საქართველოში უკვე გვაქვს დრიფტის და დრაგის ოფიციალური ფედერაცია!
საქართველოში უკვე გვაქვს დრიფტის და დრაგის ოფიციალური ფედერაცია!
07.03.2016
1 მარტი ქართული ავტოსპორტისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო - დიდუბე პლაზაში გაიმართა საქართველოს დრიფტის და დრაგის ფედერაციის პრეზენტაცია , რომელსაც მრბოლელების გარდა, საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ამ სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ამრიგად, ოფიციალურად, საქართველოში სპორტის ახალ სახეობას დაედო სათავე, რომელიც აღიარებულია ქვეყნის ყველა შესაბამისი ინსტანციის და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის, FIA-ს მიერ.

Auto Bild

დრიფტის და დრაგის ფედერაციის პრეზენტაციაზე განიხილეს 2016 წლის სარბოლო კალენდარი და ხაზგასმით ითქვა, რომ შეჯიბრებები ჩატარდება არა მარტო თბილისში, ან რუსთავში, სადაც საერთაშორისო სტანდარტების ავტოდრომია, არამედ რეგიონებშიც. ამ მიმართულებით, უკვე დაწყებულია სამუშაოები და გამგეობებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

Auto Bild

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მალე საქართველოში დრიფტის და დრაგის პირველი სკოლა გაიხსნება, რაც უნდა გახდეს კიდეც ამ სპორტში ახალი, ნიჭიერი თაობების მოსვლის წყარო. პრეზენტაციაზე გასული წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ და ისიც ითქვა, რომ მომავალში, პრო-კლასის შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენებს არა თუ საწევროს გადახდა არ მოუწევთ, არამედ თითოეული მრბოლელი მიიღებს თანხას 100 ლარის ოდენობით, რაც შესანიშნავი სიახლეა.

Auto Bild

დრიფტის და დრაგის ფედერაცია BMW Club Georgia-ს მესვეურებმა დააფუძნეს და ის, რომ მათ ქვეყნის ყველა შესაბამისი ინსტანციის და FIA-ს აღიარება მოიპოვეს, შემთხვევითი სულაც არაა, რადგან უკვე წლებია, ავტოსპორტში მოღვაწეობენ და სხვადასხვა შეჯიბრებებსა თუ ღონისძიებებს უმაღლეს დონეზე ატარებენ.

Auto Bild