პინკ ფლოიდის დრამერის „წმინდა გრაალი“
პინკ ფლოიდის დრამერის „წმინდა გრაალი“
18.02.2016
გასეირნება ნიკ მეისონთან ერთად - მისი ლეგენდარული და განუმეორებელი ფერარით

შეუძლებელია, „პინკ ფლოიდის“ დრამერმა, ნიკ მეისონმა არ აღგაფრთოვანოს. იმიტომ კი არა, რომ ამ ლეგენდარულმა ჯგუფმა მთელ მსოფლიოში 250 მილიონი ალბომი გაყიდა, რაშიც მას ლომის წვლილი მიუძღვის; არც იმიტომ, რომ „პინკ ფლოიდის“ გავლენით დედამიწას მოევლინა ისეთი ჯგუფები, როგორებიც იყვნენ Queen, Radiohead, Genesis და ბევრი სხვა. „პინკ ფლოიდის“ გავლენას თვით დევიდ ბოუიც კი განიცდიდა... მაგრამ, აქ სულ სხვა თემაზე გესაუბრებით. გაზეთ Financial Times-ში წავაწყდით ჟურნალისტ ჯერემი ტეილორის წერილს, სადაც ის ჰყვება, როგორ ანდო ნიკ მეისონმა მას თავისი მანქანის გასაღები და საჭესთან დაჯდომის ნება დართო. მერე რაო? - იკითხავს ზოგი. რა და ის, რომ ეს მანქანა „ფერარი“ 250 GTO გახლავთ, რომელიც 23 მილიონი ინგლისური გირვანქა სტერლინგი ღირს.

Auto Bild

„როკ ვარსკვლავმა მანქანა გაცნობიდან ერთ საათში მანდო, - წერს აღფრთოვანებული ტეილორი, - არადა, როდესაც ლონდონიდან 150 კილომეტრში, საირენსესტერში, მის ანგარს მივადექი, ფოსტალიონი ვეგონე. არა უშავს, სულ 80-იანი წლების ინგლისური საბავშვო თოჯინური სერიალის გმირის სახელი, ფოსტალიონი პეტი რომ მეძახოს, ხმას არ ამოვიღებ, რადგან „ფერარი“ 250 GTO უნიკალური მოდელია და მისი ტარება ამად აშკარად ღირს“.

უნიკალური?... 250 GTO „ფერარებს“ შორის ყველაზე დიდებულ და ფასეულ მოდელად ითვლება. მას 1962-64 წლებში უშვებდნენ. სულ 39 ეგზემპლარი შექმნეს, თითოეული 6 000 გირვანქა ღირდა და ენცო ფერარი პირადად ასახელებდა, ვის უნდა ეყიდა. ცნობილმა „დი ჯეი“ კრის ევანსმა 2010 წელს ერთ ასეთ მანქანაში 10 მილიონი გირვანქა გადაიხადა, ხოლო ის ეგზემპლარი, რომელიც პირადად სერ სტირლინგ მოსისთვის გაკეთდა (სერ სტირლინგ კროუფორდ მოსი, მოგეხსენებათ, „ფორმულა ერთის“ ლეგენდარული პილოტი იყო) 23 მილიონად გაიყიდა.

Auto Bild

„1977 წელს ხალხს იდიოტი ვეგონე, რადგან The Dark Side of the Moon-ის შემოსავლით აი, ეს მანქანა ვიყიდე. მასში 37 000 გირვანქა გადავიხადე, - ამბობს ვირტუოზი დრამერი, - არ მინდა თვითკმაყოფილი კაცის შთაბეჭდილება დავტოვო, მაგრამ, 40 წლის შემდეგ აშკარად გამოჩნდა, რომ მართალი ვიყავი. GTO ჩემი საყვარელი მოდელია, რადგან მასზე სრულყოფილი „ოლ რაუნდერი“ არ მეგულება. ყველაფრისთვის ვარგა. მიუხედავად იმისა, რომ ტრასისთვისაა შექმნილი და V12 ძრავით არის აღჭურვილი, ის სამართავად საკმაოდ მოხერხებული მანქანაა. შესახედავადაც ძალიან ლამაზია, თუმცა ინჟინრულად ზოგი გადაწყვეტილება მაინც ცოტა მოუმწიფებელია. ინტერიერი საბაზისო აქვს. რბოლისთვის შექმნილი მანქანების უმრავლესობა სატარებლად ნამდვილი მოსათვინიერებელი მხეცია, 250 GTO-ს კი, ვფიქრობ მევრი მოარჯულებს,“ - ეს ნიკის სიტყვებია.

