ყველაფერი ახალი ”ჰიუნდაი ელანტრას” შესახებ
28.03.2016
ჰიუნდაიმ ბაქოში ახალი ელანტრა გაგვაცნო. კორეელთა საშუალო კლასის წარმატებული სედანის ახალი თაობის წარმომადგენელი წინამორბედზე გაცილებით უკეთესი ავტომობილია

”აუჩქარე, აუჩქარე!” - რაუფ ჯაჰანგიროვი თავისი Hyundai Tucson-ით ავტობანზე მარჯვნიდან მისწრებს და ხელით მანიშნებს, უფრო სწრაფად იარეო. აზერბაიჯანში ვართ, ავტობანზე, სადაც მაქსიმალური დასაშვები სისწრაფე 120 კმ/სთ-ია. სპიდომეტრს ვუყურებ, 140-ით მივქრით, თუმცა არ ვღელავთ, რადგან ”ჰიუნდაის” 20-ავტომობილიან კოლონას პოლიციის ესკორტი მიგვაცილებს.

”გაგიჟდა? უფრო სწრაფად როგორ ვიაროთ?” - პირი დააღო ჩემმა ალბანელმა თანამგზავრმა ილირ ზეკამ, რომელიც საქართველოშიც არაერთხელ ყოფილა, პირველად კი 1995 წელს იყო, ყველაზე ცუდ დროს. მას საგზაო მოძრაობის აზერბაიჯანული წეს-ჩვეულებები უკვე აშკარად ყელში ამოუვიდა.


20 მანქანისგან შემდგარი ესკორტით მივდიოდით და ასეთ რეჟიმში ასობით კილომეტრის გავლა ცოტა არ იყოს, მოსაწყენიცაა. მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხეთ ავტომობილის რამდენიმე მიმართულებით გამოცდა

მე კი ზუსტად ვიცი, რაშიცაა საქმე და ვცდილობ, ალბანელი დავამშვიდო: ”იცი, რაშია, საქმე? რაკი ავტობანზე წინ მიმავალ ავტომობილთან გონივრულ დისტანციას ვინარჩუნებ, ამათ ჰგონიათ, რომ მეტი სისწრაფის მეშინია. არადა, ასეთი სისწრაფით წინა მანქანას 5-მეტრიან დისტანციაზე ხომ არ უნდა მივყვე?”

”დისტანს, დისტანს!” - ხელებითვე ანიშნებს ილირ ზეკა რაუფს, ეს უკანასკნელი კი Hyundai Tucson-იდან მაინც ჯიუტად გვპასუხობს: ”გოუ, გოუ, გოუ!”


დიზაინის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი დიდი ზომის 6-კუთხიანი რადიატორის ცხაურაა

აზერბაიჯანში ვართ. ახალთახალი ”ჰიუნდაი ელანტრებით” ბაქოდან ჩრდილოეთისკენ, შაჰდაგისკენ მივემართებით. აქ, საგზაო მოძრაობის თვალსაზრისით ზოგი რამ ისეთივეა, როგორც საქართველოში, მაგრამ ბევრი რამ ძალიან სხვანაირი. მაგალითად, ჩვენს კოლონას პოლიციის ესკორტი რომ არ აცილებდეს, სულ რომ არ ვარღვევდეთ, აქამდე ათჯერ მაინც გაგვაჩერებდნენ და ქრთამს მოგვთხოვდნენ. მინიმუმ 20 ევრო მაინც უნდა ჩაუკუჭო - გააჩნია, როგორ ხასიათზეა აქაური პოლიციელი.

”ბოლოს როდის იყავი საქართველოში?” - ვეკითხები ილირ ზეკას.

”მგონი, 1998-ში. ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებს ჩამოვყევი. ომი და უბედურება აღარ იყო, მაგრამ მაინც ცუდად ცხოვრობდით...” - მპასუხობს ალბანელი.

