BMW იუბილარია - მართვის სიამოვნების 100 წელიწადი
BMW იუბილარია - მართვის სიამოვნების 100 წელიწადი
08.03.2016
BMW დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საავტომობილო ბრენდია, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. ბავარიული გიგანტი 7 მარტს 100 წლის გახდა და ამ ერთი საუკუნის განმავლობაში ამ მარკამ არაერთი კრიზისიც გადაიტანა. იყო დრო, როცა წარმოებაც კი აუკრძალეს და ფირმა გაკოტრების ზღვარზეც იყო.

თავის 100-წლიან ისტორიაში Bayerische Motorenwerke-ს არაერთი კრიზისის გადატანა მოუხდა, თუმცა ბავარიელები კრიზისიდან გამოსვლას ყოველთვის ახერხებდნენ, დღეისათვის კი, BMW მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოწინავე კომპანიაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს მიუნხენური კონცერნი გერმანული ინდუსტრიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია - 116 000 თანამშრომლითა და 80 მილიარდი ევროს ოდენობის ბრუნვით.

ერთი სიტყვით, უამრავი ავტომოყვარულის უსაყვარლესი ბრენდი 100 წლისაა და მოდით, ერთად გადავხედოთ მისი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან საფეხურებს.
Auto Bild
BMW-ს ისტორია კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელი პერიოდიდან, პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო. გერმანიის იმპერიას (კაიზერრაიხი) საბრძოლო თვითმფრინავები ჭირდებოდა და სწორედ ასეთი თვითმფრინავების წარმოების მიზნით შეიქმნა ფირმა Rapp Motorenwerke GmbH, რომელსაც მალევე გადაერქვა სახელი და დაერქვა Bayerische Motorenwerke, ანუ BMW - თავიდან შპს (BMW GmbH), მერე სააქციო საზოგადოება (BMW AG).

ერთ წელიწადში, 1918 წელს ომი დამთავრდა, გერმანიის იმპერიის ალიანსი დამარცხდა, ქვეყანა კრიზისმა მოიცვა და გერმანელებს 5 წლით აეკრძალათ თვითმფრინავების წარმოება.

Auto Bild
Dixi 3/15: პირველი BMW ოთხი ბორბლით, BMW-ს პირველი ავტომობილი (1929)

1922 წელს კომპანია იმხანად მთავარმა აქციონერმა (კამილო კასტილიონი) დატოვა და სახელწოდებაც წაიღო. მან Bayerische Flugzeugwerke-ში გადაინაცვლა და ფირმას BMW დაარქვა, ეს კომპანია კი 1916 წლის 7 მარტს იყო დაარსებული - ეს სწორედ ის დღეა, რომელიც BMW-მ მოგვიანებით თავისი დაარსების თარიღად გამოაცხადა.

1923 წელს BMW-მ თავისი პირველი მოტოციკლი გამოუშვა - R32. 1929 წელს კი, გამოუშვა პირველი ავტომობილი, რომელიც პრინციპში, არც იყო ნაღდი BMW. საქმე იმაშია, რომ ბავარიელებმა გადაიბირეს აიზენახის ავტოქარხანა და მარკა Dixi. შესაბამისად, მიიღეს უფლება, რომ Dixi-ს მოდელი 3/15 ეწარმოებინათ. ეს მანქანა პრინციპში ბრიტანული Austin Seven გახლდათ.

მოკლედ, პირველი BMW ტიურინგენის მხარეში გამოვიდა და პრინციპში, ინგლისური ავტომობილი იყო.

Auto Bild
მშვენიერი 328 6-ცილინდრიანი ძრავით და 80 ცხენის ძალით მეორე მსოფლიო ომამდე გამოშვებული ყველაზე ცნობილი მოდელია. ის 160 კმ/სთ-ს ავითარებდა. 1936-დან 1940 წლამდე 464 ეგზემპლარი შეიქმნა.