Auto Bild

ამრიგად, ჯერემი ტეილორი 250 GTO-ს გასაქროლებლად მზად არის, მაგრამ ცოტათი მაინც ნერვიულობს. გამოუცდელი კაცი არ გეგონოთ, საქვეყნოდ ცნობილი გაზეთის საავტომობილო გვერდის მიმომხილველია; დეიმონ ჰილის ფორმულა ერთის ბოლიდიც კი უტარებია, ერთადგილიან სარბოლო მანქანებსა და ნაირნაირ „ფერარიზე“ ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ 250 GTO, როგორც თავად ამბობს, „წმინდა გრაალია“, თან... ინგლისელ კაცს უძვირეს მარცხენასაჭიან მანქანასთან ურთიერთობა აკრთობს. ჰო, მართლა, სადმე მოასფალტებულ ან ბეტონის ტრასაზე კი არა, სოფელ ადგილას, მინდორში გაკვალულ შარაზე უნდა გავიდნენ. აქა-იქ ორმოებიც კი ჩანს.

მეისონმა ჟურნალისტს 250 GTO -ს თავისებურებების შესახებ უკვე უამბო. ახლა მისი ჯერია. ის საჭესთან ჯდება; წინ გრძელ კაპოტს ხედავს, პანელზე მისთვის უცნობ უამრავ ციფერბლატსა და ინდიკატორს. ერთს Olio აწერია, მეორეს aqua. გასაგებია, რომ ზეთსა და წყალზეა ლაპარაკი, მაგრამ, იტალიურად. ესე იგი, ეს მანქანა იმ ეპოქაშია შექმნილი, როდესაც ავტომწარმოებლები საერთაშორისო ტერმინოლოგიას არ დაგიდევდნენ. თანამედროვე მანქანებისგან განსხვავებით 250 GTO-ს მძღოლის დამხმარე მოწყობილობებიც არა ქვს და ეს საჭესთან ჯდომას უფრო საინტერესოს ხდის - შენ ხარ და შენი ოსტატობა.

Auto Bild

„1964 წელს, სანამ „პინკ ფლოიდი“ ცნობილი ჯგუფი გახდებოდა, მე და მამაჩემი გუდვუდში წავედით და რბოლას დავესწარით - ეს მანქანა საქმეში ვნახეთ. რა ვიცოდი მაშინ, რომ ერთ მშვენიერ დღეს სწორედ მე აღმოვჩნდებოდი იმ ერთ მუჭა ადამიანთა შორის, რომელთაც შინ 250 GTO ჰყავთ. ჩემი 250 GTO მსუბუქია, ძრავის მოცულობა 3,0 აქვს. ის 1962 წელს ლე მანში მესამე ადგილზე გავიდა, შემდეგ კი, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, GT კლასის ავტომობილების მწარმოებელთა საერთაშორისო ჩემპიონატებში იმარჯვებდა. მას არც ამის შემდეგ შეუწყვეტია ასპარეზობა, მაგრამ რესტავრაცია არასდროს დასჭირვებია და ფასიც იმიტომ აქვს ამხელა, რომ ყველაფერი ორიგინალური აქვს,“ - ყვება მეისონი.

ტეილორი კი ამასობაში 250 GTO -ს ტარებას გვასწავლის: „გადაატრიალეთ გასაღები საათის ისრის მიმართულებით და შემდეგ ამძრავის ბუდეს მიაწექით, თორემ მანქანა არ დაქოქება. დაქოქვას კი იოლად მიხვდებით, რადგან მაყუჩის ოთხი მილი უკნიდან „ცეცხლის ფრქვევას“ დაიწყებს. 5-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი სკამებს შორის საკმაოდ მაღლაა მოთავსებული. როდესაც პირველში ჩავაგდე და მანქანა დავძარი, ერთადერთი, რაზეც ვღელავდი ის იყო, რომ მისტერ მეისონის ნალოლიავები გაზონი ერთბაშად არ გამენადგურებინა.“

