუშვებ. აი, სველზე კი, უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი სიმძლავრის დროს სრული ამძრაობა უფრო გონივრულია.
სულისშემძვრელი სტარტებისთვის Dodge-ს, რა თქმა უნდა, Launch-Control-იც აქვს, თუმცა ამგვარი შოუს ელემენტები ამ ძალიან მაგარ ამერიკულ კატას იდეაში არც სჭირდება. უმჯობესია, თითქმის 2000 ბრუნითა და ღრმა ბას-გრუხუნით იკრუიზო და ძრავის მშვენიერი ჟღერადობით ისიამოვნო. 881-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტი კი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა აწვალო. Hellcat ნებისმიერ გასწრებაზე ისე გადის, თითქოს მოწყენილია. ჩვეულებრივი გასწრებები ჰაივეისა თუ ავტობანზე მისთვის მართლაც მოსაწყენია. თუმცა ჩვენ მაინც უნდა ვთქვათ, რომ 8-საფეხურიანი ავტომატიკა იდეალურად მუშაობს. ერთი სიტყვით, რამდენადაც ბოროტი ჩანს ეს ძველი სკოლის დემონი, იმდენად სასიამოვნოა მასში გატარებული წუთი.
ნელა იარეთ, რომ მიზანს მიაღწიოთ, ელემენტი ჯდება...
ამ დემონსა და ანგელოზს შორის არჩევანის გაკეთება რომ გვიწევდეს, ძალიან დიდხანს ვიფიქრებდით. ორი აზრი არ არსებობს, მომავალი Tesla-სია. მნიშვნელობა არა აქვს, მანქანაში ენერგიას ხვალ ელემენტებში შევინახავთ, თუ წყალბადისგან მივიღებთ - ფაქტი ის არის, რომ ადრე თუ გვიან, უგამონაბოლქვო ელექტრომობილები შიგაწვისძრავიან მანქანებს გააძევებენ. თუმცაღა, იმაშიც გვერწმუნეთ, რომ ეს საავტომობილო რევოლუცია უფრო ზეგ მოხდება, ვიდრე დღეს საღამოს.
ანუ, Dodge-ს ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს. და მან, მისნაირებმა და მათნაირთა მოყვარულებმა ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ფაქტი ერთია: ასეთი გადასარევი 8-ცილინდრიანი მანქანები დიდხანს ნაღდად აღარ იარსებებენ. ამიტომაც, მოდი ეს 6,2-ლიტრიანი აგრეგატი კიდევ ერთხელ დავქოქოთ და არა მარტო მოვუსმინოთ, არამედ ასფალტზე კვალიც დავტოვოთ. და თუ დრო მგრგვინავ V8-ძრავებს ოდესმე მართლაც დაადუმებს, მაშინ იმასაც ვინატრებთ, რომ აღარც ამ კასტრირებული Downsizing-ძრავუკების ხმა გავიგონოთ. მაშინ მთლიანად დავუთმოთ ჩვენი დაბინძურებული სამყარო ელექტრომონილებს, რაც თავის მხრივ, ნაღდად კარგი თემაა.
Tesla-ს დამუხტვა ძალიან ადვილია და დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდება
Dodge Charger SRT Hellcat
ძრავა: V8-Kompressor; მოცულობა: 6166 სმ3; სიმძლავრე: 520 კვტ (707 ცხ. ძ.)/6000 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 881 ნმ/4800; მაქს. სიჩქარე: 328 კმ/სთ; ამძრაობა: უკანა/8-საფ. ავტომატიკა; ავზი: 70 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 5100/1905/1480 მმ; საბარგული: 467 ლ; ტესტის შედეგები: 0-100/0-200 კმ/სთ: 4,2/11,8 წამში; წონა: 2088 კგ; საწვავის ხარჯი (გატესტილი): 15,7 ლ. SP/100 კმ-ზე; გარბენი სავსე ავზით: 445 კმ; ფასი: 91 000 ევრო
Tesla Model S P85D
ძრავები: ელექტრომოტორები; სიმძლავრე: 515 კვ (700 ცხ. ძ.); ბრუნის მომენტი: 967ნმ; მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ; ამძრაობა: სრული; ტევადობა: 85 კვ/სთ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4970/1964/1445 მმ; საბარგულის მაქს. მოცულობა: 1795 ლიტრი; ტესტის შედეგები: 0-100/0-200 კმ/სთ: 3,5/14,7 წამში; წონა: 2235 კგ; ენერგიის ხარჯი: 23,3 კვ/100 კმ-ზე; გარბენი დამუხტვის შემდეგ: 365 კმ; ფასი: 115 000 ევრო
იქ, სადაც Model S-ს დამატებითი სბარგული აქვს, Dodge Charger-ს 6,2-ლიტრიანი V8-აგრეგატი უგუგუნებს
დასკვნა
DODGE CHARGER - უმძლავრესი მანქანა, რომელიც შესანიშნავად დადის, გრანდიოზული ჟღერადობით. თუმცა მისი დრო მალე წავა.
TESLA MODEL S - შთამბეჭდავი ელექტრომობილი: თანამედროვე, პოლიტკორექტული მანქანა - მომავალი მისია.
ჯერალდ ჩაიკა, დირკ მიოლერი
ბოროტი Dodge და უხმაურო Tesla
ასევე დაგაინტერესებთ:
BMW თვითმფრინავის წინააღმდეგ

მანქანები ისეთი კაცებისთვის,
რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავენ...

ყველაზე ძველი ახალი მანქანა მსოფლიოში

როცა მანქანა ჯობია სახლს: გერმანული საცხოვრებელი მანქანები

1500 კილომეტრი ბუგატით

ლივერპულის საიდუმლო განძი

TESLA MODEL S P85D
Tesla-ს უკანა კარი საკმაოდ დიდია, პლუს წინაც საბარგულია. უკანა სავარძელზე Dodge-ზე ნაკლები სივრცეა. Tesla Model S დიდი ხანია, რეალობაა, მაგრამ მაინც მომავლის მანქანას უწოდებენ, რადგან მომავალი მისი და მისნაირებისაა. Model S-ის სიგრძე 4,97 მეტრია და ისიც ორ ტონაზე მეტს იწონის