როცა ქართველ მრბოლელებს საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის საშუალება ეძლევათ, თითქმის ყოველთვის ამტკიცებენ თავიანთ შესაძლებლობებს! ჯერ მარტო დათა ქაჯაიას მაგალითი რად ღირს, ახლა კი სანდრო ლომაძემ და მევლუდ მელაძემაც უჩვენეს ევროპას, რომ გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე აქამდე წარმოდგვედგინა.
  • თანაც, ეს ყველაფერი რალიში, რომელიც ავტოსპორტის ურთულესი სახეობაა!
Auto Bild

სანდრო ლომაძემ და მევლუდ მელაძემ გასულ შაბათ-კვირას რალის ევროპის თასის პირველ ეტაპზე იასპარეზეს, რომელიც ბულგარეთში გაიმართა. მათი ავტომობილი Mitsubishi Lancer Evo X გახლდათ, რომელიც ბულგარეთში საქართველოდან ჩაიყვანეს. ვერ ვიტყვით, რომ მანქანა იდეალურად იყო მომზადებული. მართალია, ორგანიზატორების ტექნიკური დათვალიერება წარმატებით გაიარა, მაგრამ ბევრი რამ აკლდა საიმისოდ, რომ სრულყოფილი ყოფილიყო.

Auto Bild

ლომაძის და მელაძის Evo X-ს სტანდარტული, ქარხნული დაკიდება ჰქონდა. გარდა ამისა, არ ჰქონდა ბლოკირება და უკანა ხუნდებიც სტანდარტული იყო. მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ მანქანა მარჯვენასაჭიანია და ამ ყველაფერთან ერთად, ეს იყო ლომაძის პირველი შეჯიბრი 2011 წლის შემდეგ. ლომაძის და მელაძის მეტოქეებს კი, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესად მომზადებული ავტომობილები ჰყავდათ - უმეტესობა 60-80 ცხენის ძალით მეტი სიმძლავრით.

მიუხედავად ამისა, სანდრო ლომაძემ და მევლუდ მელაძემ ორდღიანი რალი სენსაციური წარმატებით დაასრულეს - მესამე ადგილი ევროპის თასის პირველ ეტაპზე და პირველი ადგილი ბულგარეთის პირველობის ფარგლებში!

Auto Bild

„როდესაც ტექნიკური კომისია გავიარეთ, ორგანიზატორები ალმაცერად გვიყურებდნენ. უკვირდათ, რომ ამდენი ქარხნული დეტალით გამოვდიოდით. ვფიქრობ, მაქსიმუმზე მეტი შევძელით. მესამე ადგილი დამატებითი სტიმულია იმისათვის, რომ მომდევნო ეტაპისთის კიდევ უფრო დიდი მონდომებით მოვემზადოთ,“ - გვითხრა სანდრო ლომაძემ.
  • იმედია, ქართველი მრბოლელები მანქანის უკეთ მომზადებასაც მოახერხებენ!
ახლა კი ნახეთ ვიდეოები რალის ევროპის თასის ბულგარეთის ეტაპიდან და თვითონ დარწმუნდებით იმაში, რომ ლომაძემ და მელაძემ მართლაც მაქსიმუმზე მეტი გააკეთეს. ეს ის შემთხვევაა, როცა თავს ზემოთ ძალა არის!

იხილეთ ვიდეოები: