კაცი «ზაპოროჟეცს» ასე უვლიდეს, გაგიგიათ? პოსტსაბჭოურ საქართველოში (და არა მარტო აქ) ეს ავტომობილი ხომ დაცინვისა და მასხრად აგდების უპირველესი ადრესატი იყო
კაცი «ზაპოროჟეცს» ასე უვლიდეს, გაგიგიათ? პოსტსაბჭოურ საქართველოში (და არა მარტო აქ) ეს ავტომობილი ხომ დაცინვისა და მასხრად აგდების უპირველესი ადრესატი იყო. თუკი საბჭოურ მანქანებზე ანეკდოტები იქმნებოდა, უმეტესობაში სწორედ «ზაპო» იყო ყველაზე ბედშავის როლში. თუმცა ახლა «ზაპოროჟეცის» ისტორიის მოყოლას ან ამ ავტომობილზე შექმნილი ანეკდოტების გახსენებას არ ვაპირებთ. დავუბრუნდეთ პირველ წინადადებას, უფრო სწორად კითხვას: აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის ნახეთ ასე კარგად შენახული «ზაპო» ცოცხლად?
ფოტოებზე 1986 წელს გამოშვებულ, მეორე თაობის მოდიფიცირებულ «ზაპოროჟეცს» ხედავთ, ხოლო ის, რომ მანქანა ჯერ კიდევ ძალიან კარგად გამოიყურება, მისი მფლობელის, იოსებ ჯინჯიხაშვილის დამსახურებაა.
«ახალგაზრდობაში და მით უმეტეს ბავშვობაში, ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი, რომ «ზაპოროჟეცი» ოდესმე ასე ძალიან შემიყვარდებოდა. დღეს კი ვამაყობ იმით, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოვლილი და თვალსაჩინო «ზაპო» სწორედ მე მყავს. რაც მაქვს ან მქონია, ყველაფერს ვუვლიდი და ვუვლი. დაფასება და პატივისცემა უსულო საგნებსაც ისევე ჭირდებათ, როგორც ყველა სულიერს, ვინც შენს გვერდითაა, - ამბობს 62 წლის იოსები, იგივე ოსკი, და იქვე დასძენს, - ეს განსაკუთრებით ავტომობილებს ეხებათ. თუ მანქანას არ მოუარე და არ დააფასე, არც ის დაგაფასებს.»
როგორც ხედავთ, ამ «ზაპოროჟეცს» ძალიან გაუმართლა, ასეთი კაცის ხელში რომ მოხვდა. დღეს ის უკვე ანტიკვარია და თუკი საქართველოში რარიტეტულ, ძვირფას ავტომობილად ჯერ მხოლოდ ერთეულები აღიქვამენ, პოსტსაბჭოურ სივრცეში, განსაკუთრებით კი უკრაინაში, დღეს კარგად შენახულ «ზაპოროჟეცზე», როგორც ანტიკვარზე, უკვე ძალიან დიდი მოთხოვნაა. და კითხვაზე, შეელევა თუ არა თავის «ზაპოს» იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს მისი ყიდვის სურვილი გაუჩნდება, ოსკის თვალები უნაღვლიანდება, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხს და ვაჟკაცურად ამბობს, თუ ოდესმე შეველევი, მხოლოდ ღირსეულ კაცს დავუთმობო.
ჩვენ იოსებ ჯინჯიხაშვილის «ზაპოროჟეცი» დავქოქეთ და ძველ თბილისში გავიარ-გამოვიარეთ. თავიდან ძრავის «ტრახტრახა» ხმაზე კი გაგვეცინა, მაგრამ დავიძარით თუ არა, ღიმილი სახეზე შეგვაშრა - «ზაპო» ყოველგვარი ხველების გარეშე გაქანდა და უბნები, სადაც უწინ, გაგიკვირდებათ და ამ მანქანითაც იწონებდნენ თავს, უპრობლემოდ მოგვატარა. სავარძლები, ტორპედო, მთლიანად სალონი სათუთადაა მოვლილი. არანაირი ნაკაწრები, არც ზედმეტი კოროზია - ახალივითაა. მოგეხსენებათ, «ზაპოს» ძრავა უკან უდგას, წინ კი საბარგული აქვს და ვფიქრობდით, რომ იქ მაინც აღმოვაჩენდით სიძველისთვის დამახასიათებელ ლაფსუსებს. არაფერიც: დამცავი რეზინებიც კი საუკეთესო მდგომარეობაშია!
რაც შეეხება მის პატრონს: იოსებ ჯინჯიხაშვილი მარტო ამ მანქანის სიყვარულისა და მისი მოვლის გამო კი არ არის ყურადღების ცენტრში მოსახვედრი პიროვნება, არამედ ზოგადად, თბილისში კოლორიტული ფიგურაა - ოსკი წელს ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი გრძელ ნარდში. 62 წლის ასაკისთვის გასაოცრად ენერგიული და დაუღლელია. ასე რომ არ იყოს, არც მისი «ზაპოროჟეცი» იქნებოდა იდეალურ მდგომარეობაში...
თენგო კანდელაკი