ყველაფერი პატრულის მანქანის შესახებ
ყველაფერი პატრულის მანქანის შესახებ
27.11.2014
ეს გახლავთ სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ამერიკული ავტომობილი - Ford Police Interceptor, რომელსაც ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” და ვებ-გვერდ autobild.ge-ს მკითხველები დიდი ხანია იცნობენ.

Auto Bild

AUTO BILD-მა ეს ავტომობილი ჯერ კიდევ 2014 წლის დასაწყისში, ექსკლუზიურად გატესტა და მკითხველებს ჟურნალის თებერვლის ნომერში დეტალურად წარუდგინა. მაშინ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის ამ მანქანებით განახლება ჯერ კიდევ იდეის დონეზე იყო, ახლა კი  პატრულის ავტოპარკი ახალი Ford Interceptor-ებით განახლდა.

შეგახსენებთ, რომ Ford Police Interceptor სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ავტომობილია და ის სერიულად არ იყიდება. ამ მანქანით მხოლოდ და მხოლოდ პოლიცია (აშშ, კანადა) სარგებლობს. აქვე კიდევ ერთხელ გთავაზობთ ამ ავტომობილის დეტალურ წარდგენას. აღსანიშნავია, რომ პატრულის ქართველმა თანამშრომლებმაც სწორედ ასეთი ვერსიები მიიღეს.

ამ მანქანის სალონის უკანა განყოფილებაში მოხვედრას არავის ვუსურვებთ!

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ასეთ ავტომობილში მოხვედრის მხოლოდ ორი გზა არსებობდა: ამისათვის ან პოლიციის თანამშრომელი უნდა ყოფილიყავი, ანაც დანაშაული უნდა ჩაგედინა. არადა თურმე მესამე გზაც არსებობს და ეს გზა ჟურნალი AUTO BILD-ია! შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვმართა თხოვნით, გაგვეტესტა ავტომობილი, რომელიც, შეიძლებოდა, ქართული პოლიციის ერთ-ერთი ბოლიდი გამხდარიყო. ჩვენ კი ასეთ თხოვნებს უდიდესი სიამოვნებით ვასრულებთ ხოლმე!

ამერიკიდან ჩამოყვანილი ათლეტური სედანი მთელი დღის განმავლობაში ჩვენს განკარგულებაში იყო. მადლობა სამინისტროს ასეთი შესაძლებლობისთვის, ნდობისთვის და, რა თქმა უნდა, იმისთვისაც, რომ AUTO BILD-ის კომპეტენტური აზრი მათთვის მნიშვნელოვანი იყო.

Auto Bild

მაშ ასე, გაიცანით: სპეციალურად პოლიციის სამსახურისთვის შექმნილი, მაღალი გამძლეობის, და სრული ამძრაობის მქონე ამერიკული სედანი Ford Interceptor, რომელიც ათწლეულებია, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის პოლიციას ემსახურება. ეს არის ავტომობილი, რომელსაც პოლიციის გარდა ვერავინ შეიძენს და რომელიც სპეციალური, მაღალი გამძლეობისა და პოლიციის ეკიპაჟებისთვის სრულყოფილი უსაფრთხოების კომპლექტაციით იწარმოება - მანქანა, რომელშიც გათვლილია ყველაფერი, რაც პოლიციის თანამშრომელს პატრულირებისთვის, ოპერატიული რეაგირებისთვის და სხვადასხვა მოვალეობების შესასრულებლად სჭირდება.

როგორც კი ავტომობილები გადმოგვცეს, ჯერ ხეირიანად შეთვალიერებულიც კი არ გვქონდა, რომ მაშინვე მივხვდით: რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავცლოდით ქალაქს, რადგან Interceptor მაშინვე ხალხის ყურადღების ცენტრში მოექცა. ავტომობილის დიზაინი იმდენად მძაფრი, ათლეტური და მიმზიდველია, რომ არც ერთ გამვლელს არ დარჩა შეუმჩნეველი. მანქანები ჩერდებოდნენ, ხალხი გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა ქართული ავტოპარკისთვის ამ უკიდურესად უცხო ხილს. დაგვაყარეს კითხვები და ცხადი გახდა, რომ თუ სასწრაფოდ ქალაქიდან არ გავიდოდით, მთელი დღე ხალხის ლოგიკური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში გავიდოდა.

Auto Bild

შესაბამისად, Interceptor-ის დეტალური დათვალიერება მაშინვე გადავდეთ და სასწრაფოდ დავიძარით. პოლიციის ”ფორდმა” გზაში კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია - მანქანები ესკორტივით მიგვაცილებდნენ, გვათვალიერებდნენ, ფოტოებს გვიღებდნენ, ცერა თითებს გვიჩვენებდნენ. უკნიდან, გვერდებიდან, წინიდან - ყველა მხრიდან ბლოკირებულები ვიყავით და სისწრაფესაც ვეღარ ვუმატებდით. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა ფანჯრიდან თავი რომ გადმოყო და ღიმილით მოგვაძახა, თანახმა ვარ, დამაპატიმროთო, სწორედ მაშინ მივხვდით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა - როგორც იქნა, გავთავისუფლდით და წავედით...

