ეს მხოლოდ შესავალია, უშუალოდ ავტომობილს კი ჟენევაში (3-დან 13 მარტამდე) ვნახავთ. ფოტოებზე ხედავთ ”ოპელის” ლეგენდარული მოდელის Opel GT-ს ახალ, სტუდიურ ვერსიას, რომელიც, რა თქმა უნდა, უკანა ამძრაობითაა წარმოდგენილი. დაკვირვებული ავტომოყვარულები ლოგოს გარეშეც მიხვდებოდნენ, რომ სწორედ Opel GT-ს ახალ ვერსიასთან აქვთ საქმე, რადგან ავტომობილი კომპაქტურია, გრძელი კაპოტი აქვს, მოკლე გადასვლები და არ აქვს საბარგულის კარი ან სახურავი. ავტომობილი, რა თქმა უნდა, აღჭურვილია უახლესი Matrix-LED-ტექნოლოგიით, რომლითაც ახალი Opel Astra-ც იწონებს თავს.
თვალშისაცემია წითელი წინა საბურავები, რაც 1928 წლის Motoclub 500-ს გვახსენებს. საერთო ჯამში სპორტულ-სტუდიური მოდელი ძალიან პურისტულია: კარის სახელურების გარდა, ”ოპელმა” საჩვენებელ მოდელში უარი თქვა გარეთა სარკეებზე და მინათმწმენდებზეც კი - სერიულ ვერსიას კი, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ექნება. თუმცა ექნება კამერებიც, რომლებიც სტუდიურ მოდელში სარკეებს ცვლიან და ვიდეოს ინტერიერის ეკრანზე გადასცემენ. ზუსტად ისე, როგორც BMW i8 Mirrorless-ის შემთხვევაში.
სტუდიურ მოდელს პატარა ძრავა, 1-ლიტრი მოცულობის 3-ცილინდრიანი აგრეგატი უდგას, რომლის სიმძლავრე 145 ცხენის ძალა, ხოლო ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი 205 ნიუტონმეტრია. ასევე აღსანიშნავია 6-საფეხურიანი თანმიმდევრული გადაცემათა კოლოფი. პატარა ძრავას ამ შემთხვევაში Adam-იდან, Corsa-დან და Astra-დან ვიცნობთ. Opel GT-ს სტუდიური მოდელის წონა 1000 კილოგრამზე მცირეა და ამ ძრავით მანქანა 100 კმ/სთ-მდე 8 წამში ჩქარდება და მაქსიმუმ 215 კმ/სთ-ს ავითარებს. ცხადია, სერიულ მოდელში გაცილებით მძლავრი ძრავებიც იქნება ხელმისაწვდომი.
”ოპელი” სერიული მოდელის პრეზენტაციას ორი წლის შემდეგ, 2018 წლის ჟენევის ავტოშოუზე გეგმავს და სწორედ 2018 წელს დაიწყება სერიული ვერსიის გაყიდვებიც. Opel GT-ს საწყისი ფასი დაახლოებით 23 000 ევრო იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც მაშინ, Opel GT ახლაც სახალხო სპორტული ავტომობილი უნდა გახდეს.
ასევე იხილეთ:
მოგზაურობა 2015 წლის საუკეთესო კომპაქტით

ასევე დაგაინტერესებთ:
როგორი იქნება ახალი Opel Insignia?

ვიღაცამ მერსედესს, BMW-ს და აუდის გადაუფრინა... (+ VIDEO)

გაიცანით: ახალი ოპელ ასტრა

იხილეთ გალერეა:
ოპელის ახალი და მომავალი მოდელები
