ხანდახან სინამდვილე მხოლოდ სანახევროდაა სიმართლე. თანამედროვე საავტომობილო რეალობაში ეს მოსაზრება SUV-თრენდს ეხება - ანუ, იმ სინამდვილეს, რომ SUV-კლასის ავტომობილებმა და ქროსოვერებმა წაგვლეკეს. ქვეყნებში და ქალაქებში გადაადგილებისას ყველას ისეთი შეგრძნება გვეუფლება, რომ დღეს SUV-ები ისეთივე პოპულარულია, როგორც რამდენიმე წლის წინ კომპაქტები იყო. მაგრამ სინამდვილეში მთლად ბოლომდე ასეც არაა საქმე. მოდით, გერმანიის გაყიდვებს გადავხედოთ: 2015 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით გერმანიაში 232 202 ახალი ”ფოლკსვაგენ გოლფი” გაიყიდა. და რამდენი ახალი ”ფოლკსვაგენ ტიგუანი” გაიყიდა იმავე პერიოდში? ”მხოლოდ” 49 173.
თუმცაღა, SUV-კლასის ავტომობილების გაყიდვების სტატისტიკა მზარდია - წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ქროსოვერებს, რაც თამამად გვაფიქრებინებს, რომ ცოტა ხანში ჩვენი ქალაქების ქუჩებში კიდევ უფრო მეტი SUV ივლის. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ასეთი შედარება გაგვეკეთებინა - სხვათა შორის, ეს ამ ორი ავტომობილის პირველი შედარებაა. ერთის მხრივ ჩვენ წინაშეა ევროპისა და გერმანიის ბესტსელერი კომპაქტი ”ფოლკსვაგენ გოლფი”, მეორე მხრივ კი გერმანიის ბესტსელერი SUV ”ფოლკსვაგენ ტიგუანი”. ჩვენ ორივე ერთად გავზომეთ და შევაფასეთ.
გაგახსენებთ, რომ ავტომობილების Easy-Index-სისტემით შეფასება და შედარება გულისხმობს მანქანების პრაქტიკული და ყოველდღიური ხმარების კრიტერიუმებში შედარებას. ამ სისტემაში არ შედის ავტომობილის მართვის ნაწილი.
თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ახალი ”ტიგუანი” წინამორბედ პირველ თაობასთან შედარებით, საგრძნობლად გაუმჯობესებული ავტომობილია. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის ზომები დიდად არ შეცვლილა, პროგრესი სახეზეა. ”ტიგუანი” სიგრძეში მხოლოდ 6 სანტიმეტრით გაიზარდა, რაც ერთობ უმნიშვნელო ცვლილებაა. სამაგიეროდ, მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ ხიდები ერთმანეთს 8 სანტიმეტრით დაშორდნენ, ანუ, გაიზარდა ბაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკანა სავარძელზე მსხდომთათვის ახლა მეტი სივრცეა. ისევე, როგორც მეტი სივრცეა საბარგულშიც.
AUTO BILD-ის ავტორი შტეფან ფოსვინკელი ახალი ”ტიგუანის” საბარგულის რაფას ზომავს
რაც შეეხება ”გოლფთან” შედარებას. რა გასაკვირია, რომ ”ტიგუანში” უკან უფრო უკეთ ზიხარ, თუმცაღა თავად ”გოლფი” კომპაქტური ჰეჩბექების კლასში სივრცის გამოყენების ჩემპიონია. ცხადია, რომ SUV-ის საბარგულიც კომპაქტისაზე მეტს იტევს - ”ტიგუანის” საბარგულის მოცულობა 615 ლიტრია. ასე რომ, ”ტიგუანი” ამ კრიტერიუმებში ერთი თავით მაღლა დგას. თანაც, ”ტიგუანი” არცისე დიდი SUV-ია, ქალაქის ფორმატის ავტომობილად რჩება და ყოველდღიურ ხმარებაში პრობლემას არ ქმნის.
გარდა ამისა, ”ფოლკსვაგენმა” მხოლოდ ავტომობილის ტევადობაზე არ იზრუნა. კარი უფრო ფართოდ იღება, რაც ჩაჯდომის კომფორტს საგრძნობლად აუმჯობესებს. შეიცვალა ჯდომის პოზიციაც - უფრო სწორად, სიმაღლე. ჰო, ”ტიგუანში” ისევ ”გოლფზე” გაცილებით მაღლა ზიხარ და ამით გზაზე მიმდინარე მოვლენებს უკეთ აკონტროლებ, მაგრამ ახალ ”ტიგუანში” ჯდომის პოზიცია აღარ არის ისეთი მაღალი, როგორც წინამორბედში, ანუ, ჯერ კიდევ აქტუალურ ”ტიგუანში” იყო. სავარძლის სიმაღლე 650 მილიმეტრია, რითაც ახალი ”ტიგუანი” AUTO BILD-ის იდეალურ ზომას აღწევს და Easy-Index-ის ამ კრიტერიუმში უმაღლეს ქულასაც იმსახურებს. აი, ”გოლფში” კი საქმე გვაქვს 530-მილიმეტრიან სიმაღლესთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ასფალტთან გაცილებით ახლოს ვართ, თუმცაღა ”გოლფის” მაჩვენებელი კომპაქტურ კლასში საუკეთესოა.