ჭკვიანი სრული ამძრაობა

ჩვენთან არც ისე ადვილია ისეთი ადგილის პოვნა, რომელიც ამგვარი ტესტისთვის შესაფერისი ფოტოსესიისთვისაც გამოდგება და მოძრაობაც არ იქნება. იმისათვის, რომ მაქსიმალურ სიმშვიდეში მუშაობის საშუალება მოგვცემოდა, თბილისის შემოვლით გზას მივაშურეთ, სადაც მართლაც აღმოვაჩინეთ წყნარი ადგილი - ოღონდ არა გზაზე, არამედ გზისპირა ფერდობზე.

Auto Bild

Ford Interceptor სრული ამძრაობით აღჭურვილი ავტომობილია, ანუ 4x4 და უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, მუდმივი AWD. თანაც საკმაოდ მაღალი კლირენსი აქვს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ უგზოობის გარკვეულ პირობებშიც უნდა გამოდგეს. ჩვენ Interceptor-ით სედანისთვის მაქსიმალურად რთული მარშრუტი ავირჩიეთ და მაინც უპრობლემოდ ავედით ფერდობზე. Interceptor-ს დამოუკიდებელი წინა საკიდარი აქვს - წინა და უკანა სტაბილიზატორებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მთელი სიმძლავრის ერთი ბორბლისკენ მიმართვა შეუძლია, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ, სახელდობრ, თუ სამი ბორბალი მოყინულ გზაზე აღმოჩნდება და მხოლოდ ერთს ექნება ხეირიანი მოჭიდება, ავტომობილი ასეთი მდგომარეობიდან თავს დაიძვრენს!

დიზაინი და ინტერიერი

როგორც იქნა, განვმარტოვდით, დავიწყეთ დათვალიერება და დავსვით მთავარი კითხვა: არის თუ არა ”ფორდის” სპეცავტომობილი ისეთი მანქანა, რომელიც პოლიციის ეკიპაჟის მაქსიმალურ უსაფრთხოებასთან ერთად, დანაშაულის სწრაფ აღკვეთას და წესრიგის დაცვას მაქსიმალური კომფორტით უზრუნველყოფს?

Auto Bild

Interceptor სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ბოლიდია, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ”ფორდის” სპეცმობილს წინ გაძლიერებული ბამპერი აქვს, რაც არა მარტო ვიზუალური დეტალი, არამედ, პირველ რიგში, უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი დეტალია - ავტომობილის ჩარჩო 120 კმ/სთ-მდე სისწრაფით შეჯახებას უძლებს!

სპეციალური, მაღალი გამძლეობის, არასერიული საბურავები და დისკები ბორდიურზე სწრაფად ავარდნას უპრობლემოდ გაუძლებს. საბარგულის კარის გახსნა მხოლოდ გასაღებით, ან მძღოლის სამუშაო მაგიდიდანაა შესაძლებელი, რაც გამორიცხავს იმას, რომ სპეცოპერაციის დროს ვინმემ საბარგულის გახსნა შეძლოს - იქ ხომ ტექნიკა და იარაღი იქნება შენახული. საბარგულში არის სპეციალური, თუთიის ვარირებადი სათავსო თავისი გაგრილების სისტემით, რომელიც ტექნიკის გადახურებას გამორიცხავს.

Auto Bild
Auto BildAuto Bild

ინტერიერში ჩაჯდომისთანავე იგრძნობა, რომ ”ფორდის” ინჟინრებს, ასევე მიჩიგანის შტატის პოლიციის დეპარტამენტისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებს ძალიან ბევრი უფიქრიათ იმაზე, რომ შერიფებს თავი მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნოთ. მძღოლის, ან გვერდითა მგზავრის სავარძელზე ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს - შეიარაღებული პოლიციელი აქ თავისუფლად მოთავსდება და საკმარისზე მეტი სივრცე ექნება. სავარძლები მაღალი გამძლეობის ნაჭრითაა შესრულებული, მძღოლის სავარძელი ექვსი მიმართულებით, ელექტრონულად რეგულირდება. აქვეა იდაყვის საყრდენიც. აი, შერიფის ასისტენტისთვის კი მხოლოდ ორი მიმართულებით და მექანიკურად რეგულირებადი სავარძელია განკუთვნილი. რაც ყველაზე მთავარია, წინა სავარძლების საზურგეები ჯავშნით არის დაცული და ეს ოფცია ავტომობილს სერიულად მოჰყვება. დამატებითი ოფციის სახით შესაძლებელია კარების ბრონირებაც...

