
როგორც იცით, დუბაის პოლიციის ავტოპარკი ლეგენდარული და განუმეორებელია. იქაურ პოლიციელებს ისეთი სუპერქარები ჰყავთ, როგორებიცაა Lamborghini Aventador, Ferrari FF ან 1,4 მილიონ ევროდ შეფასებული Aston Martin One-77. როგორც ირკვევა, დუბაის პოლიციის ასეთი ავტოპარკის ძალიან შურთ მეზობელ ქალაქ აბუ დაბიში (ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროები). მართალია, აბუ დაბის პოლიციასაც ჰყავს ისეთი შესანიშნავი ავტომობილი, როგორიცაა მაგალითად Rolls-Royce Phantom, მაგრამ ეს საკმარისი არაა იმისათვის, რომ დუბაის შეეჯიბრონ.

ადგილობრივი გაზეთი The National წერს, რომ აბუ დაბის პოლიცია ამ დღეებში Lykan HyperSport-ს ტესტავს. ამ უკანასკნელის მწარმოებელი ამბობს, რომ ამ სუპერმანქანის საწყისი ფასი 3 მილიონი ევროა, რაც იმას ნიშნავს, რომ Lamborghini Veneno-სა და Rolls-Royce Exelero-ს შემდეგ მსოფლიოში ყველაზე ძვირადთირებულ ავტომობილებს შორის მესამე ადგილზეა.
მაინც რა მანქანაა Lykan HyperSport? ამ ორადგილიან ჰიპერ-სუპერ-ავტომობნილს ლიბანური კომპანია W Motors აწარმოებს და მწარმოებლის თქმით, სულ 7 ეგზემპლარია შექმნილი. როგორც ხედავთ, ამაზე მეტი ექსკლუზიურობა რთული წარმოსადგენია. HyperSport პირველად 2013 წლის თებერვალში, ყატარის ავტოშოუზე წარმოადგინეს და მცოდნეებს ეს მანქანა ფილმ Fast & Furios 7-დანაც ეხსომებათ.
ყველაფერი საპატრულო პოლიციის ავტომობილის,
Ford Police Interceptor-ის შესახებ


კუპეს ძრავა 3,7-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი Twin-Turbo-Boxer-ია - 780 ცხენის ძალითა და 960-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით. 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2,8 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 385 კმ/სთ გახლავთ. საწვავის ხარჯის კუთხით W Motors 100 კილომეტრზე საშუალოდ 13,5 ლიტრს გვპირდება, მაგრამ დაგვეთანხმებით, სამმილიონიანი ავტომობილისთვის ეს მონაცემი აბსოლუტურად უმნიშვნელოა.
ტექნიკური მონაცემები
W Motors Lykan HyperSport
ძრავა: 6-ცილინდრიანი Boxer, Twin-Turbo • მოცულობა: 3746 სმ3 • სიმძლავრე: 780 ცხ. ძ. • ბრუნის მომენტი: 960 ნმ • საწვავის ხარჯი: 13,5 ლიტრი • გამონაბოლქვი: 311 გ/კმ • 0-100 კმ/სთ: 2,8 წამში • 0-200 კმ/სთ: 9,4 წამში • მაქს. სიჩქარე: 385 კმ/სთ • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4480/1944/1170 მმ • ბაზა: 2625 მმ • ფასი: დაახლოებით 3 მილიონი ევრო.
იხილეთ ფოტოგალერეა:
სპორტქარები 1000-ზე მეტი ცხენის ძალით
