
ახალი კემპერების გამოფენა დიუსელდორფში 26 აგვისტოს დაიწყო და 3 სექტემბრამდე გრძელდება. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოდელი ”ფოლკსვაგენმა” წარმოადგინა:
- ეს გახლავთ ახალი Crafter-ის ბაზაზე შექმნილი California XXL.

ამ საოჯახო-სამოგზაურო ავტომობილს უამრავი თანამედროვე ასისტენტ-სისტემა აქვს და როგორც გერმანელები ირწმუნებიან, განსაკუთრებით ეკონომიური და კომფორტულია.
- გერმანელები განსაკუთრებით დიდი პანორამული ჭერით ამაყობენ.

დასაძინებელი სივრცე უკანაა (2000 x 1700 მმ). ”ფოლკსვაგენის” ახალ კემპერში ორშვილიანი ოჯახი თავისუფლად დაეტევა. ინტერიერში შეხვდებით ისეთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა მაგალითად აბაზანა, რომლის მოხსნაც შეიძლება (თუკი ის არ გჭირდებათ).

California XXL-ის კაპოტის ქვეშ ”ფოლკსვაგენ კრაფტერის” 177-ცხენისძალიანი დიზელის ძრავა მუშაობს. ავტომობილი სრულამძრავიანია და აქვს იატაკის გათბობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მფლობელს ზამთარშიც გამოადგება. ვოლფსბურგელებს ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, თუ როდის გამოვა California XXL-ის სერიული ვერსია და რა ეღირება ასეთი კემპერი. ცხადია, იაფი ნამდვილად არ იქნება.

- კიდევ რამდენიმე დეტალი: სტუდიური მოდელი საშუალობაზიანი ”კრაფტერის” პლატფორმაზეა აგებული.


იხილეთ ფოტოგალერეა:
გერმანული საოჯახო კემპერები