Auto Bild

ცენტრალური კონსოლი მაქსიმალურად მყარია და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. იმისათვის, რომ კონსოლზე რაციისთვის და პოლიციის ავტომობილისთვის აუცილებელი, ფუნქციური ღილაკებისთვის ადგილი გამოთავისუფლებულიყო, გადაცემათა კოლოფის ბერკეტი საჭის უკანაა ატანილი. აქვე ვთქვათ, რომ ტრანსმისია 6-საფეხურიანი ავტომატიკაა. მთლიანი კოკპიტი და კარის შიდა მხარე მაღალი ხარისხის, მაქსიმალურად გამძლე, მყარი მასალებითაა შესრულებული - ასეთი სალონის გაცვეთა ადვილი არ იქნება.

რეგულირებადი საჭე მულტიფუნქციურია: სწორედ საჭიდან რეგულირდება სიჩქარე და აუდიოსისტემა. ინსტრუმენტების დაფის თავზე სპეციალური, უნივერსალური სამაგრია დამონტაჟებული, რომელიც იდეალურია რადარისთვის ან პოლიციის სხვა აღჭურვილობებისთვის.

Auto Bild
Auto BildAuto Bild

გადავინაცვლოთ უკან: ანუ იქ, სადაც დაკავებული პიროვნება უნდა აღმოჩნდეს. პირველი, რაც უნდა ვთქვათ ისაა, რომ არაა აუცილებელი Ford Interceptor-ის სალონის უკანა ნაწილში დაკავებულ პიროვნებას ვინმე მიუჯდეს. კარის დახურვის შემდეგ, ფაქტობრივად, წინასწარი დაკავების საკანში მოხვდები - ვერც კარს გააღებ, ვერც მინას ჩამოსწევ და პოლიციის ეკიპაჟისგან სპეციალური, მაღალი გამძლეობის გამჭვირვალე ბარიერით ხარ იზოლირებული. უკანა რიგის სავარძელი ვინილგადაკრულია და თუ დაისვარა (რაც პოლიციის ავტომობილის შემთხვევაში ხშირად ხდება), ადვილად გაიწმინდება. უკან, რა თქმა უნდა, არ არის არც კარის პანელები, არც ჯიბეები, დინამიკები ან ჭიქის დამჭერები. მოკლედ, ამ მანქანის სალონის უკანა განყოფილებაში მოხვედრას არავის ვუსურვებთ!

Auto Bild
Ford Interceptor-ის სალონის უკანა ნაწილში ვერც კარს გააღებ, ვერც მინას ჩამოსწევ და პოლიციის ეკიპაჟისგან სპეციალური, მაღალი გამძლეობის გამჭვირვალე ბარიერით ხარ იზოლირებული
Auto Bild

აღჭურვილობა
პოლიციისთვის განკუთვნილი დამატებითი აღჭურვილობა Ford Interceptor-ში, რა თქმა უნდა, ქარხნულადაა შესრულებული. დამატებითი აღჭურვილობებიდან, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს 220-ამპერიანი გარდამქმნელი და მაღალი გამძლეობის აკუმულატორი, რომელსაც მომსახურება არ სჭირდება. 220-ამპერიანი გენერატორი აკუმულატორს მუხტავს და დამატებითი ენერგიით კვებავს ავტომობილის მთელ ელექტროობას. შესაბამისად, როცა ყველა განათება ჩართულია, რაც პოლიციის ავტომობილის შემთხვევაში ძალიან ხშირად ხდება, აკუმულატორი სწრაფად აღარ დაჯდება. Ford Interceptor ასევე აღჭურვილია მაღალი გამძლეობის სამუხრუჭე დისკებითა და ხუნდების დამჭერით. აქვეა კრუიზკონტროლი, მუხრუჭების ჰიდრავლიკური დახმარების ფუნქცია, წინა და გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები, ABS, Tracion Control, პოსტავარიული განგაშის SOS-სისტემა და საბურავების წნევის მონიტორინგის სისტემა.

Auto Bild

როგორ დადის?

...და აი, მივადექით ტესტის ალბათ მაინც ყველაზე საინტერესო ნაწილს: როგორ დადის Ford Interceptor? მისი ძრავა მძლავრი, 3,7-ლიტრიანი აგრეგატია, სიმძლავრე კი არც მეტი, არც ნაკლები, 305 ცხენის ძალა გახლავთ. მიადგამ თუ არა მარჯვენა პედალს, ”ფორდი” წამიერად თითქოს ჩაისუნთქავს, მერე კი რაკეტასავით მიექანება! ჩვენ 230 კმ/სთ-ის განვითარება გავბედეთ და Interceptor ასეთ მაღალ სისწრაფეზეც კი მაქსიმალურად მყარ მოჭიდებას ინარჩუნებდა და ცხადი იყო, რომ მანქანას მეტიც შეეძლო. მოხვევა ამხელა სედანისთვის შეძლებისდაგვარად პირდაპირია, საჭის რეაქცია - აბსოლუტურად ადეკვატური.

