აინ მომენტ! რა ხდება, მიუნხენში გააფრინეს? ახალთახალი M2 ქუჩებში ჯერ არ გამოჩენილა და უკვე M-Performance-ის ოფციებით გამძაფრებული ვერსიაც წარმოგვიდგინეს. ამრიგად, ავტოსპორტის სარბოლო დეტალებით გაფორმებული M2 კიდევ უფრო მეტად ”იღრინება”, მეტად აგრესიულია და მაშინვე შეტევაზე გადასვლა უნდა. არც მისი ჩვეულებრივი ვერსიაა თავმდაბალი და, წარმოგიდგენიათ, ეს რა იქნება?! შესაბამისად, ამ მძლავრ კუპეს აქვს პატარა ფრთები უკანა საბურავების წინ, ვერტიკალური კანტი საბარგულის სახურავზე და დიფუზორი უკან.

ბრაზიანი გამოხედვა: ეს ცხვირი თავისი დინამიკური აქცენტებით ბევრი ავტომობილის სალონის სარკეში ძალიან სწრაფად გაიზრდება...
ყველაფერი კარბონისაა, სუფთადაა დამუშავებული და იდეალურად შერწყმული, რათა ამ მოქნილ ბავარიელს აეროდინამიკური ბალანსი ოდნავადაც არ დაერღვეს. მეტი ვიზუალური ეფექტისთვის ჩვენი ეგზემპლარი M GmbH-ს ფერებში გადაწყვეტილი დეკორაციებითაა შემკული. ამით ეს M2 ძველ 2002 turbo-ს ან ლეგენდარულ CSL-ს მოგაგონებთ 70-იანი წლებიდან. ესეც კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ის კარგი გასართობია.

BMW M2 Performance ჩვენმა ავტორმა პეტერ ფიშერმა მოინახულა
BMW-მ M2-ის ამ ვერსიას ინტერიერშიც ბევრი წიწაკა მოაყარა და ავტოსპორტის პიკანტური გემო გამოუვიდა. მძღოლს აუცილებლად მოეწონა ალკანტარიანი M-Performance-საჭე ობლიგატორული ნიშნით, რომელიც დრიფტის დროს წინა თვლების მიმართულებაზე მიგვანიშნებს. სურვილის შემთხვევაში, ამ M2-ის ინტერიერში სერიულ ვერსიაზე მეტ კარბონის დეტალებს მიიღებთ - მაგალითად, 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფის ბერკეტს და ხელის მუხრუჭის ბერკეტს.

სპორტული საჭე Performance-განყოფილებიდან
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს: ამ მხრივ BMW შედარებით მოკრძალებულია, რათა M2-მა M4-მდე გონივრული დისტანცია შეინარჩუნოს. ამრიგად, ტურბოძრავის სიმძლავრე ისევ 370 ცხენის ძალაა, ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი - 465 ნმ (გარკვეულ მომენტებში 500 ნმ, მაგრამ მცირე ხნით). ასეთ სიმძლავრესთან ერთად, სასურბელია M Driver’s Package-ის აქტივაციაც, რომელიც 270 კმ/სთ-იან მაქსიმალურ სისწრაფეს უზრუნველყოფს.

M2 Performance-ში გადაცემათა კოლოფის ბერკეტიც კარბონითაა შემოსილი
ცალკე აღნიშვნის ღირსია M2-ის სპორტული მაყუჩები: ჩვენ ეს მანქანა ჯერ არ გაგვიტესტია, სტუდიაში დაქოქვამ კი, ჟღერადობის მხრივ ნამდვილი ფურორი მოახდინა. 3 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიანი ძრავა გადასარევად მუშაობს და ისეთ ხმას გამოსცემს, თმები ყალყზე დაგიდგება. ვისაც უფრო ბოროტი ხმის მიღება უნდა, ჯოჯოხეთურ ჟღერადობაზე გადართავს და დისტანციურად გახსნის გამოსაბოლქვი სისტემის ყველა სარქველს, მაგრამ გახსოვდეთ - ამის გაკეთება მხოლოდ სარბოლო ტრასაზეა ლეგალური.
სამაგიეროდ, აკრძალული არ არის ამ მანქანაში 50 000 ევროზე მეტის გადახდა. ოღონდ, ასეთი ავტომობილი რომ შეიძინო, ცოტას მართლა უნდა აფრენდე.

დასკვნა
წიწაკიანი ვიზუალი, მწარე ჟღერადობა და მარილიანი ფასი - M2 ისედაც ძალიან მაგარი სათამაშოა, M-Performance-Parts-ით კი უფრო დასაფასებელი და ფაქტობრივად საკოლექციო ტიპია. ყველაზე კარგი ისაა, რომ მიუხედავად ტიუნინგური ჩარევისა, ის მაინც 100-პროცენტიანი BMW გახლავთ.
პეტერ ფიშერი
ასევე იხილეთ:
BMW-ს ახალი, ლიმიტირებული ზონდერი

გაიცანით: BMW-ს ყველაზე მძლავრი სერიული შვიდიანი

გაიცანით: Alpina B7 – BMW-ს მეშვიდე სერიის სპეც-ვერსია

ასევე იხილეთ:
BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი:
ყველაფერი ახალი მე-7 სერიის შესახებ

BMW-მ ლას ვეგასში მომავალი გვიჩვენა! (+ VIDEO)

ლუქსი გერმანულად: ახალი მე-7 სერია და S-კლასი

იხილეთ ფოტოგალერეა:
რა შეიცვალა ახალ მე-7 სერიაში
წინამორბედ მოდელთან შედარებით?

BMW M4 GTS-ის გადასარევი წრე ნიურბურგრინგზე (+ VIDEO)

გაიცანით: ყველაზე მძლავრი BMW X4

BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
