
დიახ, კია! მას მაშინვე იცნობთ - ცხვირით. ახალი Optima-ს სიგრძე ზუსტად 4,855 მეტრია
მეტი სიმშვიდე? რას ქვია მეტი სიმშვიდე? ან როგორ, დიზელის ეს ძრავა წინამორბედიდან ხომ უცვლელად გადმოიტანეს! საქმე ისაა, რომ ”კიას” ტექნიკოსებმა დიზელის 4-ცილინდრიან და 1,7 ლიტრი მოცულობის აგრეგატს ხმაურიზოლაცია გაუუმჯობესეს, რითაც ხმა უფრო ჩაახშეს და ძრავაც გაცილებით მშვიდად მუშაობს. თუ ტრასაზე 100 კმ/სთ-ით მაინც მიქრიხარ, ყველაფრის ხმა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ძრავის ჟღერადობა. აი, მყისიერი აჩქარებისას, მართალია, დიზელისთვის დამახასიათებელი ტონი მაინც გესმის, მაგრამ ესეც მშვიდი ჟღერადობაა - ზუსტად ისეთი, როგორიც თანამედროვე საშუალო კლასის დიზელისძრავიან სედანს უნდა ჰქონდეს.
ინჟინრებმა დიზელის ძრავას 5 ცხენი დაუმატეს - 141 ცხენის ძალა 136-ის ნაცვლად
ის ფაქტი, რომ ”ოპტიმა” ამ აგრეგატით გადასარევად არ ჩქარდება, რა თქმა უნდა, მისი შედარებით მოკრძალებული სიმძლავრის დამსახურებაა. 141 ცხენის ძალა (136-ის ნაცვლად) 4,85-მეტრიან სედანში? ასეთი სიმძლავრით შუქნიშანზე სპორტულ მანქანას ვერ დაუდგებით. მაგრამ მოდით, გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ: ესეც საკმარისია! ქარხნული მონაცემები გვპირდება, რომ ახალი Optima ამ ძრავით 100 კმ/სთ-მდე 10 წამში ჩქარდება და მაქსიმუმ 195 კმ/სთ-ს ავითარებს. ეს არ არის გადასარევი დაპირება, მაგრამ მოდით, ამასაც პოზიტიურად შევხედოთ: ამ ”ოპტიმას” მართვა განტვირთვაა. ცელქობა უნდა დაივიწყოთ და გადაცემათა ავტომატური DSG კოლოფით უნდა ისიამოვნოთ. დიდი და კომფორტული სავარძლები შორ გზაზეც კი არ დაგღლით, უკანა სავარძელზე კი მაღალი მგზავრებიც კი გაშლიან ფეხებს.
ჩვენი ავტორი ანდრეას ბორხმანი სიმაღლეში 1,86 მეტრია და წინა სავარძელიც თავის ზომაზე რომ დააყენა, უკან ფეხები მაინც კომფორტულად გაშალა. მოსალოდნელზე მეტი მდიდრულობა: ტყავის დიდი სავარძლები ელექტრონულად რეგულირდება
სიმშვიდისა და განტვირთვის გარანტიას იძლევა ”ოპტიმას” რბილი სავალი ნაწილიც. ცენტრალურ კონსოლზე განთავსებულ ღილაკზე დაჭერით რეჟიმებს ცვლით და სპორტული სიხისტე, რაც ამ ავტომობილის შესრულებას არ შეესაბამება, მაინც სახეზეა. აი, რბილ და კომფორტულ რეჟიმში კი ”ოპტიმა” გზის ნებისმიერ უსწორმასწორობას შეუმჩნევლად ყლაპავს და კომფორტულად ”დაცურავს”. ”კიას” ახალი სედანის დაკიდებას მხოლოდ მყისიერი უსწორმასწორობები არ მოსწონს - ჩავარდნილი ასფალტი, ამოშვერილი საფეხური და ა.შ. თუმცა საერთო ჯამში ახალი ”ოპტიმა” წინამორბედზე გაცილებით რბილად დადის.
აი, ასეთი მდიდარია დღეს საშუალო კლასის სედანი
კორეელთა დაპირებებში ასისტენტ-სისტემებიც ვახსენეთ და მართლაც: საჭიროების შემთხვევაში, ასისტენტების მთელი ბატალიონი გეხმარება, რომელიც საქმეში მაშინ ერთვება, როცა ამის აუცილებლობა არსებობს. ვგულისხმობთ ავარიულ დამუხრუჭებას, ქვეითთა ამოცნობას, კურსის შენარჩუნებისა და შეცვლის ასისტენტებს და ა.შ. კომპლექტაციაშია ადაპტირებადი მოხვევის განათება, შორსმაშუქის ასისტენტი და საგზაო ნიშნების ამოცნობაც. და ეს ყველაფერი იმდენად ჰარმონიულად ფუნქციონირებს, რომ მძღოლი და მგზავრები მართლაც ძალიან მშვიდად იმგზავრებენ. აღარაფერს ვამბობთ ”კიას” ტრადიციულ ღირებულებებზე - კლასის გათვალისწინებით აბსოლუტურად მისაღებ ფასზე და შესანიშნავ გარანტიაზე.
LED-ის გარეშე შეუძლებელია: ახალი Optima მოდურად ანათებს
ახალი Kia Optima უკვე საქართველოშია და მისი ფასი ”კიას” თბილისის ცენტრში 22 900 დოლარიდან იწყება. რაც შეეხება კონკრეტულად ამ მოდელს: 1,7-ლიტრიანი დიზელის ძრავის მქონე ვერსიის ფასი ”კიას” ცენტრში 23 800 დოლარია (საშუალო პაკეტი, ავტომატიკა).
Kia Optima 1.7 CRDi
►Optima-ს ფასი ”კიას” თბილისის ცენტრში: 22 900 დოლარიდან
►Optima 1.7 CRDi-ს ფასი ”კიას” თბილისის ცენტრში: 23 800 დოლარიდან
დასკვნა
ახალი Kia Optima ვუნდერ-მანქანა არ არის, მაგრამ წესიერი ტიპია, რომელიც ნერვებს არც შენ მოგიშლის და არც სხვებს. დიზელის 1,7-ლიტრიანი ძრავით ეს ავტომობილი A პუნქტიდან B პუნქტამდე კომფორტულად მიგიყვანს და ამის სანაცვლოდ ბევრ ფულს არ წაგართმევს. თუკი ეს ღირებულებები თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ”ფოლკსვაგენ პასატის” კორეული კონკურენტი აუცილებლად უნდა იყიდოთ.
ანდრეას ბორხმანი