”ძალიან დიდი ხანია, ჩვენთან პოლიცია ქრთამს აღარ იღებს. ესენი კი ისევ ძველებურად უბერავენ,” - ვეუბნები ამაყად და ჩემთვის ვფიქრობ: რაში სჭირდება აზერბაიჯანს ის, რომ პოლიციელი ქრთამს იღებდეს? ფული ბევრი აქვთ, ინფრასტრუქტურა მუდმივად უმჯობესდება, მალე ფორმულა 1-ის გრანპრისაც კი უმასპინძლებენ და ნუთუ არ შეიძლება, რომ ალიევმა ერთხელ და სამუდამოდ მოსპოს ეს უმსგავსობა? რას გაიგებ...


ახალი ”ელანტრა” გაცილებით ევროპულად გამოიყურება. უფრო სწორად ისე, რომ ევროპელებსაც მოეწონოთ, ამერიკელებსაც და აზიელებსაც

აზერბაიჯანში ”ჰიუნდაის” ზუსტად 20 წლის წინათ გაიხსნა და ეს იყო ერთ-ერთი უპირველესი სერიოზული საავტომობილო ბრენდი, რომელიც აზერბაიჯანის ბაზარზე ოფიციალურად გამოჩნდა. სწორედ ამ 20 წლის იუბილეს დაამთხვიეს კორეელებმა ბაქოში ახალი ”ჰიუნდაი ელანტრას” პრეზენტაცია - ოღონდ, არა მარტო აზერბაიჯანელებისთვის ან ჩვენთვის, არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპისთვის. რაუფ ჯაჰანგიროვი კი, მართალია, ავტობანზე ზედმეტი რისკისკენ მოგვიწოდებდა, მაგრამ საერთო ჯამში, ეს სამი დღე, ჩვენებურად რომ ვთქვათ, თან გადაგვყვა - არცერთი ავტოჟურნალისტის არცერთი სურვილი არ დატოვა შეუსრულებელი და როცა ჩემ სერბ კოლეგას საბურავი დაუზიანდა, თავისი ხელით ისე სწრაფად გამოუცვალა, ფორმულა 1-ის პიტ-სტოპის გუნდის ნებისმიერ წევრს რომ შეშურდებოდა.

ახლა კი მთავარი: როგორია, რას გვთავაზობს და რა შეუძლია ახალ Hyundai Elantra-ს? ეს გახლავთ „ელანტრას“ ახალი, რიგით მეოთხე თაობა - თუმცა გააჩნია, საიდან დავიწყებთ ათვლას. მას მერე, რაც ავტომობილს „ელანტრა“ ეწოდება, ეს მეოთხე თაობაა, თუმცა მანამდე, 90-იან წლებში ორი თაობა იწარმოებოდა, რომლის სახელიც Lantra გახლდათ. Elantra სწორედ მისი შთამომავალია და ახალ მოდელს, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, ზოგი მეოთხე თაობას უწოდებს, ზოგიც მეექვსეს.

თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - მთავარი ის არის, რომ ახალ „ელანტრაში“, როგორც კორეელებს სჩვევიათ, „ჰიუნდაიმ“ უამრავი სიურპრიზი შემოგვთავაზა. თავის დროზე სენსაციური და სიურპრიზებით აღსავსე (პირველ რიგში კომპლექტაციის თვალსაზრისით) იყო წინამორბედი მოდელიც, ახალი „ელანტრა“ კი, როგორც ვიზუალურად, ასევე თავისი შესაძლებლობებით, კიდევ უფრო მდიდარია.



