როგორი იქნება BMW i5?
როგორი იქნება BMW i5?
27.04.2015
i3-ის და i8-ს შემდეგ ბავარიელები i5-ის გამოშვებასაც გეგმავენ. ეს იქნება ან სუფთა ელექტრომობილი , ანაც Plug-in-ჰიბრიდი

BMW-ს განვითარების დეპარტამენტის ახალი დირექტორი კლაუს ფრიოლიხი ბევრ რამეზე ფიქრობს და მუშაობს - მათ შორის, BMW-ს შეფ ნორბერტ რაიტჰოფერის სასურველ i5-ზეც. მართალია, ეს უკანასკნელი თავის თანამდებობას მალე დატოვებს, მაგრამ i5-ის პროექტი მიუნხენში ძალიან მოსწონთ და მუშაობენ კიდეც.

თუკი თავიდან i3-ის ევოლუცია იყო დაგეგმილი, რასაც Touran-ის ფორმატში წარმოიდგენდნენ, ახლა უკვე ვხედავთ 4-ადგილიან სედანს ისეთი დიზაინით, რომელიც არ არის ძალიან რადიკალური და ძირითადად მოსაწონი ეთქმის. თანაც, i5-ის პროექტი, რომელზეც ბავარიულ კონცერნში მუშაობენ, გაცილებით იაფად განსახორციელებელია და აქედან გამომდინარე დიდია იმის შანსი, რომ ხსენებულ მოდელებზე, i3-ზე და მით უმეტეს i8-ზე გაცილებით უკეთესად გაიყიდოს.

Auto Bild

AUTO BILD-მა სანდო წყაროზე დაყრდნობით მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ეტაპზე ბავარიელები უპირატესობას კლასიკური 4-კარიანის გამოშვებას ანიჭებენ, რომელსაც უნდა ჰქონდეს B-საყრდენი, მარტივი სტრუქტურა და რომლის წარმოება შეძლებისდაგვარად იაფი უნდა დაჯდეს. თუმცა მიუნხენელები კარების ინოვაციურ კონცეფციაზე უარს სავარაუდოდ არ იტყვიან. უბრალოდ, ჯერაც ფიქრობენ, ორნაწილიანი უნდა იყოს, ერთნაწილიანი, ზემოთ ფრთებივით უნდა ადიოდეს, თუ გვერდულად.

ფაქტია, რომ i3-ის მაგალითზე BMW-ში ბევრი რამ ისწავლეს - მანქანა კარგია, მაგრამ ძვირი ღირს, თუმცა მაინც იყიდება. i5-ში კარბონი შენარჩუნებული იქნება, მაგრამ არცისე დიდი დოზით - ყოველ შემთხვევაში, ეს აღარ იქნება წამყვანი მასალა. ზომების თვალსაზრისით i5 უფრო ”მესამე სერიისკენ” იხრება, თუმცა ”მესამე სერიაზე” გაცილებით მეტი სივრცე უნდა შემოგვთავაზოს. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან მისი კაპოტის ქვეშ 6-ცილინდრიანი ძრავა არ უნდა ჩადგეს, უკან კი ელექტრომოტორი ისეთი კომპაქტურია, რომ პატარა ჩემოდანზე მეტ ადგილს არ დაიკავებს.

ამ დროისთვის ბავარიელები ამძრაობის ორ ვარიანტზე ფიქრობენ, თუმცა ორივე ვერსია სიმძლავრის რამდენიმე ვარიანტითა და ძრავების არაერთი კომბინაციით განიხილება. ერთ შემთხვევაში მსჯელობა მიდის სუფთა ელექტრომობილზე, რომელსაც არც შიგა წვის ძრავა დაეხმარება და არც ე.წ. Range Extender. ელეტრომოტორის სიმძლავრე დაახლოებით 225 ცხენის ძალიდან იწყება, მერე კი 50 ცხენის ძალით მეტი სიმძავრეც იქნება ხელმისაწვდომი. BMW-ს მთავარი მიზანი ის არის, რომ დამუხტვის შემდეგ მანქანამ 400 კილომეტრზე მეტი გაიაროს, რაც დაახლოებით 75 კვ/სთ ელემენტებს ნიშნავს.

Auto Bild

ალტერნატიული ამძრაობა კი Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაა. ამ ვარიანტში ფიქრი მიდის შიგა წვის ძრავაზე, რომელიც Range Extender-ის რანგშიც იფუნქციონირებს, წინ იქნება ჩადგმული და წინა თვლებს წაიყვანს. რომელი უნდა იყოს ეს აგრეგატი? პურისტები ბენზინის 3-ცილინდრიანს ითხოვენ, ქარხანაში კი 2 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ძრავა ურჩევნიათ, რომელსაც 150 და 200-ცხენისძალიანი სიმძლავრეები ექნება. დამუხტვა, რა თქმა უნდა, კაბელით მოხდება, სისტემური სიმძლავრე კი 400 ცხენის ძალა ივარაუდება, რაც მსუბუქ 4-ადგილიან მანქანას წესით, აბსოლუტურად უნდა ეყოს.

რაც შეეხება პლატფორმას: BMW-ს ინჟინრები სამი ვარიანტის გამოყენებაზე ფიქრობენ - i3-ის ბაზა, BMW-ს წინა ამძრაობის უახლესი თაობა და მომდევნო ”მესამე სერიის” ბაზა. ასევე შესაძლებელია სრული ამძრაობაც, მაგრამ ისევე, როგორც i8-ში, ხიდებს შორის მექანიკური კავშირის გარეშე.

BMW i5 მხოლოდ 1,5 ტონას უნდა იწონიდეს და cW-კოეფიციენტიც ერთ-ერთი საუკეთესო უნდა ჰქონდეს. სავარაუდო ფასი? i5 ოდნავ უფრო მეტი ეღირება, ვიდრე ”მესამე სერია” - მასზე დაახლოებით 5000 ევროთი მეტი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ახალ BMW i5 2019 წლის ზაფხულში გამოვა.

იხილეთ ფოტოგალერეა:
BMW-ს i-მოდელები: i3, i8, მომავალი i5
Auto Bild

ბეჭდვა