ყველაფერი იაგუარის პირველი ჯიპის შესახებ
ყველაფერი იაგუარის პირველი ჯიპის შესახებ
29.04.2015
”იაგუარმა” ”პორშეს” გზის გამეორება და უგზოობის ავტომობილის გამოშვება რომ გადაწყვიტა, ამის შესახებ AUTO BILD-ის ერთგული მკითხველები, დიდი ხანია, ინფორმირებულები არიან. ”იაგუარის” პირველი SUV სახელწოდებით Jaguar F-Pace 2016 წელს გამოვა და როგორც ბრიტანელები გვპირდებიან, სეგმენტში ყველაზე მსუბუქი SUV იქნება.

ამრიგად, ”იაგუარი” თავის პირველ (ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ) ჯიპს 2016 წლიდან გამოუშვებს. F-Pace ტექნიკურ ბაზას ახლახან წარდგენილი მოდელებისგან, XE-სგან და XF-სგან მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ძარა ძირითადად ალუმინისგან იქნება შექმნილი და ბრიტანელები ირწმუნებიან, რომ ეს იქნება ყველაზე მსუბუქი მოდელი თავის კლასში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ F-Pace პირდაპირ Porsche Macan-ის კონკურენტი იქნება.

Auto Bild

”იაგუარის” პირველი SUV-ის კაპოტის ქვეშ 4 და 6-ცილინდრიანი ძრავები იმუშავებენ. ბენზინის აგრეგატების სიმძლავრე 380 ცხენის ძალამდე (V6-კომპრესორი) იქნება, ხოლო დიზელის ყველაზე მძლავრი ძრავა კი 300-ცხენისძალანი სიმძლავრით იქნება წარმოდგენილი. ცნობისათვის, ყველაზე ეკონომიური დიზელის სიმძლავრე 163 ცხენის ძალა იქნება, რომელმაც 100 კილომეტრზე საშუალოდ 5 ლიტრი უნდა დაწვას.

სრული ამძრაობა ”ლენდ როვერისგან”

საწყისი კომპლექტაციის მქონე მოდელებს სავარაუდოდ უკანა ამძრაობა ექნებათ. შედარებით დიდი ძრავების შემთხვევაში კი მყიდველები სერიულად მიიღებენ სრულ ამძრაობას, რომელიც ”იაგუარმა” თანაკონცერნელ ”ლენდ როვერთან” ერთად შექმნა. ინტერიერში წარმოდგენილი იქნება ახალი მულტიმედიასისტემა 10,2-დუიმიანი სენსორული ეკრანით.

SUV-კლასში შესვლით ”იაგუარი” ”პორშეს” გზას იმეორებს. მართალია, 2014 წელს ბრიტანულმა მარკამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 81 570 ავტომობილი გაყიდა, რაც 2013 წელთან შედარებით 6-პროცენტიან ზრდას ნიშნავს და ”იაგუარისთვის” ბოლო დეკადაში საუკეთესო მაჩვენებელია, მაგრამ საერთო ჯამში ”პორშე” დაახლოებით ორჯერ მეტ ავტომობილს ყიდის, რაც იმის დამსახურებაა, რომ გერმანელებს თავიანთ სამოდელო რიგში ჰყავთ ისეთი SUV-ები, როგორებიცაა ”მაკანი” და ”კაიენი”.

ასევე დაგაინტერესებთ:

ბრიტანელი გერმანული აქცენტით
Auto Bild

იაგუარის მესამე სერია
Auto Bild
ბეჭდვა