”სამსახურიდან ჯერ ვერ გამოვალ - ხომ იცი, ამ პროექტის დედლაინი გუშინწინ იყო. პლუს 148 მეილი მაქვს შესამოწმებელი - იქნებ რას მწერენ...” აი, ასეთი გახდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ყველამ ვიცით, რომ კაციშვილს აღარ აქვს თავისუფალი დრო. ინფორმაცია დღეს ელვის სისწრაფით ვრცელდება და ის, რაც დღეს აქტუალურია, ხვალ უკვე დაძველებული იქნება. სიჩქარეს ავტოსამყაროშიც ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა - ახლა ხომ მით უმეტეს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თვით ისეთ კონსერვატიულ კაბრიოლეტსაც კი, როგორიც Bentley Continental გახლავთ, სახელწოდებაში სიტყვა Speed დაუმატეს.
და რა უნდა გავაკეთოთ ამის საწინააღმდეგოდ? სანამ თქვენ იოგის კურსზე ჩაეწერებით, ჩვენ უკეთესი თერაპია მოვიფიქრეთ: უბრალოდ გაზის ბოლომდე მიცემა! მართალია, ამით დედამიწა უფრო ნელა არ დატრიალდება, მაგრამ როგორც მინიმუმ, ჩვენ მაინც ვიფიქრებთ, რომ უფრო ნელა ბრუნავს.

უძვირფასესი ტყავი და იდეალური დამუშავება ”ბენტლის” ინტერიერში
ამ ”ბენტლის” ერთი ჩვეულებრივი გასეირნება ნამდვილად არ ეკადრება - 635-ცხენისძალიანი მანქანა გვარიანად უნდა გამოვიწვიოთ. ჩვენ ჰამბურგში ვართ - აქ წყალია და ნავსადგური. გარდა ამისა, რამდენიმე წელია, აქ ფრანკ პროკოპიუსი და RIB-პირატებიც მოღვაწეობენ. RIB რას ნიშნავს? ” Rigid Inflatable Boat” - გადარეული ნავი, ანუ.
სახელი მოკრძალებულია, მაგრამ ეს ნავები ძალიან სწრაფები არიან და თავიანთი 250-ცხენისძალიანი მოტორებით ძალიან მალე აგატირებენ. და ეს ნამდვილად არ იქნება სიხარულის ცრემლები, თუმცა ამაზე მოგვიანებით...

მოკლედ, ჩვენ იმის გაგება გვინდა, თუ რომელია უფრო სწრაფი - Bentley Speed თუ Speed-ნავი? ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ მათთვის ორნაირი დუელი მოგვეწყო: ერთი იქნება კლასიკური აჩქარება ნულიდან 100 კმ/სთ-მდე, ხოლო მეორე - შეჯიბრი 1000-მეტრიან დისტანციაზე. ასე რომ, ნავი ელბაში, ”ბენტლი” კი იქვე, სანაპიროს გზაზე. სამი, ორი, ერთი - წავედით! Continental-მა გრძელი კაპოტი ზეცისკენ შემართა, სრული ამძრაობის წყალობით ასფალტზე ადგილს მყისიერად მოწყდა და მძღოლი ტყავის უაღრესად კომფორტულ სავარძელს მიაკრო. ასეთი ავტომობილი სოლიდურობას არასდროს, არცერთ მომენტში კარგავს - მაშინაც კი, როცა მის სახელს Speed ურევია. ზუსტად ხუთ წამში ”ბენტლის” სპიდომეტრმა 100 კმ/სთ აჩვენა - Respect! და მიუხედავად ამისა, ეს მაინც არ იყო საკმარისი: ჩვენი სუპერ-ნავი 100 კმ/სთ-მდე გაცილებით სწრაფად აჩქარდა! არადა, მისი სიმძლავრე ”ბენტლისაზე” ორჯერ ნაკლებზე ნაკლებია. როგორ? როგორ და ასე! Yamaha-ს ძრავამ ის გაცილებით სწრაფად ააჩქარა წყალში და ტალღებიც მოიტანა.
თუმცა ”ბენტლიმ” ჩამორჩენა მალევე აღმოფხვრა, რადგან ამ ნავს 100 კმ/სთ-ზე ბევრად მეტი სისწრაფის განვითარება არ შეუძლია. ”ბენტლის” კი შეუძლია და, თანაც, გაცილებით მეტის! ერთი კილომეტრის შემდეგ, თავმომწონე ბრიტანელის სისწრაფე უკვე 240 კმ/სთ იყო და, რა გასავირია, რომ 1000-მეტრიანი დისტანცია თითქმის 24 წამში დაფარა. სუპერ-ნავმა კი ფინიშის ხაზი თითქმის 10 წამით გვიან გადაკვეთა.