პირველი, 100 პროცენტით საკუთარი მოდელი BMW 303 გახლდათ, თუმცა თვითმფრინავები და მოტოციკლები მაინც პრიორიტეტად რჩებოდა. მიუხედავად ამისა, შეიქმნა არაერთი ძალიან ცნობილი და მოთხოვნადი მოდელი - მათ შორის BMW 326 და სპორტული როდსტერი BMW 328 (ორივე 1936 წლიდან), რომელიც ავტოსპორტში იყო წარმატებული.

ისევე, როგორც სხვა კომპანიები, გერმანიის სათავეში ადოლფ ჰიტლერის მოსვლის შემდეგ, BMW-საც მოუწია იძულებითი სამუშაოების შესრულება, თუმცა სანაცვლოდ, BMW-მ უდიდესი ფინანსური უკუგებაც მიიღო და კომპანიის ბრუნვა უკვე 1939 წლისთვის რამდენჯერმე გაიზარდა. მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანიამ საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაახლოებით 25 000 პატიმარი და იძულებით მომუშავე მუშა გამოიყენა.

Auto Bild
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, 1952 წელს, BMW 501 (ზემოთ) ვერ გამოდგა წარმატებული მოდელი. მართალია, 501 საკმაოდ ბევრმა ადამიანმა შეიძინა, მაგრამ წარმატებულ მოდელს მაინც ვერ ვუწოდებთ, რადგან თითოეული გაყიდული ეგზემპლარით BMW დაახლოებით (ევროზე რომ გადავიყვანოთ) 4000 ევროს აგებდა. ეს კი სერიოზული წაგება იყო, რაც ვერც BMW Isetta-მ (ქვემოთ) გააბათილა
Auto Bild

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ BMW-მ, ფაქტობრივად, ყველაფერი ნულიდან დაიწყო. მიუნხენში ქარხანა განადგურებული გახლდათ, აიზენახის ქარხანა კი საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. მაღალი კლასის მოდელმა, Barockengel-ად წოდებულმა BMW 501-მა (1952 წელი) კომპანიას წაგება მოუტანა. სპორტული ავტომობილი BMW 507 (1955 წელი), მართალია, ბევრს მოსწონდა, მაგრამ ბავარიელებმა ვერც ამ მოდელით იშოვნეს ფული. აი, ციცქნა ავტომობილი BMW Isetta (1955) ფინანსურად წარმატებული მოდელი გამოვიდა, მაგრამ ფირმა კრიზისიდან მაინც ვერ გამოიყვანა.

ამრიგად, 50-იანი წლების მიწურულს BMW-ს გაკოტრების საფრთხე დაემუქრა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ BMW კინაღამ ”დაიმლერ-ბენცმა” შეიძინა! დიახ, სწორედ ”დაიმლერ-ბენცი” იყო ძალიან ახლოს BMW-ს შეძენასთან, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში, ფაქტობრივად ბოლო წამს ჩაიშალა. მიუნხენელებს მშველელად ინვესტორი ჰერბერტ კუანდტი მოევლინათ.

Auto Bild
ახალი ერის დასაწყისი: BMW 1500-მა კომპანია ისევ წარმატებების გზაზე დააყენა და საავტომობილო ბაზარზე სერიოზულ მოთამაშედ აქცია. ფაქტობრივად ეს ავტომობილი გახდა BMW-ს მომდევნო მოდელების სტილის ფუძემდებელი (3200 CS-სთან ერთად). სწორედ ეს იყო პირველი ავტომობილები, რომლებსაც ე.წ. ”ჰოფმაისტერის ნაკეცი” (BMW-ს ცნობილი სავიზიტო ბარათი C-საყრდენზე) ჰქონდათ. ეს ელემენტი BMW-ს მაშინდელმა დიზაინერმა ვილჰელმ ჰოფმაისტერმა 1961 წლიდან დანერგა.

Auto Bild

მთავარი პრობლემა მაინც მოუგვარებელი დარჩა: BMW აწარმოებდა პატარა და დიდ ავტომობილებს, მაგრამ არ აწარმოებდა საშუალო ზომის მანქანებს. ამ ტენდენციას კი 1961 წელს, ფრანკფურტის ავტოშოუზე მოეღო ბოლო, როცა ბავარიელებმა ახალი მოდელი, 1500 წარმოადგინეს.

