რატომ არ მისცეს ამ მანქანას სიცოცხლის უფლება?
რატომ არ მისცეს ამ მანქანას სიცოცხლის უფლება?
04.05.2014
მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ეს Lancia ელიო ძაგატოს მიერ დაპირებულ 200 კმ/სთ-ს ვერ ავითარებდა. AUTO BILD-მა პროტოტიპით ექსკლუზიურად გაისეირნა

Lancia-ს (ლანჩა) ისტორიაში ტრაგიკული მომენტები არა იშვიათი გამონაკლისი, არამედ ძალიან ხშირი და თითქმის ტრადიციულია. ზოგადად, ვინც 1906 წელს დაარსებული ინოვაციური მარკის ისტორიაში ჩაყვინთავს, არაერთ რადიკალურ პერიოდს აღმოაჩენს - მაგალითად, 1955 წელს. მას შემდეგ, რაც ”ლანჩას” სტარტ-პილოტი ფორმულა 1-ში, იმ დროის ერთ-ერთ საუკეთესო მრბოლელი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალბერტო ასკარი ვარჯიშზე ტრაგიკულად დაიღუპა, ჯანი ლანჩამ სარბოლო პროგრამა მთლიანად შეაჩერა. მან ენცო ფერარის თავისი ექვსი D50 ბოლიდი აჩუქა. მოგვიანებით გამოჩნდა, რომ ამ ნაბიჯით ლანჩამ უდიდესი ნახტომის გაკეთების შანსი დაკარგა, რადგან Lancia D50 იმდენად კარგი ბოლიდი იყო, რომ ”ფერარიმ” ერთი წლის შემდეგ ამ ბოლიდით მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

Auto Bild
სახურავის ვიწრო საყრდენების გამო კუპეში ხილვადობა შესანიშნავია. მარჯვნივ: ვიწრო კოკპიტი შესანიშნავი საჭით

ფინანსური პრობლემების გამო სწორედ 1955 წელსვე მიჰყიდა ჯანი ლანჩამ (თან ისე, რომ ამის შესახებ მისმა დებმა, ნორიმ და მარიამ არაფერი იცოდნენ) Auto Bildკომპანიის აქციები ცემენტის ბიზნესით გამილიონერებულ კარლო პეზენტის, რომელმაც ამით კომპანიაზე კონტროლი დაამყარა. პირველი, რაც პეზენტიმ მოიმოქმედა, შეფ-ინჟინრისა და ინოვაციური D50-ის შემქმნელის, ვიტორიო იანოს სამსახურიდან გაშვება იყო. არადა, იანო იტალიაში საკულტო ფიგურა გახლდათ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ სწორედ მისი შექმნილია ”ალფა რომეოს” ლეგენდარული ბოლიდი P3, რომლითაც 1935 წელს ტაციო ნუვოლარიმ გერმანიის გრან პრიზე, ნიურბურგრინგზე, ”მერსედესი” დაამარცხა. მაშინ ადოლფ ჰიტლერი ამის გამო ისე გაბრაზდა, რომ დაჯილდოვებისას ნუვოლარის ხელი არ ჩამოართვა. Lancia-დან გამოგდებით, მძიმე ავადმყოფობითა და ვაჟის დაღუპვით გამწარებულმა იანომ რამდენიმე წლის შემდეგ თავი მოიკლა...

”ლანჩაში” ის ანტონიო ფესიამ შეცვალა, რომელიც ასევე ტექნიკის ვარსკვლავი გახლდათ. სწორედ ის გახლდათ იმ ავტომობილის მთავარი ინჟინერი, რომელის ომისშემდგომ იტალიას მასობრივად მოედო - ალბათ მიხვდით, რომ Fiat Topolino-ს ვგულისხმობთ. ”ლანჩაში” შეფ-ტექნიკოსად დანიშნულმა ფესიამ 1955 წლის აპრილში ბევრი რამ შეცვალა. ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილება Flavia-ს შეეხო, რომელიც უკანა ამძრაობის ნაცვლად, წინა ამძრაობით აღიჭურვა. მანქანას სახელი ცნობილი გზის, Via Flavia-ს პატივსაცემად დაერქვა, რომელის რომის იმპერატორმა ტიტუს ფლავიუს ვესპასიანემ ქრისტესშობიდან 79 წელს გააკეთა. გზა დღემდე არსებობს, SS15 Via Flavia-ს სახელითაა ცნობილი და ტრიესტის ცენტრიდან სამხრეთით, იტალიისა და სლოვენიის საზღვრამდე მიდის.

Auto Bild

თუმცა დავუბრუნდეთ ავტომობილს: ვიზუალური თვალსაზრისით ერთობ შეუმდგარ სედანთან ერთად, იწარმოებოდა პინინფარინას მიერ ფორმირებული შესანიშნავი კუპე, მერე კი Flavia-ს ყველაზე მძაფრი ვერსიაც გამოვიდა, რომელიც Zagato-მ შექმნა: ჟენევის 1962 წელს წარმოდგენილი კუპე არა მარტო ყველაზე მსუბუქი, არამედ ყველაზე სწრაფი Flavia გახლდათ.