ერთი გზაზე, მეორე წყალში: ბრიტანული კაბრიოლეტი სუპერ-ნავის წინააღმდეგ ჰამბურგის ნავსადგურში
თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ციფრებით მსჯელობა ამ შეჯიბრზე ნახევარი სიმართლის მოყოლას ჰგავს. საქმე ისაა, რომ თუკი გზაზე ავტომობილით 100 კმ/სთ სისწრაფით ქროლვა ბევრი არაფერია, წყალზე ასეთი სისწრაფე მართლა გადასარევი ამბავია.
ჰოდა, მოდი ნავში გადავიდეთ და ის, რასაც წეღან სანაპიროდან ვადევნეთ თვალი, ცხადად შევიგრძნოთ. ამ ნავის მაქსიმალურ აქსელერაციამდე აუცილებლად ღრმად უნდა ჩაისუნთქო. აქ არ ზიხარ, არამედ ფეხზე დგახარ და აჩქარებისას დიახაც მყარად უნდა იდგე. რამდენიმე წამში ნებისმიერი ვარცხნილობა ჯოჯოხეთად გექცევა და არცთუ სერიოზული წვიმის წვეთები ძალიან მარტივად პოულობენ შიშველ კანს. ამ დროს ცხადად გრძნობ, რა განსხვავებაა გზაზე და წყალზე ქროლვას შორის.

წყალზე გადაადგილებას, როგორც წესი, კომფორტულ გასეირნებად ვიცნობთ. ვის არ უსეირნია ტურისტის რანგში მდინარეზე თუ ზღვაზე, ამგვარი გასეირნება კი გასეირნების გარდა ყველაფერია. პირდაპირ ვიტყვი: აჩქარებისას ასეთი სიამოვნება არასდროს მიმიღია, განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა - ყოველდღიურობაც დამავიწყდა და წაუკითხავი მეილებიც. ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს არ იყო უკანასნელი შემთხვევა, როცა Speed-ნავით ვიარე. ჰამბურგის ნავსადგურში ამ ნავის დაქირავება რამდენიმე ევრო ღირს.
ჩემი სმარტფონი მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგღა გამახსენდა, დავხედე და მივხვდი, რომ დედამიწა ამ ხნის განმავლობაში ძველებური სისწრაფით ბრუნავდა. გუშინწინდელი დედლაინიც გამახსენდა და წავედი, იმ 148 წაუკითხავი მეილის მეხუთედს მაინც ვნახავ.
შტეფან ფოსვინკელი
როგორ გავისეირნოთ ამ ნავით ჰამბურგში?

ფრანკ პროკოპიუსმა ფირმა RIB-Piraten თავის მეგობარ გოგონასთან ერთად დააარსა და ეს ერთადერთი ბიზნესმენია, რომელსაც ჰამბურგის ნავსადგურში ასე სწრაფად გადაადგილება შეუძლია. ჰყავს ოთხი ასეთი ნავი და ყველა მსურველს სთავაზობს ამგვარ თავგადასავალს. ერთი ”გასეირნება” ელბაზე დაახლოებით საათნახევარი გრძელდება.
- Capelli Tempest 750 Work

- Bentley Continental Speed

იხილეთ ვიდეო: სიჩქარე წყალზე - ბენტლი სუპერ-ნავის წინააღმდეგ
ასევე დაგაინტერესებთ:
უგანდელი ფრედის ამბავი

ავტომობილი მათთვის, ვინც უკვე დარგო ხე,
ააშენა სახლი და მისცა დასაბამი ახალ სიცოცხლეს

BMW თვითმფრინავის წინააღმდეგ

მანქანები ისეთი კაცებისთვის,
რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავენ...

ყველაზე ძველი ახალი მანქანა მსოფლიოში

როცა მანქანა ჯობია სახლს: გერმანული საცხოვრებელი მანქანები

1500 კილომეტრი ბუგატით

ლივერპულის საიდუმლო განძი