გადაცემების გადართვა შეუმჩნევლად, დროულად ხდება და თუ არ ჩავთვლით თავდაპირველ, წამიერ ”ჩასუნთქვას”, პაუზა თითქმის არ არსებობს. გაძლიერებული სამუხრუჭე სისტემა სპეციალური დისკებითა და ხუნდების დამჭერებით თავის საქმეს მოსალოდნელზე უკეთესად აკეთებს. პოლიციის ავტომობილი დრამატულ რეჟიმშიც კი რეაქტიული უნდა იყოს და Ford Interceptor-ის შემთხვევაში ეს სწორედ ასეა. მოსახვევში შესვლისას ავტომობილის საპასუხო რეაქცია შესაბამისია. ასე რომ, მართალია, პოლიციას დღეს დევნა აღარ სჭირდება, მაგრამ თუ მაინც საჭირო იქნება, Interceptor-ს ტრასაზე მხოლოდ სუპერსპორტული ავტომობილი თუ გაასწრებს.

Auto Bild

პოლიციის ავტომობილები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. შესაბამისად, ”ფორდი” სპეციალურად აძლევს რეკომენდაციას უტურბინო, მაგრამ უფრო მძლავრ აგრეგატს, რათა ძრავამ გაცილებით დიდხანს გაძლოს და სერვისზე დამატებითი თანხები არ დაიხარჯოს.

ტესტის ბოლოს ავტომობილი ქვემოდან დავათვალიერეთ. Ford Interceptor-ის იატაკი ქვემოდან ფოლადის დამცავებითაა დაცული, საკიდარის სპეციალური ბერკეტები აქვს და მუდმივი დატვირთვებისთვის ამტანი იქნება.

ამ ”ფორდს” მხოლოდ ერთი მინუსი შეიძლება ჰქონდეს: საწვავის ხარჯი. ავტომატური კოლოფი და 3,7-ლიტრიანი ძრავა თავისას მოითხოვს. მანქანა ტესტირებისას ჯერ კიდევ გასახმარისების რეჟიმში იყო, ამ დროს საწვავის ხარჯი უფრო მეტია ხოლმე და არც ბორტკომპიუტერის ნდობა შეიძლება. ქარხნულ მონაცემებში ვკითხულობთ, რომ ამგვარად მოტორიზებული Interceptor ქალაქში 100 კილომეტრზე საშუალოდ 12,9 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ჩვენი ვარაუდით, რეალურ ცხოვრებაში ხარჯი ოდნავ მეტი იქნება და ”ფორდის” სპეცბოლიდი ქალაქში, აგრესიულად მართვისას, 14-14,5 ლიტრს მაინც ”გადაჰკრავს”.

Auto Bild
Auto Bild
აღსანიშნავია, რომ ხელმისაწვდომია 3.5, ან 2,0-ლიტრი მოცულობის შედარებით ეკონომიური, EcoBoost ძრავების მქონე ვერსიებიც. თუმცა ეს უკვე ტურბირებული აგრეგატებია და აქ მხოლოდ იმასღა დავძენთ, რომ მიჩიგანის შტატის პოლიციის კვლევითი ცენტრი სწორედ 3,7-ლიტრიან ატმოსფერულ ძრავას უწევს რეკომენდაციას, რადგან ეს უკანასკნელი უფრო გამძლეა.

დღის ბოლოს ყველანი ძალიან დაქანცულები ვიყავით, მხოლოდ ჩვენს ფოტოგრაფს არ ეტყობოდა დაღლა - მან ხომ ბავშვობის ოცნება აისრულა და ერთი დღის განმავლობაში თავი ამერიკელი შერიფის ასისტენტი ეგონა. Ford Interceptor-ით სეირნობას ჩვენც სიამოვნებით გავაგრძელებდით, მაგრამ უკვე ავტომობილების დაბრუნების დრო იყო. მანქანა ისეთი განწყობით ჩავაბარე, ბავშვობაში, საზაფხულო არდადეგების მიწურულს რომ მქონდა ხოლმე: ასეთ ავტომობილში მოხვედრის მესამე გზა ხომ ერთჯერადია - პოლიციის თანამშრომელი ჩემგან ნამდვილად აღარ გამოვა, Interceptor-ის სალონის უკანა ნაწილში არაჟურნალისტური მისიით მოხვედრას კი არავის ვუსურვებთ...
შალვა ბუაჩიძე

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild

იხილეთ ვიდეო

ბეჭდვა