ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ დარწმუნდე: ახალი XC90 დიდი ავტომობილია, მაგრამ ისეთი დიზაინი აქვს, ქალაქში ამ მანქანით თავს უხერხულად არ იგრძნობ. ეს სერიოზული და სახასიათო SUV-ია.
რას გვთავაზობს
საკმარისზე მეტი სივრცე, შესანიშნავი კომფორტი და შვედური იმიჯი ამ ავტომობილის უმთავრესი პლუსებია. ამას ემატება 320-ცხენისძალიანი სიმძლავრე, 230 კმ/სთ მაქსიმალური სისწრაფე, რაც ამ ავტომობილისთვის სრულიად საკმარისია.
მოდური, მაგრამ არც მაინცდამაიმც ოპტიმალური მომსახურებით - Volvo XC90-ის მულტიმედია
როგორ დადის
ამხელა მანქანისთვის 2-ლიტრიანი ძრავა საკმარისი რომ ვერ იქნება, ამას უკვე გაიფიქრებდით და ჩვენც უნდა დაგიდასტუროთ. დაძრავ თუ არა, მიხვდები, რომ მეტი გჭირდებოდა, რადგან ძრავა პირველივე ბრუნებზე დაძაბულია. საკმარისია, მძღოლმა ავტომობილისგან სრული აჩქარება მოითხოვოს, რომ 2-ლიტრიანი აგრეგატი საკმაოდ იტანჯება. ამიტომაცაა, რომ სრულ საავტობანო სისწრაფეს ეს ”ვოლვო” ბოლოსწინის წინა საფეხურით ახერხებს. აქედან გამომდინარე ლოგიკურია ისიც, რომ საწვავის ხარჯი ძალიან მაღალია: 10 ლიტრზე დაბალი ხარჯი გამორიცხულია.
სიბიექტური მოსაზრება ჩვენმა საზომმა აპარატმაც დაადასტურა: შვედები 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 6,5 წამში გვპირდებიან, სინამდვილეში კი 7 წამზე ნაკლებ დროში 100 კმ/სთ-ის გავითარება შეუძლებელი აღმოჩნდა. სხვამხრივ კი ყველაფერი დაპირებების ფარგლებშია. ორ ტონა სიმძიმეს მოსახვევებში თითქმის არ გრძნობ, მუხრუჭები კი ლამის ისე მუშაობს, როგორც სპორტულ ავტომობილში - 100 კმ/სთ-დან 34 მეტრში ჩერდება.
დაკიდების კომფორტი შესანიშნავია - XC90 გზის უსწორმასწორობებს სოლიდურად უმკლავდება. სავარძლები ბრწყინვალეა, ხმაურიზოლაცია - უმაღლესი დონის, Bowers & Wilkins-ის აუდიოსისტემა კი, რომელიც 3280 ევრო ღირს, უბრალოდ გადასარევი. ინტერიერში უამრავ სათავსოს მიაგნებთ. მულტიმედია აბსოლუტურად თანამედროვეა, მაგრამ გზაში თავიდან ნერვები მომიშალა, რადგან მენიუში ზედმეტად ბევრი რამ გხვდება, თითი ხშირად სხვა რამეზე მოგიხვდება და თუ მზეა, ზოგიერთ ფუნქციას ვეღარ ხედავ.
რა ღირს
ამ დიდი შვედის საწყისი ფასი დაახლოებით 55 000 ევროა. პრაისლისტი კი ძალიან გრძელია და უამრავი დამატებითი ოფციის შეკვეთა შეიძლება. ტოპ-ვერსიის ფასი კი 85 000 ევრომდე ადის.
- Volvo XC90 T6 AWD
- ტესტის შედეგები
წონა: 2051 კგ
სამუხრუჭე მანძილი: 100-0 კმ/სთ 34,2 მეტრში
საწვავის ხარჯი: 10,1 ლ. Super/100 კმ-ზე
დასკვნა
დიდია, მდიდრული, კომფორტული, მაგრამ ბოლომდე კომპეტენტურიც ვერ არის. ამისათვის უფრო ძლიერი ძრავა სჭირდება. ასისტენტ-სისტემების თვალსაზრისიტ კი XC90 უნაკლოა.
იან ჰორნი
ასევე იხილეთ:
ვოლვო თავიდან იბადება! (+ VIDEO)

ყველაზე შთამბეჭდავი ავტოები 2015, მე-8 ადგილი: Volvo XC90

მეორადები: რამდენად გამძლეა Volvo XC90?

შვედი გოლიათი და ანჯელინა ჯოლი