სრულიად შეცვლილია ავტომობილის დიზაინი - „ელანტრა“ ახლა კიდევ უფრო ევროპულად გამოიყურება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ინტერიერი, გამოყენებული მასალები და ტექნიკა. დიზაინის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი დიდი ზომის 6-კუთხიანი რადიატორის ცხაურაა - ერთი შეხედვითაც შეატყობთ ცნობილი დიზაინერის, პეტერ შრაიერის ხელწერას, რომელიც კორეელებმა თავის დროზე „აუდიდან“ გადაიბირეს და რომლის ხელშიც „ჰიუნდაიმ“ ისეთი პროგრესი განიცადა, რომ შრაიერი დღეს უკვე კონცერნის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

თამამად ვიტყვით, სწორედ დიზაინის გერმანული სკოლის დამსახურებაა ის, რომ ახალი ”ელანტრა” გაცილებით ევროპულად გამოიყურება. უფრო სწორად ისე, რომ ევროპელებსაც მოეწონოთ, ამერიკელებსაც და აზიელებსაც. ინტერიერში დიდი სედანის, Genesis-ის სტილი იგრძნობა, რაც ასევე ავტომობილის სტატუსის ამაღლებას ემსახურება. ახალი „ელანტრას“ თვლების ბაზა უცვლელი დარჩა, მაგრამ ავტომობილი სიგრძეში 20 მილიმეტრით გაიზარდა, სიგანეში კი - 25 მილიმეტრით.


გაუმჯობესებულია ინტერიერი, გამოყენებული მასალების ხარისხი და ტექნიკა

მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია დაკიდების სისტემა და „ელანტრას“ ძარა უფრო აეროდინამიკური გახდა: წინააღმდეგობის კოეფიციენტი (cw) ახლა უკვე 0,27 გახლავთ, რამაც საწვავის ხარჯი შეამცირა. თამამად ვიტყვით, რომ ჩვენ ყველაზე მეტად სწორედ დაკიდების სისტემა მოგვეწონა (მდიდარი კომპლექტაცია ”ჰიუნდაისგან” დიდი ხანია, აღარ გვიკვირს და არც მოხდენილი დიზაინი), რადგან ავტომობილი თავისი რანგისა და კლასის გათვალისწინებით, სპორტულობისა და კომფორტულობის მშვენიერ შერწყმას გვთავაზობს. ჩვეულებრივ რეჟიმში სავალი ნაწილი იდეალურად რბილია და მშვენივრად უმკლავდება გზის უსწორმასწორობებს. არის ეკო-რეჟიმიც, რომლის დროსაც გადაცემები დაბალ ბრუნებზე ირთვება, რაც საწვავის ხარჯს ამცირებს. და, რა თქმა უნდა, სპორტული რეჟიმი, რომლის დროსაც ახალი ”ელანტრა” ხისტდება, მოხვევა უფრო მგრძნობიარე ხდება, ავტომატური კოლოფი კი ძრავას მაღალ ბრუნებზე ამუშავებს. აქვე აღვნიშნოთ ძალიან კარგი, წინამორბედზე გაცილებით უკეთესი ხმაურიზოლაცია და მაქსიმალურად უხმაურო ძრავა.



ახალმა „ელანტრამ“ უამრავი ისეთი ფუნქცია მიიღო, რაც აქამდე მხოლოდ პრემიუმ სეგმენტში იყო ხელმისაწვდომი. თუმცა „ჰიუნდაისგან“ ასეთი სიურპრიზები უკვე აღარ გვიკვირს, რადგან კორეელები აქცენტს ყოველთვის მისაღებ ფასზე და კონკურენტებზე უკეთეს კომპლექტაციაზე აკეთებდნენ - სწორედ ამ მიდგომით მოახერხა „ჰიუნდაიმ“ კონკურენტებისთვის უამრავი კლიენტის წართმევა. ახალი ოფციებიდან აღსანიშნავია სავარძლების გათბობა და ვენტილაცია, საბარგულის ავტომატური გახსნა, მკვდარი წერტილებისა და ზონების კონტროლი გარეთა სარკეებში, პრემიუმ-ხარისხის აუდიო-სისტემა Infiniti და კიდევ უამრავი რამ.




გასაგებია, რომ რაკი ფორმულა 1-ის ეტაპი პირდაპირ ბაქოში ტარდება, აზერბაიჯანის დედაქალაქში გზები იდეალურია. პრინციპში, კარგი გზებია დედაქალაქს მიღმაც, თუმცა მაინც წავაწყდით არასასიამოვნო გზებს, სადაც ახალი ”ელანტრას” სავალმა ნაწილმა (წინ ”მაკფერსონის” დაკიდებით) თავისი შესაძლებლობები 100 პროცენტით დაგვიმტკიცა.