1966 წლის დეკემბერში ელიო ძაგატომ და ლანჩამ მოლაპარაკებები დაიწყეს - საქმე ეხებოდა Flavia-სთვის ახალი ძარის შექმნას. ძაგატო და ლანჩა მალე შეთანხმდნენ, მაგრამ ერთი პირობით: ახალი მოდელი სერიული მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა, თუკი 114 ცხენისძალიანი და 2-ლიტრიანი ძრავით მინიმუმ 200 კმ/სთ-ს განავითარებდა, რაც 15 კმ/სთ-ით მეტი იქნებოდა, ვიდრე Pininfarina-2000-Coupe-ს მაქსიმალური სისწრაფე გახლდათ.

Auto Bild
დაკუთხული დიზაინი, რაც 1968 წლისთვის ძალიან ინოვაციური იყო. ასეთი ფორმა მერე პირველად 1971 წელს, Fiat 130 Coupe-ში ვიხილეთ

ძმები, ელიო და ჯანი ძაგატოები მუშაობას შეფ-დიზაინერ ერკოლე სპადასთან ერთად შეუდგნენ და ყველაფერი გააკეთეს იმსიათვის, რომ ავტომობილს მაქსიმალურად თხელი ”კანი” ჰქონოდა. თუ რაოდენ ჭვიანურადაა 68 წელს გამოშვებული Flavia Supersport-ის კონსტრუქცია შექმნილი, ამაში ჟურნალი AUTO BILD თავად დარწმუნდა: მილანელი კოლექციონერის, კორადო ლოპრესტოს მიერ ახლახან რესტავრირებული ეგზემპლარით ექსკლუზიურად გავისეირნეთ.

პილოტისთვის ჯდომის იდეალური პოზიციის შესაქმნელად, უძრავი საზურგე სრულყოფილ, მსუბუქად უკან გადაწეულ პოზიციაშია ფიქსირებული. ჯდომის ღრმა პოზიციის გამო Zagato ”ფლავიას” სედანზე 14 სანტიმეტრით დაბალია. მთავარი განსხვავება კი ბაზაშია, რომელიც 25 სანტიმეტრითაა დამოკლებული. მოკლე ბაზისა და უაღრესად პირდაპირი მოხვევის წყალობით Flavia Supersport მოსახვევში ისე შედის, როგორც Mazda MX-5 შედიოდა 20 წლის შემდეგ.

Auto Bild
რაფინირებული დეტალი: კიჩოს ფანჯარა ღილაკზე თითის დაჭერით რამდენიმე სანტიმეტრით იწევა. წარწერა Flavia დიზაინერ ერკოლე სპადას შემოქმედებაა, როგორც სახასიათო დიზაინერული ელემენტი მასიურ C-საყრდენზე

Auto Bild

გამორჩეულია ავტომობილის დიზაინიც: დაბალი და ოთხკუთხედი მაშუქები 1968 წელს ისეთივე რადიკალური სიახლე იყო, როგორც გვერდითა კანტი, რომელიც კარის სახელურის დაბლა, 10 სანტიმეტრშია და მანქანის ფლანგს ვიზუალურად ორ ნაწილად ყოფს. სხვათა შორის, სამი წლის შემდეგ ეს ორი დეტალი ”პინინფარინამ” გადაიღო და 71 წლიდან გამოშვებული Fiat 130 Coupe-ს დიზაინის გამო კიდევ უფრო რესპექტაბელური გახდა.

Flavia Zagato Supersport კი ტრაგიკულ გმირად დარჩა: მიუხედავად აეროდინამიკის გაუმჯობესების უამრავი მცდელობისა, ძაგატომ ბოლოს მხოლოდ 199 კმ/სთ-ის განვითარება შეძლო. მანქანას მხოლოდ 1 კმ/სთ დააკლდა იმისათვის, რომ კონტრაქტში ჩაწერილი ვალდებულება შეესრულებინა და პროტოტიპად დატოვეს. ეს კიდევ ერთი ტრაგიკული მომენტია ”ლანჩას” ისტორიაში.

Auto Bild
უამრავი მცდელობის მიუხედავად, სისწრაფე მხოლოდ 199 კმ/სთ იყო

დასკვნა
კინაღამ მორტყმა აცელას ნიშნავს: ძალიან სამწუხაროა, რომ ეს უაღრესად ჭკვიანურად შექმნილი ავტომობილი სერიულ წარმოებაში არ ჩაეშვა. ეს იყო მანქანა, რომელიც გამოირჩეოდა დიზაინითაც და მინიმალისტური კონცეფციით, რომელიც მაქსიმალური ეფექტიანობის გარანტია იქნებოდა. Lancia Flavia Zagato Supersport საავტომობილო ისტორიას დააკლდა.
ბერნდ ვილანდი

Auto Bild

ტექნიკური მონაცემები
4-ცილინდრიანი Boxer • მოცულობა: 1991 სმ³ • 84 კვ (114 ცხ. ძ.)/5400 • წინა ამძრაობა • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4100/1560/1280 მმ • ბაზა: 2400 მმ • ავზის მოცულობა: 55 ლიტრი • წონა: 1000 კილოგრამი • მაქს. სიჩქარე: 199 კმ/სთ
დაგეგმილი ფასი: 3 მილიონი ლირა (დაახ. 19 000 ევრო)


ისტორია

მანქანას ვერანაირმა დამატებითმა მცდელობამ ვერ უშველა: მონცაში გამართულ ტესტებზე ავტომობილმა 199 კმ/სთ-ზე მეტი ვერაფრით განავითარა. თუმცა ის ჟენევის 1962 წლის ავტოშოუზე წარმოდგენილ წინამორბედზე (ქვედა ფოტო) 19 კმ/სთ-ით სწრაფი გახლდათ
Auto Bild

ბეჭდვა