Auto Bild

მანქანა აბღუილდა, როკ-ვარსკვლავმა კი თქვა, რომ სერიოზულ ავარიაში არასდროს მოყოლილა: „ბევრჯერ გამიქროლებია მანქანა, მაგრამ ავარიაში არ მოვყოლილვარ, ამ მხრივ იღბლიანი ვარ. საერთოდ, 250 GTO-ს საჭესთან ჯდომის დროს ერთი რამ უნდა გახსოვდეს: ის შენ უნდა მართო და არ მისცე საშუალება მან გმართოს შენ. GTO-ს უკანა ნაწილი მსუბუქი აქვს და მოსახვევებში თუ ძალიან ააჩქარებ, აქეთ-იქით დრიფტს იწყებს. ის სწორი სვლის შესანარჩუნებელი თანამედროვე ინსტრუმენტებით არ არის აღჭურვილი. ამიტომაცაა ძველი მანქანებით რბოლა სპორტული თვალსაზრისით გაცილებით სამართლიანია.“

საყურადღებოა, რომ ნიკ მეისონი თავის უნიკალურ ექსპონატს მუზეუმში არ ინახავს. ის ამ ავტომობილით მთელ მსოფლიოში დადის და რბოლებშიც მონაწილეობს - ლე მანით დაწყებული, სილვერსტოუნით დამთავრებული, ყველგან აქროლებს და ფრიადი წარმატებითაც. მისი ანგარი საირენსესტერში, უნიკალური მანქანებითა და ჯილდოებით გადავსებული ნამდვილი ალი-ბაბას „სეზანია“. აქ არის Maserati Tipo 61 Birdcage, უამრავი „ბუგატი“, „ასტონ მარტინი“, „ფერარი“ და „მაკლარენის“ F1-ის ბოლიდი.

Auto Bild

სანამ ჯერემი ტეილორი 250 GTO-ს ეჩვეოდა და უთამამდებოდა, მგზავრის სავარძელში მშვიდად მოკალათებული მეისონი თავისი მანქანის შესახებ თხრობას განაგრძობდა: „საკმაოდ პრანჭია ვინმე ბრძანდება. კარგად რომ გაიაროს წუთში 6 000 ბრუნამდე მაინც უნდა აიყვანო, რბოლისთვის 7500 ბრუნი გჭირდება, ხოლო გამარჯვებისთვის 8 000 ბრუნი. თან, 4 000 ბრუნზე ზევით ისე ღმუის, რომ ფიქრიც გიჭირს ადამიანს.“

თავისი სიტყვების დასამტკიცებლად ლეგენდარული დრამერი ჟურნალისტს მეოთხედან მესამე სიჩქარეში გადართვას და აჩქარებას სთავაზობს. მანქანა ღმუის. ტეილორი წერს, რომ წამით მას თვითმფრინავის კაბინაში ეგონა თავი. GTO-მ სიმძლავრის არანორმალური მოზღვავება იგრძნო და გაფრინდა, თუმცა, ოდნავ მოსახვევებშიც კი ტანის აქეთ-იქით ქნევასმოჰყვა და საჭის ხშირი, თუმცა რბილად გასწორება დასჭირდა.

Auto Bild

ანგარში დაბრუნებისას 250 GTO ერთიანად თუხთუხებდა. აქსელერატორის პედალზე ფეხის ოდნავ მიჭერაზე, ინდიკატორების ისრები დაფრინავდნენ. „ტარებისას სიჩქარე უამრავჯერ გამოვუცვალე, დამუხრუჭებისას კი მანქანა ერთიანად ამოვთხვარე ცხენის ნეხვში,“ - წერს ჟურნალისტი.

