
როგორც ჩანს, 4 წლის ლუსის იმ დღეს მობეზრდა ყველაფერი, რასაც სხვა დღეებში ჩვეულებრივ აკეთებდა ხოლმე და სანამ პატრონი სამსახურში გახლდათ, მის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას და საყვარელ ავტომობილს მისდგა. ფოტოებზე ხედავთ, თუ როგორ დაღრღნა მან ”ასტონ მარტინის” ფრთა...
”ერთი ეჭვი გამიჩნდა, - ამბობს როისტონ გრიმსტიდი, - ამას წინათ განცხადება გამოვაქვეყნე. მინდა, რომ ლუსი სხვამ წაიყვანოს, რადგან ჩემს მეორე ძაღლთან მუდმივ კონფლიქტშია. რამდენიმე მნახველი უკვე იყო და ნუთუ შესაძლებელია, რომ ლუსი ამას მიმხვდარიყო და ეს ყველაფერი შურისძიების მიზნით ჩაედინა?”
გრიმსტიდი დასძენს, რომ ძაღლს მანამდე ზომიერზე მეტი აგრესია არასდროს გამოუვლენია და ნივთების დაღრღნის გადაჭარბებული სურვილი არასდროს ეტყობოდა. ცხოველების ფსიქოლოგები კატეგორიულად გამორიცხავენ იმას, რომ ლუსის ”ასტონ მარტინის” ფრთა შურისძიების მიზნით დაეღრღნა: ”ძაღლებს შურისძიება არ სჩვევიათ. მე უფრო იმას ვფიქრობ, რომ ლუსი კონკურენციისა და პატრონთან პრობლემების გამო სტრესში მოქეცა. სწორედ ამ დროს ავლენენ ძაღლები ზომაზე მეტ აგრესიას. ამით ისინი ბედნიერდებიან,” - აცხადებს ცხოველების ფსიქოლოგი, გერმანელი თომას რიპე.
რაც ყველაზე მთავარია, ეს ისტორია Happy End-ით მთავრდება: ძაღლს უკვე ახალი პატრონი ჰყავს, სადაზღვეო კომპანიამ კი როისტონ გრიმსტიდს ზარალი აუნაზღაურა...