ჩვენ განკარგულებაში იყო ”ელანტრა” ამჟამად ყველაზე მძლავრი ძრავით - 2 ლიტრი მოცულობის 152-ცხენისძალიანი აგრეგატით და სასიამოვნოა, რომ საწვავის საშუალო ხარჯმა მხოლოდ 7,5 ლიტრი შეადგინა. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ტესტ-დრაივის აზერბაიჯანელი ორგანიზატორები მუდმივად ”გოუ, გოუ, გოუს” რეჟიმში გვამყოფებდნენ. ძრავა მშვენივრად თანამშრომლობს 6-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან, რომელიც გადაცემებს ყოველთვის დროულად და მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად რთავს.



ტესტ-დრაივის პირობები მთლად იდეალური არ იყო, რადგან 20 მანქანისგან შემდგარი ესკორტით მივდიოდით და ასეთ რეჟიმში ასობით კილომეტრის გავლა ცოტა არ იყოს, მოსაწყენიცაა. მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხეთ ავტომობილის რამდენიმე მიმართულებით გამოცდა. განსაკუთრებით ზამთრის კურორტ შაჰდაგში, სადაც ახალ ”ელანტრასთან” განმარტოვება ყველაფრის მშვიდად შემოწმება მოხერხდა.



რაკი სახურავი უკან ელეგანტურად ვარდება, უკანა სავარძელზე ჯდომა ძალიან მაღალი ადამიანისთვის არცისე სასიამოვნოა, როგორც თუნდაც წინამორბედ ელანტრაში - მუხლების წინ სივრცის ნაკლებობას არ უჩივი და სავარძელშიც კომფორტულად ზიხარ, მაგრამ თუ ორმეტრიანი ხარ, თავს ჭერს მიადებ. რას იზამ, კუპესებრ ელეგანტურად ვარდნადი სახურავით გამოწვეული სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. აი, წინ კი, მძღოლიცა და მგზავრიც სრულყოფილად სხედან. სხვამხრივ, ინტერიერში ყველაფერი მაღალ დონეზეა. თუკი წინა ”ელანტრაში” პატარა და ძალიან ძველმოდური ეკრანი იყო, ახალ მოდელში სრულიად თანამედროვე მულტიმედია და დიდი ზომის სენსორული ეკრანია, რომელსაც მარტივად უკავშირებ სმარტფონს. ზედაპირებზე გამოყენებული მასალები გაცილებით უკეთესი ხარისხისაა. ცენტრალური კონსოლი მძღოლისკენაა გადმოხრილი და არ არის ღილაკებით გადატვირთული - ყველაფერს მარტივად აღიქვამ და წვდები. ნებისმიერ მძღოლს მოეწონება მცირე საინფორმაციო ეკრანი სპიდომეტრსა და ტახომეტრს შორის, სადაც თითქმის ყველაფერს აკონტროლებ - საწვავის ხარჯს, წნევას საბურავებში, ააქტიურებ, თიშავ ან პროგრამას ამახსოვრებინებ არაერთ ფუნქციას. იდეალურად მუშაობს სავარძლებისა და საჭის გათბობა, გარეთა სარკეებში აკონტროლებ ე.წ. ”მკვდარ ზონებს” და სიამოვნებას იღებ Infiniti-ს აუდიო-სისტემის ისეთი ჟღერადობით, როგორსაც ხალხი პრემიუმ-სეგმენტის ავტომობილშია მიჩვეული.