„სულაც არ მაღიზიანებს როდესაც ჩემი GTO-ს საჭესთან სხვები სხდებიან. მანქანა ხომ ტარებისთვის არის შექმნილი და, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანებს ბედნიერებას ვანიჭებ, თავადაც მიხარია. უკვე 71 წლისა გახლავართ და ვხვდები, რომ მუდმივად ვეღარ ვიჯირითებ. ჩემი კოლექციიდან რამდენიმე მანქანა უკვე გავყიდე კიდეც, მაგრამ 250 GTO-ს ვერასდროს შეველევი. ამიერიდან, ავტოტურისტობას ვაპირებ. ეს ისაა, როდესაც ფანჯრიდან ქვეყანას ათვალიერებ, გვერდით მჯდომს ელაპარაკები და სადმე კაფესთან შიმშილის მოსაკლავად ჩერდები...“

როგორც ჩანს ასაკს მართლა მიაქვს თავისი.
მოამზადა ილია ბაბუნაშვილმა

Auto Bild

ნიკ მეისონი


ნიკოლას (ნიკ) ბერკლი მეისონი დაიბადა 1944 წლის 27 იანვარს ბირმინგემში (ინგლისი). მეისონი ლეგენდარული როკ-ჯგუფის, ”პინკ ფლოიდის” მუსიკოსია (დასარტყმელი საკრავები, პერკუსია). ნიკი ჯგუფის ერთადერთი წევრია, რომელმაც დაუკრა ყველა ალბომზე და ყველა კონცერტზე. ნიკ მეისონი ავტორბოლისა და ძველი სპორტული მანქანების დიდი მოყვარულია და სპორტის ამ სახეობის შეჯიბრებში ხშირად მონაწილეობს.

Auto Bild
პინკ ფლოიდი: რიჩარდ რაიტი, როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი და დევიდ გილმორი

იხილეთ ფოტოგალერეა:
60-იანი წლების ლეგენდარული კუპე: Mercedes 250 SE Coupé
Auto Bild


BMW 507 Roadster
Auto Bild


40 მანქანა, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს!
Auto Bild


25 საუკეთესო გზა ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის
Auto Bild
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ნახეთ, რა გააკეთა შკოდამ!
2016-03-31 06:04:48
4,70 მეტრი! ”შკოდას” SUV ”ფოლკსვაგენ ტიგუანზე” 21 სანტიმეტრით გრძელია. Skoda Kodiak შემოდგომაზე
სრულად
article image
Cat Image
მაღალი, თუ დაბალი - ტიგუანი, თუ გოლფი?
2016-03-30 06:00:31
ევროპის ბესტსელერი კომპაქტი ბესტსელერი SUV-ის წინააღმდეგ
სრულად
article image
Cat Image
ახალი ვოლვოს ტესტი: პატარა ძრავა, დიდი ამბავი!
2016-03-29 06:12:19
”ვოლვოს” დიდ SUV-ს უკვე კარგად იცნობთ, მაგრამ როგორია ის ბენზინის პატარა ძრავით?
სრულად
მარკ ცუკერბერგის 10-მილიონიანი სახლი საინტერესო ისტორიით
ქვის კალათები ბაღისთვის – როგორ იქმნება ეზოს ნამდვილი მშვენება
ნაბდის ქუდები "ნამუსის შესანახად"
იყიდება 5+-ოთახიანი ვაკეში
2004 Mercedes-Benz E 350
იყიდება კერძო სახლი ვერაზე
punditarena.com: სამი იდეა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექვს ერში არ მიიღებენ
ოფიციალურად: კახა ცხადაძე ალმათის "ქაირათის" მთავარი მწვრთნელია!
ანდრეი კირილენკოსთვის ერთხელ ღალატი მოსულა
სხვა სიახლეები
06.04.2015
ნახევარი საუკუნე სიცარიელეში - პაკარდის ქარხნის ნანგრევები დეტროიტში
სრულად
BMW-ს ელექტრომობილით კახეთში
06.04.2015
თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა შტუტგარტიდან თელავამდე
სრულად
სმარტი საოცრებათა ქვეყანაში
16.02.2015
ყველაზე დიდი მაკეტი მსოფლიოში, რომელსაც ახალი ”სმარტიც” დაემატა
სრულად
"პუტინის კაფე"
Maroon 5 ბათუმში კონცერტს გამართავს
თბილისის ცენტრში გასაყიდი მიწა აღარ დარჩა
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება 2003-2006 წლის გამოშვება mitsubishi
Opel Astra 2399 $
გვაქვს თითქმის ყველა ნაწილი
მიწოდება საქართველოში... ზემოთ აღნიშნულ ფასში.