პირველი სიყვარული
პირველი სიყვარული
08.03.2015
ოოო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს რა იყო – 80-იანი წლების დასაწყისში . ზოგადად ავტომანქანა ნამდვილად არ წარმოადგენდა ერთი წერტილიდან მეორემდე სწრაფად და კომფორტულად გადაადგილების საშუალებას. ავტომობილი ფუფუნება იყო - ის ერთადერთი ავტომობილიც კი, რომელიც მანამდე ჩვენს სადარბაზოსთან იდგა.

ომარი ძიას ძველისძველი ”მოსკვიჩი” ჰყავდა. აი, ის მოდელი, ”ვოლგას” ტყუპისცალივით რომ იყო. დილით ეზოში ომარი ძიას გამოჩენა და ჩვენი დაფანტვა ერთი იყო – ვიცოდით, რომ დაგორებით დაქოქვა მოუწევდა და ეს საქმე უჩვენოდ ვერ ჩაივლიდა. მერე რა, რომ ორი უკანა კარი ერთმანეთთან მავთულით იყო მიბმული და არ იღებოდა. სამაგიეროდ, თუ ვინმეს მეტროსა და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებამდე, ვთქვათ, აეროპორტში მოხვედრა უნდოდა, ომარი ერთადერთი ხსნა იყო. სწორედ ამაში და არა ბებრუხანა ”მოსკვიჩის” ქვეშ გატარებულ საათებში გამოიხატებოდა მისი ფუფუნების ექვივალენტიც და სოციალური სტატუსიც. და ამის ფონზე მამაჩემმა პირველი ავტომობილი შეიძინა...

ბევრი გაიჭირვა, ცოტა მოაგროვა, ცოტაც ისესხა და ერთ მშვენიერ დღეს ეზოში სალათისფერი ”ვაზ 2105” შემოსისინდა. დღეს სასაცილოდ ჟღერს 65 ცხენის ძალა და ადგილიდან 100 კმ/სთ-ის განსავითარებლად 10 წამზე მეტი დრო, მაგრამ მაშინ ეს მოდელი ყველაზე მოდურად მონათლეს. მამაჩემის განსაკუთრებული სიამაყის საბაბს წინსართი ”საექსპორტო ვერსია” წარმოადგენდა. მოკლედ, ოჯახში ”ჟიგულის” გამოჩენა ნანატრი მესამე შვილის გამოჩენის ტოლფას მოვლენად იქცა. თანდათან შევითვისე მამაჩემისეული პოსტულატებიც: ჰაერის ფილტრი – ფილტვებია, ზეთის ფილტრი – ღვიძლი და თირკმელები, საბურავები – ფეხსაცმელი და მაღალი ოქტანობის ბენზინი – კალორიული საკვები. ძრავა რომ გულია, მანამდეც მქონდა გაგონილი.

Auto Bild

ლუქების მონტაჟი აითვისეს თუ არა და, ჩვენი ”ქორია” (როგორც მამაჩემმა მონათლა) უმალ ამ პრესტიჟული ატრიბუტით აღიჭურვა. მართალია, წვიმიან ამინდში ლუქის ზედა ზედაპირზე მომცრო გუბე გროვდებოდა და მერე სალონში მოწინწკირებდა, მაგრამ ეს უკვე უმნიშვნელო დეტალი იყო. ბედის ირონიით, ლუქმა ღრიჭო სწორედ იმ ადგილას გაიკეთა, რომ ნაწვიმარი წყლის ნაკადული თავად მამაჩემს ჩასდიოდა კისერში.

სიგნალიზაცია: კომფორტისა და ფუფუნების კიდევ ერთი ინდიკატორი. მეტისმეტად პრიმიტიული ტექნოლოგიის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ კარის გაღების შემდეგ ბუდეში უნდა შეგერჭო მაგნიტოფონ ”ელექტრონიკა”-დან ნასესხი შტეკერი, რომელიც ამ ”სუპერტექნოლოგიის” ძირითად ელემენტს წარმოადგენდა. ისეც მომხდარა, ამ თითქმის კოსმოსურ ტექნოლოგიას დავუღალატებივართ და სიგნალიზაციის გათიშვა აკუმულატორის სრულ განმუხტვამდე ვერ მოგვიხერხებია. გასაღებების აბმულაზე მოკონწიალე შტეკერით გამოწვეული სიამაყე ამ უმნიშვნელო დისკომფორტსაც წარმატებით ანეიტრალებდა.

Auto Bild

ერთი მინუსი ჰქონდა ყველა ”ჟიგულს” - ორ-სამ თვეში ერთხელ სტარტერი უნდა მიგეტანა სარემონტოდ. შეამოწმებდა ხელოსანი, დასვამდა აქამდე ათასჯერ დასმულ დიაგნოზს – ბენდიქსის ბრალიაო და მეორე დღისთვის დაგიბარებდა. ესეც რიტუალი იყო, კარგი ”ხადავიკი” კი ნებისმიერი მძღოლის უახლოესი ძმაკაცი.

მეტისმეტად ბევრი მინუსი გავიხსენე? სულაც არა. ან როგორ შეიძლება უარყოფითმა გადაწონოს, როცა პირველზე საუბრობ?! აკი ამბობენ, პირველი ავტომანქანა პირველი სიყვარულივით არის – დავიწყება შეუძლებელიაო. მართალი ყოფილა. მამაჩემის სახე მახსოვს, ბაზრობიდან გამოსვლისას თვალებით როგორ ეფერებოდა 11 წლის მეგობარს, რომელიც უკვე სხვისი საკუთრება გახდა. დარწმუნებული ვარ, არც გაყიდდა, რომ არა დრო და ვითარება. პირველმა შვილმა ვთხოვე და მესამე გაიმეტა. უარი ვერ მითხრა, მაგრამ ბოლომდეც ვერ მაპატია. კარგა ხანს მოღრუბლული დადიოდა და ხმა არ გაუცია.
გიორგი ნოზაძე

Auto Bild