ახალი „ელანტრა“ ბენზინის ორი ძრავით იქნება ხელმისაწვდომი: 1,6-ლიტრიანი აგრეგატით (127 ცხენის ძალა) და 2-ლიტრიანით (152 ცხენის ძალა). ორივე ვერსია ხელმისაწვდომია როგორც მექანიკური, ისე 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ”ჰიუნდაის” თბილისის ცენტრში ახალი ”ელანტრას” ტესტ-დრაივი და შეძენა უკვე შესაძლებელია - საწყისი ფასი: 15 900 დოლარი.

დასკვნა
უფრო მდიდარი კომპლექტაცია, გაცილებით უკეთესი დიზაინი, თანამედროვე ტექნიკა, უკეთესი მართვადობა, მეტი კომფორტი და, ტრადიციულად, მისაღები ფასი - ახალი ”ელანტრა” წინამორბედზე მნიშვნელოვნად უკეთესი ავტომობილია და ლოგიკურად, გაცილებით მეტ მომხმარებელს უნდა მოეწონოს. მით უფრო ჩვენთან, საქართველოში, სადაც ახალი ავტომობილისთვის კარგი ფასი, ხეირიანი გარანტია და უაღრესად კონკურენტუნარიანი კომპლექტაცია საუკეთესო არგუმენტებია.
შალვა ბუაჩიძე

ასევე იხილეთ:
გაიცანით: ჰიუნდაის ახალი ჰიბრიდი
Auto Bild

ჰიუნდაის ახალი მინი-SUV
Auto Bild

ახალი Hyundai Tucson საქართველოშია!
მისაღები ფასით და საუკეთესო გარანტიით

Auto Bild

ამ კორეელს წარმატება გარანტირებული აქვს?
ახალი Hyundai Tucson-ის დეტალური მიმოხილვა
Auto Bild

AUTO BILD: ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ

Auto Bild

რომის პაპი ჰიუნდაიზე გადაჯდა
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
ნინო გაჩეჩილაძის დახვეწილი თანამედროვე ბინა
სამი დიდი სახლი, 10 მიწის ნაკვეთი, სამი ბინა და რვა აგარაკი - ვლადიმერ ჟირინოვსკის ქონება (+ფოტოები)
ამ ქალაქებში ხალხს იმაში უხდიან ფულს, რომ იქ იცხოვრონ!
იყიდება კერძო სახლი დიღომი 1-9-ში
იყიდება კერძო სახლი თბილისის ზღვზე
2006 Nissan Fuga
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
რიო 2016: სალომე ფაჟავამ საკვალიფიკაციო ვერ დაძლია
[ექსკლუზივი] გიორგი აბურჯანია: კონტრაქტი "სევილიას" პირველ გუნდთან მაქვს!
ოფიციალურად: გიორგი აბურჯანია "სევილიას" ფეხბურთელია!
სხვა სიახლეები
რა არის და როგორ მუშაობს ABS და ESP?
05.08.2016
აქტიური უსაფრთხოება არის ავტომობილის საექსპლუატაციო თვისებების კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს საავარიო სიტუაციებისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილებას.
სრულად
“ვეფხისა და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი აფეთქდა
02.08.2016
„ვეფხისა და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა აფეთქდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
სრულად
ორბი ჯგუფის პროექტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა
01.08.2016
„ორბი თვინ თაუერი“ - ორბი ჯგუფის ახალი გრანდიოზული პროექტია 4 500 ნომრით, რომელიც ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე შენდება და მსოფლიოში სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ მე-6 ადგილს იკავებს.
სრულად
ყველაზე კითხვადი
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
ქართული რესტორანი ავსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნად დასახელდა
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის 70% გაუმართავია
ქართველი ახალგაზრდების სტარტაპი მომხმარებელს პარალელურ სამყაროში მოხვედრის საშუალებას აძლევს
N81 აგვისტო 2016
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
რამდენად კარგია ჩვენი მანქანები? ავტომობილების სანდოობის ახალი რეიტინგი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება ბეტონმიქსერი 7 კუბომეტრიანი, მუშა
Nissan Fuga 4500 $
Volkswagen Passat 2500 $
ქირავდება ISUZU ს ფირმის 31