საკუთარი პრიუსი ფოლკსვაგენსაც ეყოლება!
საკუთარი პრიუსი ფოლკსვაგენსაც ეყოლება!
10.03.2016
”ფოლკსვაგენმა” XL3-ის გამოშვება დაგეგმა, რომლითაც გერმანელებს ”ტოიოტა პრიუსისთვის” სურთ კონკურენციის გაწევა და, თანაც, ამ ჰიბრიდით გვეუბნებიან, რომ დიზელის სკანდალის მონანიება უნდათ. VW XL3 ეკონომიური, ხელმისაწვდომი და პროგრესული დიზაინის მქონე ჰიბრიდი იქნება.

დიზელის სკანდალის შემდეგ ”ფოლკსვაგენს” სჭირდება სიმბოლო, რომელიც ამ კონცერნში ახალი ერის დასაწყისზე მიგვანიშნებს - დაახლოებით ისეთი, როგორიც თავის დროზე პირველი ”პრიუსი” იყო ”ტოიოტასთვის”. ”ფოლკსვაგენს” სჭირდება ახალი, უაღრესად ეკოლოგიური ავტომობილი. ეს ყველაზე უკეთ სწორედ ”ფოლკსვაგენის” ახალმა ხელმძღვანელებმა იციან და უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგეს. ბრენდის შეფი ჰერბერტ დისი და მისი მარჯვენა ხელი ფრანკ ველში ახლა ყველაზე აქტიურად სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ.

ასე და ამგვარად, ”ფოლკსვაგენმა” ახალი ჰიბრიდის, XL3-ის გამოშვება დაგეგმა, რომელიც VW Up-ისა და Golf-ის ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილებისგან და Plug-in-ჰიბრიდების, Golf და Passat GTE-ბისგან განსხვავებით, საკუთარ, ინდივიდუალურ დიზაინს მიიღებს. არც მისი სახელწოდებაა შემთხვევითი: XL3 არაერთ დიზაინერულ ელემენტს მიიღებს 1-ლიტრიანი ავტომობილისგან, XL1-სგან, რომლის 250 ეგზემპლარი შეიქმნა.

Auto Bild

თუმცა XL1 პრესტიჟული და ძალიან ძვირადღირებული პროექტი გახლდათ - მისი ფასი 100 000 ევროზე მეტი იყო. ახალი ჰიბრიდი, XL3 კი გაცილებით ხელმისაწვდომი და ასე ვთქვათ, რეალური ეკონომიურ-ეკოლოგიური ავტომობილი იქნება. მისი ჰიბრიდული ტექნიკა დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიც ”პრიუსს” აქვს. გერმანელები ფიქრობენ ბენზინის 1,4-ლიტრიან Turbo-ძრავაზე, რომელსაც ცილინდრების გათიშვის ფუნქციაც ექნება, სიმძლავრე კი, დაახლოებით, 140 ცხენის ძალა. პლუს, რა თქმა უნდა, ელექტრომოტორი დაახლოებით 35-ცხენისძალიანი სიმძლავრით. ”ფოლკსვაგენში” ამბობენ, რომ ავტომობილის საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 3 ლიტრს არ გადააჭარბებს. რაც შეეხება ფასს: ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, VW XL3 დაახლოებით 30 000 ევრო ეღირება. ”ფოლკსვაგენი” ამ ავტომობილის გამოშვებას 2018 წელს გეგმავს.

ასევე იხილეთ:
გაიცანით: ახალი ტოიოტა პრიუსი!
Auto Bild

ახალი Toyota Prius: ეკონომია ჰო, მაგრამ...
Auto Bild

წყალბად-მობილი Mirai ახალი Prius-ის წინააღმდეგ - მომავალი ამათია!
Auto Bild

გაიცანით: ჰიუნდაის ახალი ჰიბრიდი
Auto Bild
ბეჭდვა