ეს იყო BMW-ს ”ახალი კლასი”, რომელიც მოგვიანებით ისეთი მოდელებით გაგრძელდა, როგორებიც იყო 1600, 2000 და ა.შ. 1500 სპორტული სედანი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირი ღირდა, შესანიშნავად გაიყიდა და ბესტსელერი გახდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით BMW-ს ”მეხუთე სერია” სწორედ 1500-ის შვილთაშვილია.

Auto Bild
02-სერია, რომელიც 1973 წელს 170 ცხენის ძალით გამოვიდა, ხოლო მოდელი 2002 turbo კი საკმაოდ სკანდალური იყო. რა იყო სკანდალური ამ ავტომობილში? მანქანას წინ 2002 Turbo უკუღმა დააწერეს და გამოაცხადეს, ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ მის წინ მიმავალი ავტომობილის მძღოლმა სარკეში წაღმა დაინახოს, თუ რა მანქანა უახლოვდება და მას გზა დროულად დაუთმოსო. ამის გამო მაშინ ბუნდესტაგშიც კი გაიმართა დისკუსიები პოლიტიკოსებს შორის და იმდენი ქნეს, რომ სერიულ მოდელს ეს წარწერა აღარ ჰქონდა. თუმცა მანქანის მფლობელები თვითნებურად მაინც უკეთებდნენ ამ წარწერას...

Auto Bildჟენევის ავტოშოუ 1966 და მომდევნო წარმატებული მოდელი: BMW-მ 1600-2 წარმოადგინა. რაკი ამ ავტომობილის ვარიანტებს მხოლოდ 2 კარი ჰქონდა, მას 02-სერია დაერქვა (1602, 2002 და ა.შ.). ეს მოდელი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ 1975 წლამდე აწარმოეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მოდელმა დიდი როლი ითამაშა მომავალი ”მესამე სერიის” იდეის ჩამოყალიბებაში.

მოკლედ, ამ ავტომობილებით BMW-მ კრიზისი დაძლია. ვისაც ამაში ეჭვი ეპარებოდა, იმაში, რომ ბავარიელებმა კრიზისი საბოლოოდ დაძლიეს, 1973 წელს დარწმუნდებოდა, როცა BMW-მ 100-მეტრიანი ოფისი წამოჭიმა, რომელსაც თავისი ფორმის გამო ”4-ცილინდრიანსაც” უწოდებენ. იზრდებოდა ბრუნვა, იზრდებოდა გაყიდვები და კონკურენტებიც სერიოზულად შეშფოთდნენ. ერთ წარმატებულ მოდელს მეორე ცვლიდა და მომდევნო პერიოდში მხოლოდ რამდენიმე ერთეულ მოდელს თუ ეთქმის წარუმატებელი - მაგალითად, 1988 წლიდან მხოლოდ სამი წლის განმავლობაში წარმოებულ როდსტერ Z1-ს.

ტენდენცია იქითკენ მიდიოდა, რომ BMW-ს პროგრესი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მერე გამოხტა Rover-ის თემა. ეს ტრადიციული ბრიტანული მარკა BMW-მ 1994 წელს 2 მილიარდ მარკად გადაიბირა (Land Rover, Mini და MG). მიუნხენელებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ გარიგებით მოგებას გაზრდიდნენ და ისეთ კომპონენტებზე მიიღებდნენ წვდომას, რაც მანამდე არ ჰქონდათ.

Auto Bild
ელეგანტური BMW 507 (1955) ბევრისთვის ყველა დროის ულამაზესი ავტომობილია. როდსტერს მაქსიმუმ 165 ცხენის ძალა ჰქონდა, 220 კმ/სთ-ს ავითარებდა და 27 000 მარკა ღირდა, რაც ძალიან დიდი ფასი გახლდათ. შესაბამისად, 3 წელიწადში მხოლოდ 251 ეგზემპლარი გაიყიდა.

