ნისანის ახალი ბოლიდი სრული სვლით ლე მანისკენ
ნისანის ახალი ბოლიდი სრული სვლით ლე მანისკენ
04.02.2015
1000 ცხენის ძალა, 350 კმ/სთ - ”ნისანმა” წარმოადგინა ახალი ბოლიდი, რომლის მიზანი ლე მანის 24-საათიანი რბოლის მოგებაა.

იაპონელებმა ახალი გმირის პრეზენტაციისთვის ფაქტობრივად იდეალური დრო და ადგილი შეარჩიეს: ამერიკული ფეხბურთის ფინალი სუპერბოული, რომელსაც აშშ-ში მარტო ტელევიზიით 110 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიადევნა თვალი. Nissan GT-R LM Nismo-ს ვიდეორგოლი სარეკლამო ჭრის დროს გამოჩნდა.
Auto Bild
”განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ Nissan GT-R LM NISMO-ს პრეზენტაცია სუპერბოულის დროს შედგა,” - განაცხადა როელ დე ვრიმ, რომელიც ”ნისანის” გლობალური მარკეტინგისა და მარკეტინგული სტრატეგიის შეფია. მისი თქმით, სუპერბოული და ლე მანის რბოლა მთელ მსოფლიოში ყველაზე საინტერესო სპორტული ღონისძიებებია.

”ნისანს” თავის ახალ ბოლიდში ამძრაობის ერთობ უჩვეულო კონცეფცია აქვს: 3-ლიტრიანი V6 ძრავა ორი Twin-Turbo-თი წინაა ჩადგმული და მანქანას წინა ამძრაობა აქვს. აღსანიშნავია, რომ კონკურენტები - მაგალითად, ”აუდი”, ”პორშე” და ”ტოიოტა” ლე მანის რბოლებისთვის შუაში განთავსებული ძრავების კონცეფციას იყენებენ.

აქვე ვთქვათ, რომ იაპონური ავტომწარმოებლის საუკეთესო შედეგი ლე მანის რბოლაზე მესამე ადგილი გახლდათ (1998). ”ჩვენი მიზანი ლე მანის მოგებაა და ამას თამამად ვაცხადებ,” - ეს Nismo-ს პრეზიდენტ შოიჩი მიიატანის სიტყვებია.

Auto Bild
ბეჭდვა