როგორი ავტომობილია ახალი Ford EcoSport?
როგორი ავტომობილია ახალი Ford EcoSport?
11.03.2016
ფეისლიფტი? თითქმის შეუმჩნეველია. თუმცა მაინც მნიშვნელოვანი რამ მოხდა

როგორც ირკვევა, ”ფორდის” ამ პატარა ქროსოვერზე უკან დამაგრებულ სათადარიგო საბურავს მარტო ექსპერტები კი არ ვუყურებდით ამრეზით, არამედ კლიენტებიც. ჰოდა, ”ფორდშიც” თქვეს, კლიენტი ყოველთვის მართალიაო და EcoSport-ს ეს საშინელება მოაშორეს. სამაგრი მოშორდა, ხვრელები დაიხურა.

Auto Bild

ასე რომ, თუ თქვენ EcoSport-ს შეიძენთ, ამის გაკეთება თავად აღარ მოგიწევთ, რადგან ეს ავტომობილი ამიერიდან უამისოდაც იწარმოება. თანაც, ვინც სათადარიგო საბურავის ასეთ მიმაგრებაზე უარს იტყვის, შეუძლია, უკანა ხედვის კამერაც შეუკვეთოს - თუკი, რაღა თქმა უნდა, პარკინგ-სენსორების სიგნალები არ ჰყოფნის. ამას დაემატა ნავიგაციის სისტემის ფერადი ეკრანიც ცენტრალურ კონსოლზე. პლუს, ავტომობილი ცოტა უფრო მეტად სპორტულიც გახდა - ბოლოს და ბოლოს, მანქანას ხომ EcoSport ჰქვია. მართალია, ერთი სანტიმეტრით დადაბლებას ვერც შეამჩნევ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ახალი საბურავებით, უფრო ხისტი სავალი ნაწილითა და უფრო მგრძნობიარე მოხვევის სისტემით ეს SUV მნიშვნელოვნად უფრო მანევრულ-დინამიკური გახდა.

Auto Bild

კონცეფციას ნამდვილად უხდება 1,0 EcoBoost ძრავაც. ამ 3-ცილინდრიან აგრეგატზე ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და ახლა დეტალურად აღარ ვისაუბრებთ - უბრალოდ გაგახსენებთ, რომ 1,0 EcoBoost-ს ყოველთვის და ყველა მანქანაში ვაქებდით ხოლმე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორია საწვავის ხარჯის დაპირება 5,4 ლიტრი 100 კილომეტრზე? თუმცა რაკიღა კლიენტები იმასაც ამბობდნენ, ამ მანქანაში ცოტა მეტი სიმძლავრე არ გვაწყენდაო, ”ფორდმა” თავისი ერთლიტრიანი EcoBoost-ის სიმძლავრე 140 ცხენის ძალამდე აწია - ამას კომპლექტაცია S-ში მიიღებთ, რაც თეორიულად Sport-ს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ მანქანას ხომ ისედაც EcoSport ჰქვია.Auto Bild
  • Ford EcoSport 1.0 EcoBoost
ძრავა: 3-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 999 სმ3; სიმძლავრე: 92 კვტ (125 ცხ. ძ.)/ 6000; ბრუნის მომენტი: 170 ნმ/1400; მაქს. სიჩქარე: 180 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 12,7 წამში; ამძრაობა: წინა; გად. კოლოფი: 5-საფეხურიანი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4017/1765/1650 მმ; საბარგულის მოცულობა: 333-1238 ლიტრი; საწვავის ხარჯი (EU): 5,4 ლ. Super/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 125 გ/კმ; ფასი: 18 000 ევროდან

დასკვნა
დიდი შედეგი მცირე ჩარევით: Ford EcoSport-ის მეხუთე საბურავი ძალიან ბევრს არ მოწონდა. ”ფორდმა” სწორედ ასეთ კლიენტებზე იზრუნა. გარდა ამისა, ამერიკელთა მინი-SUV უფრო სპორტულიც გახდა - ძალიანაც კარგი.
ულრიხ საფერლინგი

ასევე იხილეთ:
ამერიკის სიამაყე
Auto Bild

პიკაპის ტიუნინგი ამერიკულად - Ford F-150
Auto Bild

8 ცილინდრი და ალილუია
Auto Bild