Rover-ის ძველი მოდელები ხალხს არ მოსწონდა, დამუშავების ხარისხიც ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე და, შესაბამისად, ამ გარიგებამ BMW-ს დიდი ზარალი მოუტანა.

ამიტომაც მიჰყიდა BMW-მ ”ლენდ როვერი” ფორდს (8 წლის მერე კი ”ფორდმა” მიჰყიდა Tata-ს). MG და Rover კი ისევ ბრიტანელებმა შეიძინეს - სულ რაღაც 10 ბრიტანულ ფუნტად (!). ერთადერთი მარკა, რომელიც BMW-მ დაიტოვა, Mini Cooper გახლავთ, რომელიც დღემდე BMW ჯგუფის საკუთრებაა.

საბოლოო ჯამში, ”როვერის” კრიზისი BMW-ს ძვირად დაუჯდა. მარტო 1999 წელს კომპანიის მინუსმა 4,9 მილიარდი მარკა შეადგინა, ჯამში კი, ეს გარიგება BMW-ს დაახლოებით 10 მილიარდ მარკაზე მეტი დაუჯდა. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ამ კრიზისს მოჰყვა დაპირისპირება BMW-ს ხელმძღვანელებს შორის. ბოსები, ბერნდ პიშეტსრიდერი და ვოლფგანგ რაიტცლე გადადგნენ და კომპანიის შეფის სავარძელს ისევ იოახიმ მილბერგი დაუბრუნდა.

Auto Bild
80-იანი წლების ბოლოს ბევრმა ბრენდმა სცადა ასეთი მანქანებით ფულის შოვნა, ბავარიელებმა კი Z1 გამოუშვეს. ეს მოდელი 1988 წელს წარმოადგინეს და ამ მოდელზე იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ მიუნხენელები ნაწილების წარმოებასაც კი ვეღარ ასწრებდნენ. Z1-ის გამოშვება 1991 წელს შეწყდა და ამ პერიოდში ზუსტად 8000 ეგზემპლარი შეიქმნა.

Auto Bild
2015 წლიდან BMW-ს შეფი ჰარალდ კრიუგერი გახლავთ (ფოტოზე მარჯვნივ, ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კამერონთან ერთად).

ხელმძღვანელობის შეცვლამ BMW ისევ წარმატების გზაზე დააბრუნა. ბოლო ათი წელია, ბავარიელები მხოლოდ პროგრესირებენ და გაყიდვების საუკეთესო, ”მერსედესზე” უკეთესი მაჩვენებლები აქვთ. 2015 წელს კონცერნის შეფი ჰარალდ კრიუგერი გახდა, რომელმაც ასევე უაღრესად წარმატებული ხელმძღვანელი, ნორბერტ რაიტჰოფერი ჩაანაცვლა. ახლა ”ჰერ BMW” სწორედ კრიუგერია, რომელთან ერთადაც ბავარიული გიგანტის ისტორიის მეორე საუკუნე დაიწყო.


BMW 100 წლისაა - ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცლები

► 1916 წლის 7 მარტი: მიუნხენში დაარსდა Bayerischen Flugzeugwerke.

► 1922: კომპანიას სახელი გადაერქვა და დაერქვა Bayerische Motorenwerke (BMW).

► 1923: გამოუშვეს პირველი მოტოციკლი - R32.

► 1928/1929: BMW-მ გადაიბირა აიზენახის ქარხანა და გამოუშვა პირველი ავტომობილი, Dixi. მიუნხენელებმა ლიცენზია ინგლისური მწარმოებლისგან, Austin-ისგან აიღეს.

► 1932: BMW-მ გამოუშვა 303 - პირველი მოდელი, რომელსაც ჰქონდა ბავარიული გიგანტისთვის დღემდე დამახასიათებელი სავიზიტო ბარათი - ”თირკმელები” რადიატორის ცხაურაზე.