VW GOLF (მარცხნივ): ”გოლფი” კომპაქტის კვალობაზე ტევადია, მაგრამ უკან ორმეტრიანი კაცი კომფორტულად ვერ დაჯდება
VW TIGUAN (მარჯვნივ): ”ფოლკსვაგენის” კომპაქტურ SUV-ში ახლა უფრო მეტი სივრცეა
ქვემოთ ცხრილსაც გადახედავთ და ნახავთ, რომ ”ტიგუანმა” Easy-Index-ის კრიტერიუმების უმეტესობაში უკეთესი ქულები დაიმსახურა და ჯამში 76,5 ქულას მოუყარა თავი, ”გოლფმა” კი - 63-ს. აი, აქ იგრძნობა განსხვავება კლასებში, კონცეფციებში. თუმცა მხოლოდ ციფრებსაც რომ შევეშვათ, ახალი ”ტიგუანი” ისედაც უკეთესი ტიპია. ნებისმიერი მაშინვე შეამჩნევს, რომ ახალი მოდელია - ”გოლფი” კი სამი წლის წინ განახლდა. ”ფოლკსვაგენის” SUV ბევრი დეტალით უფრო თანამედროვე და მოდურია, ვიდრე ევროპელების საყვარელი კომპაქტი. მაგალითად, ახალ ”ტიგუანს” მოყვება LED-მაშუქები და Head-up-Display, რასაც ”გოლფში” მხოლოდ შემოდგომიდან, ანუ, ფეისლიფტის შემდეგ ვნახავთ.
”ტიგუანის” შესახებ დეტალური მონაცემები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ვოლფსბურგელები პირობას დებენ, რომ საწვავის ხარჯი შემცირდა და ”ტიგუანი” ბევრი რამით მიუახლოვდა ”გოლფს”. ამჟამად ხელმისაწვდომი ”ტიგუანი” 125-ცხენისძალიანი საბაზო ძრავით საშუალოდ 6,4 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ახალი მოდელი კი, 15 პროცენტით ეკონომიური იქნებაო, რაც იმას ნიშნავს, რომ ”ფოლკსვაგენი” ახალი საწყისძრავიანი ”ტიგუანის” შემთხვევაში 100 კილომეტრზე საშუალოდ 5,5 ლიტრს გვპირდება. საწყისი ”გოლფის” შემთხვევაში ეს მონაცემი 5,2 ლიტრია. ანუ, განსხვავება მცირეა.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თვით ფასიც კი აღარაა კომპაქტის სერიოზული პლუსი: მიუხედავად უკეთესი კომპლექტაციისა, ”ტიგუანი” არ ძვირდება და მისი საწყისი ფასი გერმანიაში დაახლოებით 26 700 ევრო იქნება. ”გოლფი” მხოლოდ 3000 ევროთი იაფია.
საოჯახო ავტომობილები: ”ფოლკსვაგენის” დიზაინის ტიპური გამოვლინება SUV-ში და კომპაქტში. ”ტიგუანის” ფორმები უფრო დაკუთხული და მოდურია
დასკვნა
”ტიგუანი” ისეთებსაც კი მოსწონთ, ვისაც ზოგადად SUV-ები არ მოსწონს. იმიტომ, რომ კომპაქტური და პრაქტიკულია. უფრო პრაქტიკული, ვიდრე კლასიკური კომპაქტი. თანაც, ისე, რომ ამის სანაცვლოდ ზედმეტად ბევრს არ ითხოვს. საწვავის ხარჯი და ფასი ჩარჩოებში ჯდება. ანუ, ვინც 3000 ევროთი მეტს გადაიხდის, მოსდის ”ტიგუანი”, რომელიც პრინციპში ”გოლფია”, ოღონდ, უკეთესი ”გოლფი”.
შტეფან ფოსვინკელი
ასევე იხილეთ:
როგორი იქნება ფოლკსვაგენის მომავალი?
დათა ქაჯაია ამ სუპერ-გოლფით იასპარეზებს!
საკუთარი პრიუსი ფოლკსვაგენსაც ეყოლება!
