ორი წელია, რაც შუმახერის გულშემატკივრები მიხაელის შესახებ კარგ ცნობებს ელიან და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ამბავი შუმიზე ჟურნალმა ”ბუნტემ” ახალ ნომერში დაწერა, მაგრამ რასაც ჟურნალი ”ბუნტე” ”საშობაო სასწაულს” უწოდებს და ექსკლუზიურ ინფორმაციად ასაღებს, შუმახერის მენეჯერ საბინე კემის თქმით, ”საშობაო სასწაული” კი არა, ”საშობაო ტყუილია”!
ახლავე ყველაფერში გაგარკვევთ: ჟურნალმა ”ბუნტემ” ახალ ნომერში პირველ გვერდზე გამოაქვეყნა შუმახერის ფოტო და ასეთი სათაური: ”მას ისევ შეუძლია სიარული!” სტატიაში კი ვკითხულობთ, რომ თურმე მიხაელს არა მარტო სიარული, არამედ, თერაპევტების დახმარებით, უკვე ცოტაოდენი სირბილიც კი შეუძლია. ”ბუნტეში” ვკითხულობთ, რომ ჟურნალმა ეს ინფორმაცია ”სანდო წყაროსგან” მოიპოვა.
სტატიას სწრაფად გამოეხმაურა შუმის მენეჯერი საბინე კემი, რომელმაც უარყო ”ბუნტეს” მიერ გავრცელებული ინფორმაცია: ”სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ინფორმაცია, თითქოს მიხაელ შუმახერს სიარული შეუძლია, სიმართლეს არ შეესაბამება,” - აცხადებს საბინე კემი გაზეთ ”ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ასეთი სპეკულაციები მედიის მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელია. ”გარდა იმისა, რომ ასეთი სპეკულაციები შეურაცხყოფს შუმახერის ოჯახს, ცრუ იმედებს აძლევს მის მილიონობით გულშემატკივარს,” - დასძენს კემი.
2013 წლის 29 დეკემბერს მომხდარი შემზარავი ამბავის შემდეგ, როცა მიხაელი თხილამურებით სრიალის დროს დაეცა, შუმი ჯერ თვეების განმავლობაში ხელოვნურ კომაში იყო და გრენობლის კლინიკაში მკურნალობდა, შემდგომ კი მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო და ახლა მას საკუთარ ვილაში მკურნალობენ. მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უკვე რამდენიმე თვეა, ოფიციალურად არაფერია ცნობილი.
ასევე იხილეთ:
შუმახერი სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძვის!

შუმახერის შვილები მამის კვალზე

შუმახერის პირადი ფოტოები ბავშვობიდან დღემდე
