მინდა ნივა?
მინდა ნივა?
11.06.2015
«ნივის» შესახებ ლეგენდები ბავშვობიდან მესმოდა და, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, დღესაც ბევრს სჯერა ამ ავტომობილის «უძლეველობა» უგზოობაზე , მაგრამ მართლა ასეა თუ არა, ვეცდები, ცოტა ხანში გაგარკვიოთ. თავს უფლებას მივცემ და ამის შესახებ არა ვინმესგან მონაყოლით, არამედ პირადად განცდილის საფუძველზე უნდა მოგიყვეთ.

როგორც ქართველთა უმრავლესობას, მეც მიყვარს ბუნება, თევზაობა, ნადირობა და მოგზაურობა. ამიტომ, ბავშვობიდან მინდოდა ისეთი ავტომობილი, რომლის მეშვეობითაც ისეთ ადგილებს მივაკითხავდი, სადაც სხვას მისვლა გაუჭირდებოდა, ან სიძნელეების გამო, იქ მისვლას საერთოდ გადაიფიქრებდა. რაღა თქმა უნდა, ასეთ ავტომობილად მაშინ «ნივა» მესახებოდა და სიყმაწვილეში, როდესაც საკუთარი სახსრებით ავტომობილის შეძენის საშუალება გამიჩნდა (სამწუხაროდ ეს «საშუალება» არცთუ ისეთი დიდი იყო), გადაწყვეტილების მიღება არ გამიჭირდა და მაშინვე დავიწყე შესაფერისი ეგზემპლარის ძიება.

ვეცი ინტერნეტს და, რაღა თქმა უნდა, ავტობაზრობას, სადაც ჩემდა გასაკვირად, არცთუ ისე დიდი არჩევანი დამხვდა. თუმცა იმასაც შეგახსენებთ, რომ «საშუალება» ხშირად ვერ წვდება სურვილებს. გულს არ ვიტეხდი და ჯიუტად განვაგრძობდი ძიებას. ერთ მშვენიერ, თუ არც ისე მშვენიერ დღეს კი წავაწყდი იმას, რასაც ამდენ ხანს ვეძებდი. ფასზე შევთანხმდით და ცოტა ხანში გულისფანცქალით მივაქროლებდი ჩემს «წითელქუდას» სახლისაკენ. ჩემს ყველა ავტომობილს სახელი ჰქვია და ამას მაშინვე წითელქუდა დაერქვა - რა თქმა უნდა, ფერის გამო.

Auto Bild

გამყიდველის არც თუ სუფთა სინდისზე და «შეტენილ» საქონელზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ იმ მომენტში იმდენად აჟიტირებული ვიყავი, რომ დაწვრილებითი დათვალიერება არც კი ჩამიტარებია - როგორც იტყვიან, ჰარიფულად მოვტყუვდი.
ახლა კი საქმეზე გადავალ და დავიწყებ იმის მოყოლას, თუ რის გაკეთებას ვაპირებდი და რა გამოვიდა.

1988 წელს გამოშვებული ავტომობილი ძალიან ცოტა ხანში თითქმის სრულიად განახლდა! ყველა აგრეგატი, რომელიც სარემონტო იყო, სრულიად შეიცვალა - ჭანჭიკებიც კი! რა თქმა უნდა, მინდოდა, რომ რაც შეიძლება კომფორტული გამხდარიყო და ის თვისებებიც არ დაეკარგა, რაც ქონდა - პირიქით გაუმჯობესებულიყო კიდეც.

თავიდანვე ვიცოდი ამ ავტომობილის სუსტი წერტილები და გაუმჯობესების პროცესიც დაიწყო!

Auto Bild

ძრავა: ცოტა სუსტი და ბევრს წვავს. საუბარი იყო 1.6 ლიტრი მოცულობის ძველი ტიპის ძრავზე. ამ მხრივ საკმაოდ დიდი მუშაობა ჩატარდა. გაიჩარხა ძრავის ბლოკი, «ჩაიგილზა» ცილინდრები, დადგა მაქსიმალური ზომის დგუშები, შეიცვალა მუხლა ლილვი და დადგა 1.7-იანი ძრავის, უფრო დიდი ბალანსირებით... მოკლედ ახლად აწყობილი ძრავა უკვე სულ სხვანაირად იქცეოდა. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველაფერი ახალი დავაყენეთ. ამის შემდგომ ძრავა უფრო მძლავრი გახდა. კარგად ეწეოდა «დაბლებზე» და თავს არც «მაღლებზეც» ირცხვენდა.