Auto Bild

► 1944: BMW აწარმოებს ძრავებს საჰაერო საბრძოლო ძალებისთვის და მუშებად იყენებს დაახლოებით 25 000 პატიმარს საკონცენტრაციო ბანაკებიდან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ BMW-მ აიზენახის ქარხანა დაკარგა.

► 1952: პირველი ავტომობილი, რომელიც ბავარიელებმა ომის შემდეგ გამოუშვეს: Barockengel-ად წოდებული BMW 501. 1955 წელს კი გამოვიდა ძალიან პატარა ავტომობილი BMW Isetta.

► 1959: BMW-ს კრიზისის ხანა დაუდგა, 6500-მდე თანამშრომელი სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა, ”დაიმლერმა” კი BMW-ს შეძენა მოისურვა. გარიგება, რომელიც BMW-ს ისტორიაში ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა, ბოლო წამს ჩაიშალა. მიუნხენელებს მშველელად ინვესტორი ჰერბერტ კუანდტი მოევლინათ.

► 1961: საშუალო კლასის ავტომობილმა BMW 1500-მა კომპანია ისევ წარმატების გზაზე დააყენა.

► 1970: BMW-ს შეფად ებერჰარდ ფონ კიუნჰაიმი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე 23 წელი იმუშავა და სწორედ მის სახელს უკავშირდება უდიდესი პროგრესი.

► 1975: ”მესამე სერიის” წარმოების დასაწყისი - მოდელისა, რომელიც დღემდე BMW-ს ბესტსელერია.

Auto Bild

► 1994: გაიხსნა ქარხანა აშშ-ში. ამავდროულად, BMW-მ შეიძინა ინგლისური ავტომწარმოებელი Rover (Land-Rover, MG, Mini).

► 2000: მილიარდობით მარკის ოდენობის მინუსის შემდეგ BMW-მ Rover თავისი შემადგენლობით თავიდან მოიშორა - ბავარიელებმა კონცერნში მხოლოდ Mini დაიტოვეს. იოახიმ მილბერგმა კონცერნის შეფის თანამდებობა დაიკავა და ბერნდ პიშეტსრიდერი შეცვალა.

► 2003: BMW-ს კონცერნმა ”როლს-როისიც” გადაიბირა. მას მერე მდიდრული სედანები სამხრეთ ინგლისში ახალაშენებულ გუდვუდის ქარხანაში იქმნება.

► 2004: ”პირველი სერიის” გამოშვებით BMW-მ კომპაქტურ კლასში სამოდელო რიგი გაზარდა.

► 2005: BMW-მ ”მერსედესზე” მეტი ავტომობილი გაყიდა და მას მერე, უკვე 10 წელია, ”მერსედესზე” მეტ ავტომობილს ყიდის.

► 2013: BMW-ს ლაიპციგის ქარხანაში გამოვიდა ელექტრომობილი BMW i3.

ასევე იხილეთ:
BMW წიწაკით
Auto Bild

ელვის პრესლის BMW (+26 ფოტო)
Auto Bild

BMW-ს ახალი, ლიმიტირებული ზონდერი
Auto Bild

გაიცანით: BMW-ს ყველაზე მძლავრი სერიული შვიდიანი
Auto Bild

გაიცანით: Alpina B7 – BMW-ს მეშვიდე სერიის სპეც-ვერსია
Auto Bild

BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი:
ყველაფერი ახალი მე-7 სერიის შესახებ

Auto Bild


BMW-მ ლას ვეგასში მომავალი გვიჩვენა! (+ VIDEO)
Auto Bild

ლუქსი გერმანულად: ახალი მე-7 სერია და S-კლასი
Auto Bild

იხილეთ ფოტოგალერეა:
რა შეიცვალა ახალ მე-7 სერიაში
წინამორბედ მოდელთან შედარებით?
Auto Bild


BMW M4 GTS-ის გადასარევი წრე ნიურბურგრინგზე (+ VIDEO)
Auto Bild

გაიცანით: ყველაზე მძლავრი BMW X4
Auto Bild

BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
Auto Bild