ლეგენდა, რომელმაც BMW კინაღამ გააკოტრა
ლეგენდა, რომელმაც BMW კინაღამ გააკოტრა
30.04.2015
BMW 507 არის ”როდსტერი”, რომელიც 1956-1959 წლებში იწარმოებოდა. მისი შექმნის თავდაპირველი მიზანი იყო შეერთებულ შტატებში ათასობით ეგზემპლარის ექსპორტი, საბოლოოდ კი პროექტი იმდენად ძვირი დაჯდა, რომ ავტომობილის მაღალი ფასის გამო მხოლოდ 252 ეგზემპლარი გაიყიდა და ამ მოდელმა ლეგენდარული კონცერნი კინაღამ გააკოტრა.

507 ამერიკელმა ავტო-იმპორტიორმა, მაქს ჰოფმანმა შექმნა. 1954 წელს მან BMW-ს მენეჯმენტი დითანხმა იდეაზე, შეექმნათ BMW 501 და BMW 502 მოდელების ”როდსტერ” ვერსია, რომელიც დაიკავებდა ძვირადღირებულ Mercedes 300SL-სა და იაფ, უხარისხო Triumph და MG სპორტულ მოდელებს შორის დარჩენილ ცარიელ ნიშას. პირველი ვარიანტი, რომლის დიზაინიც ერნსტ ლოფმა შექმნა, ჰოფმანმა დაიწუნა. მერე კი, ამ ადამიანის ინიციატივით, 1954 წლის ნოემბერში ბავარიულმა კონცერნმა ხელშეკრულება გააფორმა ალბრეხტ ფონ გოორტცთან, რომელმაც BMW 503 და BMW 507-ის დიზაინები შექმნა. BMW-ს ინჟინერ, ფრიც ფიდლერს დაევალა შეექმნა ავტომობილის მექანიკური მხარე, კონცერნის არსებული ნებისმიერი კომპონენტით. საბოლოოდ ავტომობილმა მიიღო OHV V8 ძრავა, 3,168 კუბური სანტიმეტრით. ძრავა 150 ცხენის ძალას ავითარებდა, რაც საკმარისი იყო 0-დან 100 კმ/სთ-მდე 11.1 წამში აჩქარებისთვის და 196 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებლად.

Auto Bild

507-ის დებიუტი ნიუ იორკის სასტუმრო Waldorf-Astoria Hotel-ში 1955 წლის ზაფხულში შედგა. წარმოება კი მომდევნო წლის ნოემბერში დაიწყო. მაქს ჰოფმანის რეკომენდაციით, საწყისი ფასი 5 000 დოლარს შეადგენდა და წელიწადში 5000 მოდელი უნდა დამზადებულიყო. თუმცა წარმოების ღირებულების მაღალმა ფასმა მოდელის ღირებულება 26 500 გერმანულ მარკამდე (შემდგომში კი 29 950) ასწია. შესაბამისად, თავდაპირველი ფასი ჯერ 9000 დოლარამდე, შემდეგ კი 10 500 დოლარამდე გაიზარდა.

მიუხედავად ცნობილი ადამიანების დაინტერესებისა, ავტომობილს არასდროს მიუღწევია თავისი შტუტგარტელი კონკურენტის, Mercedes-Benz 300 SL-ის გაყიდვების 10 პროცენტისთვისაც კი.

საბოლოო ჯამში, იმის მაგივრად, რომ 507 გამხდარიყო BMW-ს სპორტული ხაზის ახალი ეტაპის დასაწყისი, პროექტი კინაღამ კომპანის სრული კრახის მიზეზი გახდა. 1959 წლისთვის ბავარიულმა კონცერნმა მხოლოდ ამ მოდელზე 15 მილიონი გერმანული მარკა იზარალა და 507-ის წარმოებაც შეჩერდა. ყოველი ეგზემპლარის დამზადება BMW-სთვის წამგებიანი იყო - შედეგად, მხოლოდ 252 ორიგინალი და 2 პროტოტიპი დამზადდა.

Auto Bild

საბედნიეროდ, ჰერბერტ ქუანდტის ინვესტიციამ და ახალი, იაფი მოდელების (BMW 700 და ”ახალი კლასი” 1500) წარმოებამ კომპანია აღმავლობის გზაზე დააყენა.

მიუხედავად წარუმატებლობისა, 507 მაინც ითვლება ლეგენდარულ ავტომობილად და თავისი სტილით რამდენიმე კაშკაშა ვარსკვალვის მიზიდვაც კი შეძლო. ყველაზე ცნობილი და კაშკაშა კი ელვის პრესლია, რომელმაც გერმანიაში, ამერიკის არმიასთან ერთად ყოფნის დროს 3500 დოლარი გადაიხადა თეთრ BMW 507-ში და ამერიკაში წაიყვანა.

შეერთებულ შტატებში ელვისმა მანქანას ძრავა შეუცვალა ”ფორდის” V8 ჩაუდგა. ეს ავტომობილი ითვლება პრესლის ერთ-ერთ უსაყვარლეს მანქანად საკუთარი ავტოფარეხიდან. 1963 წელს ელვისმა ავტომობილი აჩუქა თავის პარტნიორს, შვეიცარიაში დაბადებულ მსახიობ ურსულა ანდრესს. ურსულამ ავტომობილი საკმაოდ დიდხანს შეინახა. 1997 წელს ელვისის 507 აუქციონზე 350 000 დოლარად გაიყიდა.

ასევე კიდევ ერთი ცნობილი მფლობელი იყო F1-ის დიდი ბოსი, ბერნი ეკლსტოუნი, რომელმაც 2007 წლის ოქტომბერში, საკუთარი 507 ლონდონის აუქციონზე 904 000 დოლარად გაყიდა. ცნობილია, რომ 202 ეგზემპლარი გადარჩენილია და მათი ფასი 2009 წელს 900 000 ფუნტ სტერლინგს ასცდა.

იხილეთ ფოტოგალერეა:
►ლეგენდარული კაბრიოლეტი, რომელმაც BMW კინაღამ გააკოტრა

Auto BildAuto Bild