Auto Bild

აალების სისტემა: კარბურატორის გადაკეთება ნამდვილად არ მიფიქრია, აალების სისტემა კი გადავაკეთე - დავაყენე კომუტატორი და ნაპერწკალის სიმძლავრე გაიზარდა. საწვავის ხარჯი სტაბილურად 9 ლიტრზე ჩამოვიდა.

სავალი ნაწილი და ამძრაობა: შეიცვალა ხიდები და დადგა უფრო ახალი მოდელის. ასევე დაიშალა და გადაიწყო გამანაწილებელი კოლოფი, უცხოური საკისრებით. შპს «კენტავრის» დახმარებით შეიქმნა გამანაწილებელი კოლოფის ქვეჩარჩო და თანაბარი კუთხური სიჩქარეების სახსრებიანი (ჩვენებურად «ყუმბარებს» რომ ეძახიან) კარდნები, ასევე გადაიჩარხა წინა მორგვები და რეგულირებადი საკისრები შეიცვალა «მოსკვიჩ 2141»–ის დახურული საკისრებით, რამაც წინა მორგვების მუდმივი რეგულირების პრობლემა მოხსნა. ყველაფერი აიწყო და დაბალანსირდა. ამორტიზატორები - იაპონური მწარმოებლის KYB, გაზის და, რა თქმა უნდა, «ნივისთვის» დამზადებული. წინა «ყუმბარები» გერმანული GKN-ის და გადაბმულობის ქუროს სრული პაკეტი - ასევე გერმანული LUK-ის.

Auto Bild
Auto Bild

აი, ამდენი რამ გავაკეთეთ! სალონში წინა სავარძლებიც შევცვალე და «ოპელ ასტრას» სავარძლები ჩავაყენე. სხვა დანარჩენისთვის ხელი არ მომიკიდია, მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ რა? მივიღეთ ვიბრაციებს და ხმაურს მეტნაკლებად მოკლებული «ნივა», ოღონდ მაინც მუდვივად საკეთებელი, იმიტომ რომ ხარისხიან გერმანულ და იაპონურ ნაწილებს გარდა, რაც კი რუსული იყო ავტომობილზე, მუდმივად ფუჭდებოდა და მეც ხან საკუთარი ძალებით, ხან კი ხელოსნების დახმარებით, მუდმივად მიწევდა ავტომობილის კეთება.

Auto Bild
Auto Bild

ყოველთვე იცვლებოდა რეზინის დეტალები, ხშირად ბურთულიანი საკისრები, წევები და ა.შ. ეს ყველაფერი სამწუხაროდ უცხოური ვერ ვიშოვე. რა თქმა უნდა, იყო ერთი გამოსავალი: რუსეთშივე შემეკვეთა რეზინების პოლიურეთანისგან დამზადებული სრული პაკეტი, მაგრამ აქ უკვე ჩემს მოთმინებასაც გაევლო საზღვარი და მეც გავჩერდი! გავჩერდი იმიტომ, რომ მივხვდი: რუსები მართალს ამბობენ, როდესაც «ნივას» ფარული მილიონერების ავტომობილს უწოდებენ. ამ ავტომობილს მთელი ჩემი ფინანსური, ფიზიკური და ნერვული რესურსი თან მიქონდა, სამაგიეროდ კი დიდს ვერაფერს აბრუნებდა...

აქ დასრულდა ჩემი «ნივასთან» ურთიერთობა და შემდგომში უკვე სხვა, ნამდვილ ავტომობილებთან ურთიერთობით გაგრძელდა, თუმცა ამის შესახებ, ოდნავ მოგვიანებით...

P.S. ბოლოს, არ შეიძლება რამდენიმე სიტყვა მაინც არ დავწეროთ «ნივის» კარგ თვისებებზეც, ამ თვისებებიდან კი მხოლოდ ერთის გამოყოფა შემიძლია: სტანდარტული აღჭურვით, ნორმალური გამავლობა. არც ისეთი სასწაული, რასაც სხვა მისი კლასის ავტომობილები ვერ იზამენ, მაგრამ მაინც ნორმალური. ეს ავტომობილი ინჟინრებს თავიდანვე ცოტა უკეთესად რომ დაეგეგმათ, უკეთესად დაემზადებინათ და უფრო ხარისხიანი დეტალებით რომ კომპლექტდებოდეს, ბადალი არ ეყოლებოდა კლასში, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ ხდებოდა და არ ხდება...
AUTOBILDER

Auto Bild

იხილეთ ფოტოგალერეა:
40 მანქანა, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს!

Auto Bild