15-16 ოქტომბერს, თბილისობის ფარგლებში, მეტეხის ხიდზე, ჟურნალ AUTO BILD-ის ორგანიზებით, ტრადიციული ავტო-გამოფენა გაიმართა.
15 ოქტომბერს, ავტოშოუს სტუმრებს საშუალება მიეცათ, ანტიკვარული და ხელნაკეთი ავტომობილები დაეთვალიერებინათ. გამოფენილი იყო 25 განსაკუთრებული მოდელი, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ავტომოყვარულებმა გამოავლინეს ყველაზე შთამბეჭდავი ანტიკვარული ავტომობილები როგორც ადგილზე, ხმის მიცემის პროცედურით, ისე ინტერნეტში, AUTO BILD-ის ფეისბუქის გვერდზე (Auto Bild Georgia) მოწონებების საშუალებით. ასევე, ბენზინგასამართი სადგურების კომპანია “ფრეგომ”, რომელიც ღონისძიების პარტნიორი გახლდათ, გამოარჩია ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილი. გამარჯვებულებს სწორედ “ფრეგოს” პრემიუმ-ხარისხის საწვავი გადაეცათ.
გარდა ანტიკვარებისა, მეტეხის ხიდზე გამოფენილი იყო: ”ნისანის”, ”ფიატის”, ”ჯიპის”, ”ჰავალის”, ”პეჟოს”, ”ჩანგანის”, ”ფოტონის” უახლესი მოდელები და ”ლადა ნივას” სპეციალური ვერსია. დამთვალიერებლებს ჰქონდათ საშუალება, რომ მხოლოდ ამ დღეს, თბილისობის ფარგლებში, ეს მოდელები განსაკუთრებული პირობებით შეეძინათ.
16 ოქტომბერს, პროექტის #არვარღვევ ფარგლებში გამოიფინა სპორტული ავტომობილები/მოტოციკლეტები, საგზაო ნიშნები და მოეწყო საინტერესო აქტივობები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ. დღის პარტნიორები გახლდნენ: რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, შსს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი MIA Force და კლასიკური მოტოციკლების პირველი ქართული MCC კლუბი ”გარდიანსი”.