დათამ ჯერ პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე დააფიქსირა მეოთხე დრო, შემდეგ კი კვალიფიკაციაზეც მეოთხე შედეგი ჰქონდა და პირველი რბოლის მეორე რიგიდან დაწყების უფლება მოიპოვა.
მაგრამ ქართველს რბოლაში არ გაუმართლა. მეორე წრის დასაწყისში, როცა ბელგიელი ფრედერიკ ვერვიშის (რომელმაც სტარტი პოულიდან აიღო) გასწრებას ცდილობდა, მეტოქეს შეეჯახა, რამაც ტემპი დააკარგვინა და რამდენიმე წამში, სულ უკან აღმოჩნდა! ეს პირველ მოსახვევში მოხდა. ქაჯაია ვერვიშს სლიპ სტრიმით მისდევდა, ქართველს კი კვალში პეპე ორიოლა ედგა. ორიოლამ მოსახვევში შესვლამდე გარე ტრაექტორია დაიჭირა, ქართველმა კი ვერვიშის გასწრება შიგნიდან სცადა. მათ შორის შეჯახება აპექსამდე მოხდა.
- მოგვიანებით გაირკვა, რომ დათას ”ალფა რომეოს” იმ მომენტში ელექტროობა გაეთიშა!
ქაჯაიას და ვერვიშის შეჯახებით კარგად ისარგებლა ორიოლამ, რომელმაც მესამეზე გადაინაცვლა და საკვარცხლბეკო ადგილი ფინიშამდე შეინარჩუნა. არადა, მე-9 წრეზე მან ატილა ტაშის შეცდომით ისარგებლა და მეორეზე გადავიდა. თუმცა მალევე, კერბზე გავლის შემდეგ, მისი მანქანის უკანა მარცხენა ბორბალი ძარას შეეხო, რამაც ტემპი დააგდებინა. ამით უმალ ისარგებლა ტაშიმ და მეორე პოზიცია დაიბრუნა. ბოლო წრეზე, ესპანელის გასწრება ჟან-კარლ ვერნეიმაც სცადა, მაგრამ ორიოლამ მესამე ადგილი აღარ დათმო.
ქაჯაიამ ბოლო ადგილიდან წინ წაწევა შეძლო და მე-9 წრეზე, ჯეიმს ნეშის გასწრების შემდეგ, მე-12 ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ ბოლოსწინა წრეზე ბოქსებისკენ გადაუხვია. ამ მომენტისთვის, დათა ჯანი მორბიდელის ეწეოდა, რომლის წინაც, მეათე ადგილისთვის სტეფანო კომინი და დუშან ბორკოვიჩი იბრძოდნენ. დათას ბოქსებში შესვლის მიზეზი ავტომობილის ელექტროობაა, რომელიც რატომღაც ისევ გაითიშა.
გამარჯვება კი იტალიელმა რობერტო კოლჩაგომ მოიპოვა, რომელმაც სტარტზევე შეძლო ვერვიშის ჩამოტოვება და იმის მიუხედავად, რომ მთელი რბოლის განმავლობაში, თანაგუნდელი ტაში უტევდა, ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა და ამ სეზონში მეორე გამრჯვება იზეიმა. კოლჩაგო, ვინც მონცას ავტოდრომიდან რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობს, პირველი პილოტია, ვისაც მიმდინარე სეზონში ორი რბოლა აქვს მოგებული.
მონცას ეტაპის მეორე რბოლა ხვალ 12:50-ზე დაიწყება.
სატურნირო ცხრილი
დარჩენილია 13 რბოლა
- ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) - 103
- რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა) - 79
- ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა) - 74
- სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი) - 70
- პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) - 62
- დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო) - 53
- დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო) - 47
- უგო ვალენტე (საფრანგეთი, სეატი) - 46
- ჯეიმს ნეში (ბრიტანეთი, სეატი) - 38
- ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი) - 37
- ბენჯამინ ლეზენსი (ბელგია, ჰონდა) - 31
- ფერენც ფიცა (უნგრეთი, სეატი) - 30
- რობ ჰაფი (ბრიტანეთი, ფოლკსვაგენი) - 27
- პიერ-ივ კორთალსი (ბელგია, ოპელი) - 19
- ედუარდ მონდრონი (ბელგია, ფოლკსვაგენი) - 18
- მატო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელი) - 12
- ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენი) - 10
- ჯაკომო ალტოე (იტალია, ფოლკსვაგენი) - 7
- ტომ კორონელი (ჰოლანდია, ჰონდა) - 4
მონცას ეტაპის პირველი რბოლის შედეგები